close

კვლევები

კვლევები

კვლევა: გასახდომი ინიექციების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ადამიანები ოთხჯერ სწრაფად იბრუნებენ წონას, ვიდრე ისინი, ვინც დიეტას წყვეტს

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭარბ წონას გასახდომი ინიექციებით ებრძვიან, მკურნალობის დასრულების შემდეგ დაკარგულ კილოგრამებს ოთხჯერ სწრაფად იბრუნებენ, ვიდრე ისინი, ვინც დიეტას ან ფიზიკურ ვარჯიშს წყვეტს.

British Medical Journal-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ჭარბწონიანი ადამიანები ინიექციების გამოყენებისას სხეულის მასის მეხუთედს კარგავენ, მაგრამ ინიექციების შეწყვეტის შემდეგ თვეში დაახლოებით 0,8 კილოგრამს იმატებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საწყის წონას 1,5 თვეში დაუბრუნდებიან.

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგი არა რეალურ მონაცემებს, არამედ სამედიცინო ტესტებს ეფუძნება და ინიექციების გრძელვადიანი შედეგის შესასწავლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მეცნიერებმა 37 კვლევის შედეგები შეისწავლეს, რომლებშიც 9 ათასზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა და პოპულარული ინიექციების გამოყენებით მიღწეული შედეგები ტრადიციულ დიეტებსა და აბების მიღებას შეადარეს. მათ შორის ახალი ინიექციების მეშვეობით მკურნალობას მხოლოდ 8 კვლევა სწავლობდა, დაკვირვების პერიოდი კი წამლის მიღების შეწყვეტიდან მხოლოდ ერთწლიან პერიოდს მოიცავდა, ამიტომ მიღებული მონაცემები უნდა განიხილოს როგორც დაახლოებითი.

სპეციალისტები ასევე აცხადებენ, რომ დიეტის მეშვეობით ადამიანები ნაკლებ წონას კარგავენ, ვიდრე ინიექციების შემთხვევაში, მაგრამ დიეტის შეწყვეტის შემდეგ წონა უფრო ნელა ბრუნდება – დაახლოებით 0,1 კილოგრამი თვეში, თუმცა ესეც ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიჰუმანიტარული მეცნიერებები

არქეოლოგებმა ინდონეზიაში კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე უძველესი კლდის ნახატი იპოვეს. ლიანგ მეტანდუნოს გამოქვაბულში ნაპოვნი ხელის ტრაფარეტული გამოსახულება სულ მცირე 67,8 ათასი წლისაა.

ნახატი წარმოადგენს ხელის მტევნის მკრთალ კონტურს, ვიწრო და წაწვეტებული თითებით. მისი შექმნის ტექნიკა კედელზე მიბჯენილ ხელზე პირიდან საღებავის შესხურებას ითვალისწინებდა. მეცნიერთა აზრით, თითების უჩვეულო ფორმა წინასწარ იყო განზრახული და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ტრაფარეტი მოგვიანებით შესრულებულ ცხოველთა გამოსახულებებს შორის აღმოაჩინეს.

გამოსახულების სირთულე მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა Homo sapiens-ის მიერ იყოს შესრულებული, თუმცა მკვლევრები არ გამორიცხავენ ადამიანის სხვა სახეობების, მაგალითად, ნეანდერტალელების ან დენისოველების მონაწილეობას.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შვილიშვილები ხანდაზმულ ადამიანებს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარებიან

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები გაცილებით ნელა კარგავენ კოგნიტიურ უნარებს, თუ შვილიშვილებთან ხშირად ურთიერთობენ. კვლევის შედეგები ჟურნალში Psychology and Aging გამოქვეყნდა.

ნიდერლანდების ტილბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები 6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 3 ათას ხანდაზმულს, რომელთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო. პენსიონერებს რეგულარულად უტარებდნენ გამოკითხვებს და კოგნიტიურ ტესტებს მახვილგონიერებისა და მეხსიერების შესამოწმებლად.

აღმოჩნდა, რომ პენსიონერები, რომლებიც დროს შვილიშვილებთან ერთად ატარებენ, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და სწრაფად მეტყველების უნარს. ამასთან, ურთიერთობის სიხშირესა და ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.

მაგალითად, ზოგიერთ პენსიონერს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს, დაკვირვების პერიოდში მეტყველების სისხარტის დონე თითქმის არ შეუმცირდა. ამავდროულად, მათ თანატოლებში, რომლებსაც ახალ თაობასთან კონტაქტი არ ჰქონდათ, ეს მაჩვენებელი თითქმის 4%-ით დაეცა.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ეს ეფექტი უფრო მეტად ქალებისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე კაცებისთვის. ფსიქოლოგების აზრით, ეს იმითაა განპირობებული, რომ შვილიშვილების აღზრდა უფრო ხშირად ბებიებს ეკისრებათ, რომლებიც, როგორც წესი, პროცესში უფრო მეტად არიან ჩართულები, ვიდრე პაპები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: წერა, კითხვა და ენების სწავლა დემენციის რისკს 40%-ით ამცირებს

მუდმივი ინტელექტუალური აქტივობა, მათ შორის წერა, კითხვა და უცხო ენების შესწავლა, დემენციის განვითარების ალბათობას თითქმის 40%-ით ამცირებს, – ასეთ დასკვნამდე ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარეს.

დემენცია გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მედიკოსების პროგნოზით, საუკუნის შუა პერიოდისთვის ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა გასამმაგდება და 150 მილიონს გადააჭარბებს, რაც სოციალური უზრუნველყოფის სისტემებზე უპრეცედენტო დატვირთვას შექმნის.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გონებრივი სტიმულაციის მქონე აქტივობებში ჩართულობა პირდაპირ კავშირშია ალცჰაიმერის დაავადების დაბალ რისკთან და კოგნიტიური ფუნქციების შენელებულ გაუარესებასთან.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კოგნიტიური ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკში დიდწილად დამოკიდებულია მთელი ცხოვრების განმავლობაში ინტელექტუალურად მდიდარი გარემოს ზემოქმედებაზე“, – აღნიშნა კვლევის ავტორმა ანდრეა ცამიტმა.

კვლევის ფარგლებში, სპეციალისტები აკვირდებოდნენ თითქმის 2000 ადამიანს, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელი იყო და თავიდან კოგნიტიური დარღვევები არ აღენიშნებოდათ. 8 წლის განმავლობაში მონაწილეები ავსებდნენ კითხვარებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – ახალგაზრდობაში, სიმწიფესა და სიბერეში მათ გონებრივ აქტივობას აფასებდა.

კვლევის მიმდინარეობის პერიოდში ალცჰაიმერის დაავადება 551 ადამიანს განუვითარდა, ხოლო 719-ს – მსუბუქი კოგნიტიური დარღვევა.

ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ინტელექტუალური აქტივობის მქონე ჯგუფების შედარებამ მკვეთრი კონტრასტი აჩვენა: პირველ ჯგუფში ალცჰაიმერი მონაწილეთა 21%-ს განუვითარდა, მაშინ როცა მეორეში ეს მაჩვენებელი 34% იყო.

ასაკისა და განათლების დონის გათვალისწინების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მაღალი ინტელექტუალური აქტივობა ალცჰაიმერის დაავადების რისკს 38%-ით, ხოლო მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების რისკს 36%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ინტელექტუალურად ყველაზე აქტიურ ადამიანებში ალცჰაიმერის დიაგნოსტირება საშუალოდ 94 წლის ასაკში ხდებოდა, რაც 5 წლით გვიანია, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ჯგუფში. მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების განვითარების დაყოვნებამ კი 7 წელი შეადგინა.

იმ მონაწილეთა მონაცემების ანალიზმა, რომლებსაც ავტოფსია ჩაუტარდათ, ასევე აჩვენა, რომ მაღალი ინტელექტუალური აქტივობის მქონე ადამიანებს სიცოცხლის ბოლომდე უკეთ ჰქონდათ შენარჩუნებული მეხსიერება და აზროვნება, ხოლო მათი გაუარესების პროცესი სიკვდილის წინ გაცილებით ნელა მიმდინარეობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

რუმინეთში აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს

რუმინელმა მკვლევრებმა სკერიშოარას მღვიმეში ბაქტერიის უძველესი შტამი იპოვეს, რომელიც თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია.

ჟურნალის Frontiers in Microbiology ცნობით, ბაქტერია Psychrobacter SC65A.3 ხუთი ათასი წლის წინანდელ ყინულის ნალექებში აღმოაჩინეს. ამ შტამს ერთდროულად 10 თანამედროვე ანტიბიოტიკისთვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და ფლობს 100-მდე გენს, რომლებიც ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციაზეა პასუხისმგებელი.

რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, კრისტინა პურკერიამ აღნიშნა, რომ თუ ყინულის დნობა მსგავს ბაქტერიებს გამოათავისუფლებს, მათ სხვა მიკრობებში გავრცელება შეეძლებათ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს წამლების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის პრობლემას.

მკვლევრის თქმით, უძველესი მიკრობების შესწავლა მეცნიერებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ჩამოუყალიბდათ მათ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა მანამ, სანამ ადამიანი ამ მედიკამენტების მასობრივ გამოყენებას დაიწყებდა.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ბრიტანეთში გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის შედეგად პირველი ბავშვი გაჩნდა. გრეის ბელმა პატარა ბიჭი სახელად ჰუგო 10 კვირის წინ გააჩინა. ის და მისი პარტნიორი სტივ პაუელი ამბობენ, რომ მათი შვილის დაბადება უბრალოდ სასწაულია.

ბელი ერთ-ერთია იმ 5 ათასამდე ქალისგან ბრიტანეთში, რომლებიც საშვილოსნოს გარეშე, მაგრამ საკვერცხეებით დაიბადნენ. 16 წლის ასაკში მას უთხრეს, რომ საკუთარ შვილებს მუცლით ვერასოდეს ატარებდა.

ბელი მონაწილეობას იღებს კლინიკურ კვლევაში, რომელიც ასეთი ქალებისთვის საშვილოსნოს ტრანსპლანტაციას ითვალისწინებს. ქვეყანაში უკვე 10 ასეთი ოპერაცია ჩატარდა, თუმცა გადანერგვის შედეგად ბავშვი პირველად გაჩნდა. გრეისი და სტივი დონორის ოჯახს ორგანოს დონაციისთვის მადლობას უხდიან და ამას „საოცარ საჩუქარს“ უწოდებენ.

სპეციალისტები ჰუგოს დაბადებას გარღვევად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია გრეისის მსგავსი დიაგნოზის მქონე ქალებს იმედი მისცეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დიდი გარღვევა ოსტეოართრიტის მკურნალობაში – მეცნიერებმა ასაკით დაზიანებული სახსრების ხრტილები აღადგინეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა, ხრტილების დაკარგვა, რომელიც ასაკთან ერთად მოდის, გამოწვეულია ერთი ცილით. აღმოჩენა მიუთითებს მკურნალობის მეთოდებზე, რომლებმაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ხანდაზმულებში აღადგინოს მოძრაობის უნარი და შეამსუბუქოს დისკომფორტი.

წინა კვლევებში, ცილა 15-PGDH ფართოდ დაკავშირებული აღმოჩნდა დაბერებასთან — ასაკთან ერთად, მისი რაოდენობა იმატებს და ხელს უშლის მოლეკულებს, რომლებიც ქსოვილებს აღადგენენ და ანთებას ამცირებენ.

ამან მეცნიერები აიძულა განეხილათ, შესაძლოა თუ არა 15-PGDH ჩართული იყოს ოსტეოართრიტში — დაავადებაში, რომელშიც სახსრებზე დატვირთვა განაპირობებს ხრტილში კოლაგენის დაშლას, რაც ანთებას და ტკივილს იწვევს.

ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებულ ცდებში, 15-PGDH ინჰიბიტორის (მბლოკავი) შეყვანის შემდეგ, მუხლის გაცვეთილი ხრტილი კვლავ გასქელდა. ახალგაზრდა თაგვებზე ჩატარებულ ასეთივე ცდებში, ინჰიბიტორმა ისინი დაიცვა ტრავმით გამოწვეული ოსტეოართრიტის ჩვეულებრივი ეფექტებისგან.

როდესაც მკვლევრებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების ეკვივალენტი და შემდეგ უმკურნალეს, ოსტეოართრიტი აღარ განვითარდა, რაც როგორც წესი, მოსალოდნელია ხოლმე ამ სახის სამოდელო თაგვებში.

ხრტილის აღდგენის წინა მცდელობები მოიცავდა ღეროვანი უჯრედების გამოყენებას — ფაქტორს, რომელიც უკვე აღარაა საჭირო, როცა ცილა 15-PGDH დაბლოკილია. ამის ნაცვლად, ქონდროციტი უჯრედები, რომლებიც ხრტილებს წარმოქმნიან და ინარჩუნებენ — გარდაიქმნა ჯანმრთელ, უფრო გამოსადეგ ფორმაში.

„ეს გახლავთ ზრდასრული ქსოვილის რეგენერაციის ახალი გზა და მნიშვნელოვანი კლინიკური პერსპექტივა აქვს დაბერებით ან დაზიანებით გამოწვეული ართრიტის სამკურნალოდ. ჩვენ ღეროვან უჯრედებს ვიკვლევდით, მაგრამ ისინი აქ აშკარად არ არიან ჩართული. ძლიერ ამაღელვებელი ამბავია“, — ამბობს მიკრობიოლოგი ჰელენ ბლაუ.

დამუშავებულ თაგვებს უფრო სტაბილური სიარული ჰქონდათ, რაც მიუთითებს, რომ განიცდიდნენ ნაკლებ ტკივილს; ასევე, დაზიანებულ ფეხებზე იტანდნენ უფრო მეტ წონას — ნიშანი იმისა, რომ ხრტილის აღდგენა ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უტოლდებოდა.

ასეთივე ექსპერიმენტი სცადეს იმ ადამიანებისგან აღებული ქსოვილების ნიმუშებზე, რომლებსაც მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული. აქაც დაფიქსირდა აღდგენის მკაფიო ნიშნები, ხრტილი გახდა უფრო მაგარი და აღენიშნებოდა ანთების მხოლოდ მცირე ნიშნები.

„მექანიზმი ფრიად გასაოცარია და ნამდვილად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ქსოვილის აღდგენის გზების შესახებ. აშკარაა, რომ ხრტილში უკვე არსებული უჯრედების დიდი რაოდენობა ცვლის მათი გენის ექსპრესიის მახასიათებლებს. აღდგენისთვის ამ უჯრედების მიზანში ამოღებით, შესაძლოა, კლინიკურად უფრო დიდი საერთო გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს“, — ამბობს ორთოპედიული მეცნიერი ნიდჰი ბჰუტანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ამ მიმართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს ეფექტიან სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც უკუაქცებს ართრიტით ან ასაკით გამოწვეულ დაზიანებას. შეიძლება წინ გველოდება მომავალი, რომელშიც საჭირო აღარ იქნება თეძოსა და მუხლის ჩანაცვლების ქირურგიული ოპერაციები.

ოსტეოართრიტის ამჟამინდელი მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ სახსრების ჩანაცვლებით ან ტკივილის მართვით. მიუხედავად ბოლო წლებში იმედისმომცემი კვლევებისა, ჯერ მაინც არაფერი გვაქვს, რომელიც ამ დაავადების გამომწვევ მიზეზს აღმოფხვრის.

შემდეგი ნაბიჯი უნდა მოიცავდეს კლინიკურ ცდებს. კუნთების დასუსტების წინააღმდეგ 15-PGDH მბლოკავის გამოყენებაზე ჩატარებულმა წინა ცდამ ვერ გამოავლინა რაიმე საფრთხე ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ასეთი პრეპარატების ცდების პროცესს დააჩქარებს.

მომზადებულია news.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა ხდება ორგანიზმში, რაციონიდან მარილის ამოღების შემდეგ – ექიმების რეკომენდაცია

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი საკვებს მარილს არ ამატებს მის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები – პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

კალორიების მიღების 30%-ით შემცირება თავის ტვინის დაბერებას მნიშვნელოვნად ანელებს — ახალი კვლევა

კალორიებით შეზღუდულმა კვების რაციონმა შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივად ხდება ტვინში. ამაზე მიუთითებს მაკაკა რეზუსებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ასევე შეიძლება რელევანტური აღმოჩნდეს თავის ტვინის ისეთი დაავადებისთვის, როგორიც არის ალცჰაიმერი.

ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 24 ისეთი მაკაკა რეზუსის (Macaca mulatta) თავის ტვინი, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იკვებებოდნენ ან კალორიებით შეზღუდული ან ჩვეულებრივი რაციონით.

ასეთი დიდი დროის მანძილზე წარმოქმნილ სხვაობათა საფუძველზე, იმ მაიმუნების თავის ტვინის ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც 30 პროცენტით ნაკლებ კალორიას მოიხმარდნენ, მკვლევრებმა მიაგნეს უფრო ჯანსაღი ნერვული კომუნიკაციისა და დაცვის ნიშნებს.

ეს აღმოჩენა ემატება იმას, რაც უკვე ვიცით შეზღუდული კალორიების მქონე რაციონის შესახებ: იმის გამო, რომ ასეთი რაციონი სხეულს სამუშაოდ უფრო ნაკლებ საწვავს აწვდის, მეტაბოლიზმი უფრო ეფექტიან რეჟიმში გადაჰყავს, რაც როგორც ამ კვლევაში გამოჩნდა, იცავს მას იმ უჯრედული ცვეთისაგან, რაც როგორც წესი, ასაკთან ერთად ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა კარგად დამკვიდრებული ჩარევაა, რომელსაც შეუძლია ბიოლოგიური დაბერების შენელება და შეიძლება ასაკთან დაკავშირებულ მეტაბოლურ ცვლილებებსაც ამცირებდეს ხანმოკლე ექსპერიმენტულ მოდელებში, ეს კვლევა გვთავაზობს იშვიათ, გრძელვადიან მტკიცებულებას იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა ასევე შეიძლება თავის ტვინს იცავდეს დაბერებისგან უფრო კომპლექსურ სახეობებში“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ანა ვიტანტონიო.

ჯგუფი ფოკუსირებული იყო კონკრეტულად მიელინზე, თავის ტვინის ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებულ ცხიმოვან საფარზე, რომელიც მათ იცავს და აჩქარებს ერთმანეთს შორის კომუნიკაციას. ტვინის დაბერებასთან ერთად, მიელინი დეგრადირდება, რასაც შეუძლია ანთების გამოწვევა.

მაიმუნებში, რომლებიც შეზღუდული კალორიების მქონე რაციონით იკვებებოდნენ, ძლიერი ნიშნები იყო იმისა, რომ ტვინში, ნერვების გარშემო მიელინის საფარი უკეთეს მდგომარეობაში იყო — მიელინთან დაკავშირებული გენები უფრო აქტიური იყო და მიელინის წარმოებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული მთავარი მეტაბოლური გზები უკეთესად ფუნქციონირებდა.

ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ მიელინის მწარმოებელი და მისი ჯანსაღად შემანარჩუნებელი უჯრედები მუშაობდნენ უფრო ეფექტიანად; შედეგად, შეჩერებული იყო დაბარების ის ზოგიერთი ნიშანი, რაც აღინიშნებოდა სტანდარტულ რაციონზე მყოფ მაიმუნებში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უჯრედულ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენები, რომლებიც დაკავშირებულია შემეცნებასთან და სწავლასთან“, — ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ტარა მური.

როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილი, წლებთან ერთად, დეგრადირდება ტვინის მექანიზმიც. ზოგ შემთხვევაში, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი მექანიზმები რეალურად ირღვევა და მავნე ხდება, რაც იწვევს ნეიროანთებას.

სწორედ ამიტომ არის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები სიბერეში უფრო მეტად მოსალოდნელი — რადგან ტვინის უჯრედები უარეს მდგომარეობაში არიან და მათმა ზედმეტად აქტიურობამ შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე ზიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასაკთან ერთად გაუარესებულია ნერვულ უჯრედთა დამცავი გარსი.

ბოლო წლებში, მეცნიერებმა ხელახლა დაიწყეს ალცჰაიმერის დაავადებასა და მიელინის დაქვეითებას შორის კავშირის კვლევა, რითაც მიიღეს მიელინის დაშლის ექსპერიმენტული მტკიცებულება სწრაფი კოგნიტური დაქვეითების მქონე ადამიანთა სკანირების მონაცემებში. ეს კვლევა იძლევა კიდევ ერთ მინიშნებას და შესაძლო ინტერვენციის გზას — კვების რაციონის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა შედარებით მცირე რაოდენობის მაიმუნებზე ჩატარდა, მათ ტვინს უამრავი მსგავსება აქვს ადამიანის ტვინთან და შესაბამისად, კარგი მიზეზია ვიფიქროთ, რომ შედეგები ადამიანებშიც იგივე იქნება, რაც უკვე შემდეგი კვლევების საქმეა.

„კვების ჩვევები შეიძლება გავლენას ახდენდეს თავის ტვინის ჯანმრთელობაზე; ცოტა კალორიის მიღება შეიძლება ანელებდეს ტვინის დაბერების ზოგიერთ ასპექტს გრძელვადიან პერსპექტივაში“, — ამბობს მური.

როგორც სხვა კვლევებიდან ვიცით, კვების რაციონის გარდა, ტვინის დაბერებაზე სხვა მრავალი ფაქტორიც ახდენს გავლენას, მათ შორის, ძილის ხარისხი და ენების სწავლა.

კვლევა Aging Cell-ში გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა 117 წლის ქალის დნმ-ი გაშიფრეს და გაოცებულები დარჩნენ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენეტიკური და ბიოლოგიური თავისებურებები, რომლებიც შეიძლება ხსნიდეს ესპანელი მარია ბრანიასის ფენომენალურ დღეგრძელობას – მან 117 წელი იცოცხლა და ამავდროულად გასაოცრად კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნა, – წერს Indian Defence Review.

ახალი გენეტიკური კვლევა, რომელიც ჟურნალში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა, ბარსელონაში მდებარე კარერასის ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ქალის სისხლის, ნერწყვის, განავლისა და შარდის სრული ანალიზი გააკეთეს და დაადგინეს, რომ მისი ორგანიზმის მრავალი უჯრედული მარკერი რეალურ ასაკთან შედარებით ათწლეულებით „უმცროსად“ გამოიყურებოდა. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ჯანმრთელი დაბერებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზების აღმოჩენაში შეიძლება დაგვეხმაროს.

აღნიშნულია, რომ ბრანიასს ჰქონდა ანთებითი პროცესების უფრო დაბალი დონე, უკეთესი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა, ვიდრე მასზე რამდენიმე ათეული წლით უმცროს ადამიანებს. მისი ნაწლავის მიკრო ფლორაც მაღალი მდგრადობით გამოირჩეოდა. მიღებული შედეგები მიუთითებს იშვიათ გენომურ პროფილზე, რომელიც ქალს ასაკობრივი დეგრადაციისგან იცავდა.

„ადამიანის უკიდურესად ხანგრძლივი სიცოცხლე, რომლის მაგალითსაც სუპერდღეგრძელები წარმოადგენენ, დაბერების გააზრებაში ერთგვარი პარადოქსია: მიუხედავად სიბერისა, ისინი შედარებით კარგ ჯანმრთელობას ინარჩუნებენ“, – წერენ მკვლევრები.

სრულად ნახვა
1 2 3 114
Page 1 of 114