close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

რა არის SWIFT და რა ელის რუსეთს, ამ სისტემიდან გამოთიშვით?

როგორც ვიცით, დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას დარტყმა
მიაყენა.  საინტერესოა, რა არის SWIFT და ამ სისტემიდან გამოთიშვა  როგორ აისახება ეს რუსეთზე.
SWIFT არის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, რომელიც
დაარსდა ბელგიაში, 1973 წელს. მთელ მსოფლიოში ის არის ტრანზაქციების შემსრულებელი და
შუამავალი ბანკებს შორის. SWIFT ფუნქციონირებს როგორც უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემა
200-ზე მეტი ქვეყნის 11 000 ფინანსურ ინსტიტუციას შორის. სისტემა მონაწილეობს ფულის
უსაფრთხო მიმოცვლაში.
დასავლეთის აზრით, SWIFT ფინანსური სისტემიდან გამორიცხვა იქნება ყველაზე მკაცრი სანქცია,
რომელიც რუსეთის ეკონომიკას მკვეთრად დააზარალებს არა მხოლოდ გრძელვადიან
პერსპექტივაში. რუსეთი ჩამოშორებით ვეღარ შეძლებს აწარმოოს საერთაშორისო ფინანსური
ტრანზაქციები, მათ შორის, ნავთობისა და გაზის წარმოება-ექსპორტთან დაკავშირდებით, რაც
ქვეყნის შემოსავლის 40%-ზე მეტს შეადგენს.
2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დაიწყო საუბარი SWIFT-იდან
რუსეთის გათიშვაზე, მან დაიწყო მუშაობა საკუთარი ფინანსური ტრანსფერის სისტემის შექმნაზე,
სახელად SPFS. თუმცა, ამჟამად სისტემას მხოლოდ 400 მომხმარებელი ჰყავს.
SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რადგან გარიცხვა დიდ ზიანს
მიაყენებს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ სხვა ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობასაც.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა არის ბირთვული იარაღი და რატომ ვერ გამოიყენებენ მას მარტივად?

რუსეთ-უკრაინის ომმა ერთი საკითხი გააქტიურა — რა მოხდება, თუ ბირთვული იარაღი აფეთქდება? ცხადია, ამან საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია და ყველამ დაიწყო იმ სამყაროზე ფიქრი, რომელშიც რუსეთი ატომურ ომს იწყებს. დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს ისეთი “მარტივი” არ არის, როგორც ვფიქრობთ.

“ვფიქრობ, ამ ვითარებაში ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. პუტინის განცხადება მხოლოდ ერთგვარი დასაშინებელი სიგნალია სხვა ქვეყნებისთვის”, — ამბობს ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი, მეთიუ ბანი. ამასთან, ყველა ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების თავისი პოლიტიკა აქვს. მაგალითად, აშშ-ისთვის, მისი გააქტიურება მხოლოდ თავდაცვას მოიაზრებს — თუ სხვა სახელმწიფო დააპირებს იმავე გზით თავდასხმას.

რა არის ბირთვული იარაღი?

ბირთვული იარაღი ფეთქებადი მოწყობილობაა, რომელშიც ენერგიის წყაროს ბირთვული რეაქცია წარმოადგენს.

ჯერ კიდევ 1911 წელს ერნესტ რუთერფორდმა აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული, თავად ბირთვი კი პოზიტიურად არის დამუხტული და გარშემორტყმულია ნეგატიური ელექტრონებით. სწორედ ამ დებულებამ ჩაუყარა საფუძველი ატომური სტრუქტურის კვლევას. საბოლოოდ კი, ნილს ბორმა აღწერა ატომის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც უარყოფითი ელექტრონები გარსში მდებარეობს პოზიტიური ბირთვით, ხოლო თვითონ ბირთვი პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგება.

საბოლოოდ, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე მივდივართ, სადაც E= mc— ანუ, შესაძლებელია, მასა გადავაქციოთ ენერგიად. უშუალოდ ბომბის შექმნა კი მანჰეტენის პროექტს უკავშირდება, რაზეც სწორედ ალბერტ აინშტაინის წერილმა იქონია გავლენა. მის თანახმად, ატომური ჯაჭვის რეაქციის წარმოქმნა ურანიუმის მასის დიდი რაოდენობით იყო შესაძლებელი. ასე რომ, რუზველტმა პროექტის განვითარებას ხელი შეუწყო. 1945 წლის 16 ივნისს კი პირველი ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოში წარმატებით გამოცადეს.

ბირთვული აფეთქების “წესები”

ბირთვული იარაღის გამოცდა და შესაბამისი მახასიათებლების შემოწმება ბირთვული აფეთქების გზით ხდება. გარემოს დაცვის მიზნით, 1963 წელს საბჭოთა კავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის დიადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კოსმოსში და წყლის ქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდა იკრძალება. 1973 წელს კი დამატებითი ხელშეკრულება დაიდო სსრ კავშირსა და აშშ-ის შორის, რაც მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდის შეზღუდვას ეხებოდა.

ატომური ბომბის გამოყენების შემთხვევები

გამოცდიდან მალევე, 1945 წლის 6 აგვისტოს, 8 საათსა და 15 წუთზე ჰიროსიმაში ბომბდამშენმა, სახელად Enola Gay ატომური ბომბი ჩამოაგდო. ეს ომში ატომური ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. განმეორებითი შემთხვევა კი 9 აგვისტოს ნაგასაკიში მოხდა.

მართალია, ამ ყველაფრის შედეგად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, როდესაც 2 სექტემბერს იაპონიამ მოკავშირეების წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ მიღებული ზიანი ძალიან შემაძრწუნებელი აღმოჩნდა.

გარდა იმისა, რომ ორ დაბომბვას, დაახლოებით, 215 000 ადამიანი მაშინვე ემსხვერპლა, ქალაქებში რადიაციის დონემ საგრძნობლად იმატა. შესაბამისად, მომდევნო კვირებში, თვეებსა და წლებში ატომური ბომბის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა…

ატომური ბომბი, როგორც თავდასხმისა და თავდაცვის საშუალება

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია “უსაფრთხოების დილემის” შესახებ — თუ ერთი სახელმწიფო, რაიმე მექანიზმის შემუშავებით, სხვას საფრთხის შეგრძნებას უძლიერებს, მეორე სახელმწიფოც ზრუნავს მასზე მძლავრი იარაღის შექმნაზე. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა.

სწორედ ამ უსაფრთხოების დილემამ განაპირობა ის, რომ აშშ-ისა და რუსეთის პარალელურად, ბირთვული იარაღის ფლობა სხვა ბევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა. მსოფლიოს ბირთვული იარაღის თითქმის 90 პროცენტი ამ ორ ქვეყანას ეკუთვნის. მათ შემდეგ მოდიან ჩინეთი და საფრანგეთი. ხოლო დღეისათვის დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდი ბირთვული იარაღის მფლობელია. ასევე, ბირთვული იარაღი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ისრაელი, პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა.

საყურადღებოა უკრაინის შემთხვევაც… როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე დიდი ატომური არსენალი დარჩა, უკრაინელებმა, შეთანხმების საფუძველზე, ამ იარაღზე უარი განაცხადეს. საინტერესოა, წლების წინ ქვეყანას უარი რომ არ ეთქვა, რამდენად დაიმუქრებოდა პუტინი.

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ატომურმა იარაღმა, შიშთან ერთად, უსაფრთხოების განცდაც დანერგა…  მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსგავსი კონფლიქტი არ გვინახავს. რატომ? ალბათ, სწორედ იმ მიზეზით, რომ ვერავის შეაშინებ ისეთი მექანიზმით, რომელიც სხვასაც აქვს.

სხვა საკითხს წარმოადგენს ამ იარაღისგან დამცავი პროდუქტების შექმნა, რის მაგალითსაც უკვე გვთავაზობს აშშ, თავისი Boeing E-4B-ით. ახლა მთავარი აქცენტი იმაზე გადადის, თუ ვინ შეძლებს ერთი მეორისგან დაიცვას…

რამდენად ხანგრძლივი და კომპლექსური ეტაპებია საჭირო ატომური ბომბის გასაშვებად?

რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტს საკმარისი ავტორიტეტი გააჩნია იმისთვის, რომ ატომური ბომბის აფეთქება მოითხოვოს… თუმცა ამას რამდენიმე კრიტიკული ეტაპი მოსდევს. პირველ რიგში, პრეზიდენტი მაღალ სამხედრო მრჩევლებს ხვდება. ჩვეულებრივ, შეხვედრა სიტუაციურ ოთახში იმართება. ხოლო თუ პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში იმყოფება, ზარი უსაფრთხო ხაზით იმართება და ბრძანება სპეციალური კოდით მოწმდება (რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული).

შემდეგ პრეზიდენტი იღებს “biscuit”-ს — ლამინირებულ ბარათს, რომელიც მას მუდამ თან დააქვს. ქუქი-ფაილს შესაბამისი პასუხი აქვს გამოწვევის კოდზე. შემდეგ პენტაგონი გადასცემს დაშიფრულ შეტყობინებას სარაკეტო ეკიპაჟებს. იგი მოიცავს ომის გეგმას,
“დალუქული ავტორიზაციის სისტემისა” (SAS) და რაკეტების გაშვების რეალურ კოდებს. შემდეგ საკეტის SAS კოდებს შეტყობინებაში შეტანილ SAS კოდებს ადარებენ.

წყალქვეშა ნავიდან გასროლისას კაპიტანი, მთავარი ოფიცერი და ორი სხვა ადასტურებს გაშვების ბრძანებას. შეკვეთის მიღებიდან თხუთმეტ წუთში რაკეტები სრულ მზადყოფნაშია.

მიწიდან სროლისას 50 რაკეტას აკონტროლებს 5 გამშვები ეკიპაჟი. თითოეული ეკიპაჟი “ხმას აძლევს” გაშვებას, კლავიშების ერთდროულად გადაბრუნებით. არსებობს ხუთი განსხვავებული გასაღები, მაგრამ რაკეტების გასაშვებად საჭიროა მხოლოდ ორი გადაბრუნება… საბოლოო დასტურს კი კვლავ პრეზიდენტის ბრძანება წარმოადგენს.

ავტორი: ქეთია ბელქანია

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კალიუმის იოდიდის (KI) გამოყენება რადიაციული საფრთხის დროს

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ყველა სხვა საშიშროებასთან ერთად, რადიაციულ საფრთხეზეც დავიწყეთ ფიქრი. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რუსული ჯარები ჩერნობილში შეიჭრნენ და საზოგადოებას ახალი ეკოლოგიური კატასტროფის შიში გაუჩნდა.

იმისათვის, რომ ეს განცდა მეტნაკლებად გავანეიტრალოთ და შიშის ნაცვლად, მზაობა ვიგრძნოთ, საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) 2001 წლის რეკომენდაციას გაგიზიარებთ. ამ უკანასკნელის თანახმად, რადიაციული საგანგებო მდგომარეობის დროს ევაკუაციასა და თავის შეფარებასთან ერთად, კალიუმის იოდიდის (KI) დანამატი უნდა მივიღოთ. 

რა არის კალიუმის იოდიდი?

კალიუმის იოდიდი (KI) წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური იოდის (რადიოიოდის) მოსალოდნელი რადიაციული ზემოქმედებისგან დასაცავად გამოიყენება. რადგანაც იოდის ათვისება ფარისებრი ჯირკვლის მიერ ხდება, რადიოიოდით დაბინძურებულ ჰაერს ან საკვებს აღნიშნული ჯირკვლის რადიაციული დაზიანება შეუძლია. ეს კი სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.

ამ ზემოქმედების გასანეიტრალებლად, გამოიყენება KI — მისი მიღების შემდეგ  ფარისებრი ჯირკვლის სტაბილური (არა-რადიოაქტიური) იოდით გაჯერება ხდება. შედეგად, რადიოდის ათვისება ფერხდება ან მისი რაოდენობა ქვეითდება.

დოზირება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით

  • 0-18 წელი — 0.05 ზვ (ზივერტი)
  • ორსულები და მეძუძური დედები — 0.05 ზვ
  • 18-40 წელი — 0.1 ზვ
  • 40 წლიდან — 5 ზვ

KI-ის რეკომენდებული დოზები რისკ-ჯგუფებისთვის

  • 18 წელს ზემოთ — 130 მგ
  • 65 კგ-ზე ჭარბი წონის 12-დან 18 წლამდე მოზარდები — 130 მგ
  • 65 კგ-მდე წონის 12-დან 18 წლამდე მოზარდები — 65 მგ
  • 3-დან 12 წლამდე ბავშვები — 65 მგ
  • 1 თვიდან 3 წლამდე ბავშვები — 32 მგ
  • დაბადებიდან 1 თვემდე ბავშვები — 16 მგ

KI-ის მიღება ყველაზე ეფექტურია რადიოაქტიური იოდის ზემოქმედებამდე, ან უშუალოდ ზემოქმედების შემდეგ — მაქსიმუმ, 3-4 საათის ვადაში. მისი მოქმედება კი 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ლოკალური ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ხდება გაფრთხილება, თუ როდემდე უნდა გაგრძელდეს KI-ის მიღება. ხოლო რადიაციის ქვეშ მყოფი არეალიდან ინდივიდის გამოსვლის შემდეგ KI-ის მიღება არ არის საჭირო.

თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ KI არ იცავს სხვა ორგანოებსა თუ ქსოვილებს, გარდა ფარისებრი ჯირკვლისა. ასევე, კალიუმის იოდიდი ორგანიზმს არ იცავს ისეთი გარე წყაროებიდან მიღებული რადიაციული დოზისგან, როგორიცაა რადიოაქტიური შლემი, მიწაში დალექილი რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედება. თანაც, იოდის გარდა, იგი არ მოქმედებს სხვა ტიპის ჩასუნთქული, ან ორალურად მიღებული რადიოაქტიური ნივთიერებების გავლენაზე.

KI-ის გვერდითი ეფექტები

ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ პოლონეთში შესაბამისი კვლევები ჩატარდა, თუ რა გვერდითი ეფექტები ახლავს კალიუმის იოდიდის მიღებას. 270 ახალშობილს, რომელსაც 15 მგ KI-ის აძლევდნენ, გარდამავალი ბიოქიმიური ჰიპერთირეოზი განუვითარდა. ზრდასრულებსა და ბავშვებში დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები მოიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს შემთხვევების, დაახლოებით, 2%-ში და გამონაყარს – დაახლოებით, 1%-ში. ასევე, კვლევის ფარგლებში იოდისადმი გაზრდილი მგრძნობელობისა და ჰოსპიტალიზაციის სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: Use of Potassium Iodide (KI) During Radiological Emergencies: Information for the Public

marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ოპტიკური ილუზია, რომელსაც სხვადასხვანაირად ვხედავთ

ტვიტერზე ახალი შავ-თეთრი ოპტიკური ილუზია გამოქვეყნდა, რომელშიც დიდი მნიშვნელობა ადამიანის ხედვაზეა დამოკიდებული. ილუზიას ჰიპნოზური ეფექტი აქვს და მაყურებლის უმეტესობა კომენტარს აკეთებს „45283“-ის დანახვაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

რეალურად, წრიულ ილუზიაში ჩაწერილია ციფრთა კომბინაცია “3452839“, მაგრამ გარკვეული ადამიანებისთვის 3-იანი და 9-იანი ნაკლებად ჩანს. ეს ფენომენი კონტრასტული მგრძნობელობითაა გამოწვეული, რაც გულისხმობს თვალის უნარს, განასხვავოს ობიექტები დაბალ, ბუნდოვან ან მბჟუტავ განათებებში.

ჩვეულებრივ, კონტრასტის მგრძნობლობა ისეთი სიმბოლოების ამოკითხვით იზომება, რომლებიც მუქი, ნაცრისფერი ფერებიდან გადადის უფრო ღია ფერებისკენ. ასე რომ, ვისაც აქვს მაღალი კონტრასტული მგრძნობელობა, სავარაუდოდ დაინახავს ყველა რიცხვს, ხოლო ვისაც ნაკლები რაოდენობა აქვს, შეიძლება დაინახოს მხოლოდ “528”, რომლებიც აქ ყველაზე გამორჩეული ციფრებია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ილუზიაში პერსონაჟია და მას საერთოდ ვერ არჩევთ, უმჯობესია, თქვენი მხედველობა ექიმმა შეამოწმოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა “გონიერია”

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ბაქტერიების, მცენარეებისა და ცხოველების კოლექტიურმა აქტიურობამ ჩვენი პლანეტა სრულად შეცვალა. მაგალითად, მცენარეთა მიერ ფოტოსინთეზის უნარის გამომუშავებამ და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფამ გარემო გარდაქმნა — ანუ, მათი ერთობლივი ქმედებით პლანეტური მასშტაბების შედეგი მივიღეთ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბიოსფეროს ამგვარმა გავლენამ თავად დედამიწა “გააცოცხლა”. თუ ეს მართლაც ასეა, რამდენად შესაძლებელია, რომ მას საკუთარი “გონი” ჰქონდეს? — სწორედ ამ კითხვაზე ცდილობენ პასუხის გაცემას მკვლევრები. მათ თავიანთი აზრითი ექსპერიმენტი International Journal of Astrobiology გამოქვეყნებულ ნაშრომში განავრცეს.

ახალი კვლევა მათ ისეთ კონცეფციებზე დააფუძნეს, როგორიცაა გაიას ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ბიოსფერო არაცოცხალ სისტემებთან (ჰაერი, წყალი, მიწა) მჭიდროდ ურთიერთქმედებს, რათა პლანეტის სიცოცხლესთან თავსებადობა შეინარჩუნოს. ეს კი ტექნოლოგიურად განუვითარებელ არამიწიერ სახეობებზეც ვრცელდება. თითქოს, ამ კონცეფციაში მარველის ფილმის ეკრანიდან არის რაღაც ამოღებული… რეალურად კი ეს შეიძლება, ისეთ გლობალურ საკითხებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ან თუნდაც არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა.

“მილიონდოლარიანი კითხვაა, თუ როგორ გამოიყურება პლანეტური გონი და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, რადგან ჯერ არ ვიცით, როგორ გადავინაცვლოთ განვითარებული ტექნოსფეროს საფეხურზე”, — აღნიშნავენ მკვლევრები.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლის ფართომასშტაბიან ქსელებს უზარმაზარი უხილავი ინტელექტის შექმნა შეუძლია, რაც მთელი პლანეტის მდგომარეობას მკვეთრად შეცვლის. მსგავსი აზრითი ექსპერიმენტები კი ადამიანებს, დიდი ალბათობით, დედამიწაზე მათი გავლენის გაგებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება. მათ ასევე სჯერათ, რომ ეს უცხოპლანეტელების ძებნაშიც გამოადგებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აქვს თუ არა წყალს მეხსიერება?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალს შესაძლოა მეხსიერება გააჩნდეს. მათ შეისწავლეს წყლის ინდივიდუალური წვეთები და დაინახეს, რომ თითოეულ წვეთს განსხვავებული მიკროსკოპული სტრუქტურა გააჩნია.
ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ყვავილი მოათავსეს წყალში, შემდეგ წვეთები ამოიღეს და დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ სტრუქტურა შეიცვალა, მაგრამ ყველა წვეთი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. სხვა ყვავილის შემთხვევაშიც წვეთის სტრუქტურა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონკრეტული ყვავილი თითოეულ წვეთში დამახსოვრებულია. წყლის სტრუქტურა ასევე შესაძლოა შიეცვალოს ნეგატიური და პოზიტიური სიტყვებისა და ფრაზების დროს.
მეცნიერების ნაწილს არ სჯერა აღნიშნული მოსაზრების, რადგან წყლის მოლეკულები მუდმივად მოძრაობენ. არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მუდმივი იქნება რაიმე გრძელვადიანი მეხსიერებისთვის, ამბობენ ისინი. გამოკვლევებით ცხადია, რომ მეხსიერების ეფექტი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა იგივე არ დაადასტურა. ფენომენი დღემდე შესწავლის პროცესშია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ფორმულა 1-ის მომდევნო სეზონებში შესაძლოა ქალი პილოტი გამოჩნდეს

ფორმულა 1-ში შესაძლოა მომდევნო სეზონებში ქალი პილოტი გამოჩნდეს. ამ თემის ირგვლივ დისკუსიები აქტიურად მიმდინარეობს. როგორ შეგვიძლია ამ თემის განხილვა, შეგვიძლია თუ არა ამ პროცესს მივუდგეთ როგორც მარკეტინგულ მოვლენას? რა შეიძლება მისცეს დღევანდელ ფორმულა 1-ს პილოტების რიგებში მანდილოსნების გამოჩენამ.

წარსულში თუ ვიმოგზაურებთ, აღმოვაჩენთ რომ სპორტის ამ სახეობაში აქამდე 5 ქალ მრბოლელს მიუღია მონაწილეობა. პირველი ქალი, რომელიც ფორმულა 1-ში გამოდიოდა მარია-ტერეზა დე ფილიპისი იყო. იტალიელმა მარია-ტერეზა დე ფილიპისმა ეროვნული სერიების სკოლა გაიარა OSCA-სა და “მაზერატის” მანქანებით. “მაზერატის” რიგებში თავისი პარტნიორის ლუიჯი მუსოს რჩევით, მან ჯერ 1958 წელს, სირაკუზში არაჩასათვლელ რბოლაში სცადა ბედი, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ძირითადი სეზონის ოთხ გრან-პრიზე გამოჩნდა. მონაკოში მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა, მალევე ბელგიის გრანპრიზე კი მეათე ადგილზე გავიდა. შემდეგ იყო პორტუგალიის და იტალიის გრანპრები, სადაც ამჯერად ტექნიკური პრობლემების გამო პილოტი მანქანამ დააღალატა. შემდეგ იყო მისი თანემამამულე ლელა ლომბარდი, რომლის კარიერაც შეიძლება უფრო წარმატებულად შეფასდეს, მოპოვებული 0.5 ქულისა და გრანპრებზე მონაწილეობის რაოდენობით. საერთო ჯამში ხუთი ქალიდან სამი იტალიელი იყო, ერთი დიდი ბრიტანეთს წარმოადგენდა, ერთიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.

დღეს როდესაც სპორტის ეს სახეობა სეზონიდან სეზონამდე ახალ სიმაღლეებს იპყრობს, ფორმულა ორისა და სამის ფონზე, სადაც გაცილებით ნაკლები ინტერესი და პროცესებია, რამდენად რეალურია ქალი მრბოლელის ამ სექციაში გამოჩენა? მარკეტერების აზრით, ქალი მრბოლელი ინტერესს უფრო გაზრდის, მეტ გულშემატკივარს მოიზიდავს და რბოლა უფრო საინტერესო გახდება. პარალელი შეგვიძლია ფორმულა 2-ზე გავავლოთ, სადაც პირველი ქალი პოლოტი 25 წლის ასაკში გამოჩნდა, კოლუმბიელი ტატიანა კალდერონი მანამდე ფორმულა 3-ში და GP3-ის სერიაში გამოდიოდა, აგრეთვე, იყო ზაუბერის განვითარების პილოტი.

ფორმულა 1-ის გასული სეზონი ყველაზე ყურებადი და ერთ-ერთი პოპულარული სპორტული მოვლენა იყო, მიუხედავად კოვიდ სიტუაცის და სირთულეებისა, რამაც ბევრ სახეობაზე უარყოფითად იმოქმედა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ფორმულა 1-ის შემთხვევაში საპირისპირო პროცესები წარიმართა, მეტი ფანის მოზიდვის ფონზე ახალ სეზონზე გაზრდილმა ინტერესმა სატელევიზიო უფლებებზეც იმოქმედა, 2022 წლის სეზონს მეტი ტელევიზია გააშუქებს. დაახლოებით 2 თვეში ბაჰრეინიდან ახალი მარათონი დაიწყება, 23 ეტაპით შემდგარ ჩემპიონატს წლის ბოლოს ნოემბერში აბუ დაბის გრანპრი დახურავს.

მარკეტინგული კუთხით პარალელი შერეული ორთაბრძოლების სახეობასთან შეგვიძლია გავავლოთ, სადაც ქალების ინტეგრაციის შემდეგ სპორტის მიმართ ინტერესი საოცრად გაიზარდა, თუმცა ფიზიკური ორთაბრძოლების და ერთმანეთთან დაპირისპირების საკითხი ფორმულა 1-ში რადიკალურად სხვა კუთხით დგას, სადაც უდიდესი კონკურენციის ფონზე, ბოლიდების, ტექნიკური არსენალისა და პილოტების უნარების გარდა, საბოლოო შედეგზე უამრავი სხვა ფაქტორი მოქმედებს. რაც შეეხება ტექნიკურ სტაფს, იქ მანდილოსნები თითქმის ყველა გუნდში არიან წარმოდგენილი სხვადასხვა პოზიციებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

გოგონა სომხეთიდან, რომელმაც ქართული ენა თავისით შეისწავლა

ნვარდ ხაჩატრიანს ერევანში შევხვდი. ჩემი მომენტალური გაოცება გამოიწვია იმან, რომ ველოდი ადამიანს, ვისაც ან ინგლისურად ან რუსულად უნდა დავლაპარაკებოდი და უცებ – ქართულად გამიბა საუბარი. აღმოჩნდა, რომ ქართული თავისით უსწავლია და შესანიშნავადაც მღერის ჩვენს ენაზე. მოკლედ, გაგაცნობთ ძალიან დადებით, შრომოსმოყვარე და მეგობრულ ადამიანს ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან.

ნვარდ, უპირველეს ყოვლისა, შენი თავი გაგვაცანი.

-ნვარდი მქვია, მაგრამ ქართველებმა ვარდო დამარქვეს. 23 წლის ვარ – ვასწავლი ინგლისურს.  ენების თეორიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი ინტერესია, შევხვდე გონებამახვილ, სიცოცხლით სავსე და ბედნიერ ადამიანებს,  რათა მათთან ერთად გავიზიარო დაუვიწყარი მომენტები – ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და თავგადასავლებით სავსეს.  ურთიერთობები არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ცხოვრებაში.  რა თქმა უნდა, სხვა ინტერესებიც მაქვს, ამასთან ერთად.

ქართული ენის შესწავლა დაიწყე – ენის, რომელიც საკმაოდ რთულია. რატომ დაინტერესდი?

პირველად, როდესაც ქართული საუბარი მოვისმინე, მაშინვე შემიყვარდა, იმიტომ რომ სასიამოვნოდ მომხვდა ყურში მისი ტონი, დინამიკა... მომწონს, როგორ ჟღერს სიტყვები, მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად შემესწავლა, რომ ისე მცოდნოდა, როგორც იციან მათ, ვისთვისაც ქართული მშობლიურია. სწორედ ამიტომ –  სულ ვეკითხები ჩემს ქართველ მეგობრებს ყოველ სიტყვას, რასაც ვერ ვიგებ – ყველაფერი მინდა ვიცოდე და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ.

ჩემი აზრით, ქართული სულაც არაა რთული ენა. სიტყვა ,,რთულს“ ჩავანაცვლებდი ,,საინტერესოთი“.  ყველაზე მეტად ქართულ ენაში არსებული გამონაკლისები მიზიდავს და მოკლე სიტყვებში ხანდახან 4-5 თანხმოვნის თანაარსებობა.

პირველად ჩემს თავს ვუთხარი – მე მსურს, ვისაუბრო ქართულად, უნდა ვისწავლო – ასე რომ, მიდი, შენ ამას შეძლებ!

დავიწყე საუკეთესო ლექსიკონების ძებნა – გრამატიკის წიგნების, შემდეგ ვუყურებდი სასწავლო კურსებს Youtube-ზე. საბოლოოდ, ყველაფერს ვინიშნავდი. ასე მივედი შედეგამდე.

მე ახლაც ვსწავლობ, ნებისმიერი მომდევნო ვიზიტისას საქართველოში, რაიმე ახალი შენაძენით აუცილებლად მივდივარ.

-თუ გაქვს სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონს?

-ძალიან ბევრი წინადადება და სიტყვა მომწონს, რამდენიმეს გამოვყოფ – ,,სიცოცხლე მინდა“’(მეგი გოგიტიძის სიმღერიდან დამამახსოვრდა, ძალიან მომწონს ამ სიმღერის ტექსტი. როცა ვთარგმნე, ძალიან დიდი ემოცია და შთაბეჭდილება მომიტანა).

ასევე, ხშირად ვიყენებ და მომწონს ფრაზები – ,,ნუ გეშინია“, ,,სულს მოგცემ“, ,,ნუ ჩამოუშვი ცხვირი“, ,,არ დაიდარდო“ – ფრაზები, რომლებიც ადამიანებს ამხნევებს.

სლენგებიც მომწონს – აი, მაგალითად, ,,ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ?!“ ,,ბაზარი არაა!“, ,,ძაან კაი ბიჭია“ – ყველაფერთან ერთად, სწორი ინტონაციით გამოთქმაც ვისწავლე.

-ქართულ ლიტერატურასაც ხომ არ გაეცანი?

-რა თქმა უნდა, უპირველესად, ილია ჭავჭავაძეს დავასახელებ, რომელიც ქართველების კულტურული ნაციონალიზმის ერთ-ერთ მამადააა მიჩნეული. ასევე, აკაკი წერეთელს, რომელიც ილიასთან ერთად იყო ამ პროცესში. ძალიან ცნობილი სიმღერა ,,სულიკო“ ხომ მის ლექსზეა შექმნილი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო შუასაუკუნეების პოეტი – შოთა რუსთაველი, რომელიც ქართული ოქროს ხანის თვალსაჩინო ფიგურაა თავისი პოემით – ,,ვეფხისტყაოსანი“. ეს ნაწარმოები ქართულ ნაციონალურ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული. აქვე – ძალიან საინტერესო ფაქტი – საქართველოში ეს წიგნი ყველა პატარძლის აუცილებელი მზითევი იყო.

მომიყევი შენი საქართველოსადმი დამოკიდებულებებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ჩემი საქართველოსადმი დამოკიდებულება პირდაპირ ადამიანებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც შევხვდი და ჩემთვის ძალან ძვირფასები გახდნენ. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა – შეუძლებელია, არ აღვნიშნო ქართული სამზარეულოც.

-რა განსხვავებებსა და საერთოს ხედავ საქართველოსა და სომხეთს შორის?

ორივე ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარეა – კეთილი ხალხით სავსე, ვართ ქრისტიანები და პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს – ძალიან პატრიოტები ვართ.

ყველაზე დიდი განსხვავება, რომელიც ახლა გონებაში ამომიტივტივდა და სახელს დავარქმევ, არის ,,საზოგადოება“ – ქართველებთან შედარებით, სომეხი ხალხი ბევრად უფრო კონსერვატორია ბევრ სხვადასხვა ასპექტში. მაგრამ, საბოლოო ჯამში, უფრო მეტ მსგავსებას ვხედავ ჩვენს ქვეყნებს შორის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

გერმანიაში ახალი წლისთვის ფოიერვერკების გაყიდვა წელსაც აიკრძალა

გერმანიაში ახალი წლისთვის ფოიერვერკების გაყიდვა და შეძენა წელსაც აიკრძალა. გადაწყვეტილება პარასკევს, 24 დეკემბერს გახდა ცნობილი. ინფორმაციას გერმანული გამოცემა დოიჩე ველე ავრცელებს.

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების პარალელურად გერმანიის კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ფოიერვერკებით მიყენებული დაზიანებებით პანდემიის გამო გადატვირთულ საავადმყოფოებზე წნეხი გაიზარდოს.

ამავე მიზეზით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ფოიერვერკების გაყიდვაზე შეზღუდვა გასულ წელსაც მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანია ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კი ომიკრონის გამოჩენასთან ერთად საზოგადოება მომდევნო კვირებსა თუ თვეებში პანდემიის მეხუთე ტალღის შესახებაც გააფრთხილა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაისტორიაკულტურა

აფხაზური დამწერლობა და ენის თავისებურებები

საკითხი, თუ როდის წარმოიშვა აფხაზური დამწერლობა, საკამათოა. ზოგი რუსი და აფხაზი მეცნიერი ვარაუდობს, რომ აფხაზური დამწერლობა ძველ დროში არსებობდა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამ აზრს არ იზიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დამწერლობა აფხაზურ ენაზე პირველად გაჩნდა XIX ს-ის მეორე ნახევარში.

ჩვენს საზოგადოებში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აფხაზურ ენაში არ არსებობს „ზღვისა“ და „ნავის“ გამომხატველი ტერმინები. აქედან კეთდება დასკვნა, რომ აფხაზები ისე ცოტა ხნის წინ არიან ჩამოსულები ზღვის სანაპიროზე, რომ ჯერ მისი სახელიც ვერ გამოუთქამთო. არ ვიცი პირველად ვინ მოიგონა ეს ყალბი „არგუმენტი“. თუმცა, უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ხალხს, რომელსაც თუნდაც რამდენიმე წელიწადი უცხოვრია ზღვასთან, არ შეიძლება ენაში მისი დასახელება არ ჰქონდეს. აფხაზები კი ზღვასთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ და მათი ენაც მდიდარია საზღვაო ლექსიკით. როგორც ზღვისპირეთის მცხოვრებლები, აფხაზები მისდევდნენ საზღვაო რეწვასა და მეკობრეობას. ისინი საკმაოდ შორს ცურავდნენ. ჰოლანდიელი მეცნიერი ნიკოლას ვიტსენი 1692 წ. წერდა აფხაზი მეკობრეების შესახებ, რომ მათ გამო ზოგჯერ ფერხდებოდა გემების მიმოსვლა კაფასა (ყირიმი) და კონსტანტინოპოლს შორის. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობითაც, აფხაზები „ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი“ იყვნენ. ასეთი ცნობები საკმაოდ ბევრია. განვითარებულ ზღვაოსნობასთან დაკავშირებული იყო გემთმშენებლობა, რომელმაც XIX ს-ის მეორე ნახევრამდე იარსება. აფხაზური ხომალდები 100-მდე კაცს იტევდნენ და პატარა ზარბაზნებით იყვნენ შეიარღებულნი. თუმცა აფხაზებს უფრო დიდი გემების აშენებაც შეეძლოთ. არსებობს ცნობა, რომ 1802 წლის ახლოს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეგმა ოსმალეთის სულთანს საჩუქრად მიართვა თავის ქვეყანაში აგებული 60-ზარბაზნიანი ხომალდი.

თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ უძველესი დროის აფხაზი მთავრები, ამის მაჩვენებელი პირდაპირი მასალები არ არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მშობლიური ენა აფხაზური იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდებში აფხაზეთის მთავრები და დიდი ფეოდალები ფლობდნენ აგრეთვე ბერძნულ, ქართულ, თურქულ-ოსმალურ ენებს. XIX ს-დან კი რუსულ ენასაც. ქართული ენის ცოდნა აფხაზ დიდებულებში, ალბათ, ფართოდ გავრცელდა VIII–IX სს-დან. ვახუშტის ცნობით, აფხაზებს „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“. წერილობით წყაროებში ფეოდალური აფხაზეთი ყველაზე კარგად არის გაშუქებული XIX ს-ში. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის მთავრები და თავადები აფხაზურის გარდა ფლობენ ქართულ, თურქულ, შემდეგ ასევე რუსულ ენებს. კერძოდ, ამ ენებზე ახორციელებდნენ ისინი მიმოწერას. აფხაზური კი მათი მშობლიური სალაპარაკო ენა იყო. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შარვაშიძე (1846–1918) – ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, შესანიშნავად ფლობდა აფხაზურ ენას. თანამედროვეთა ცნობით, ისეთ წმინდა და დახვეწილ აფხაზურ ენაზე იმ დროს უკვე აღარავინ ლაპარაკობდა.’

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

მასალა მოამზადა: ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 22 23 24 25 26 98
Page 24 of 98