თვითნასწავლი დიზაინერების ამბავი, რომლებმაც ტორტის დიზაინის სტანდარტები საქართველოს ფარგლებს მიღმაც შეცვალეს. ინტერვიუ Cake Show-ს ერთ-ერთ დამფუძნებელთან – ნათია ჯოხაძესთან, რომელიც გვიამბობს იმ უნიკალურ ხედვაზე, შრომის სიყვარულსა და შემოქმედებით თავისუფლებაზე, რომელიც მომხმარებელმა უკვე არაერთი წელია შეიყვარა.
– უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, ვინ დგას ამ არაჩვეულებრივი დიზაინების უკან?
– Cake Show სტუდია 4 წლის წინ გავხსენი ჩემს მეუღლესთან, იური ანთიასთან ერთად. ორივე გახლავართ თვითნასწავლი დიზაინერები და უკვე 13 წელიწადზე მეტია ამ სფეროში ვმოღვაწეობთ, ერთმანეთი შვიდი წლის წინ გავიცანით და ოჯახიც მალევე შევქმენით.
– როდის გაჩნდა „ქეიქ შოუს“ შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მოტივატორი?
– Cake Show-ს შექმნის იდეა წლებია მაქვს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სხვა და სხვა საკონდიტროში ვმუშაობდი წამყვან დიზაინერად. ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს, ამიტომაც მინდოდა თავისუფლად და დამოუკიდებლად მეწარმოებინა საკუთარი პროდუქტი. არასდროს მაკმაყოფილებდა ის დიზაინები, რაზეც საკონდიტროებში მიწევდა მუშაობა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო და მინდოდა ჩემი იდეებისთვის მეტი გასაქანი მიმეცა. არ მიყვარს შეზღუდვები და ჩარჩოებში მოქცევა, ამიტომ მინდოდა თავისუფლად მეკეთებინა საკუთარი საქმე და ამით უსაზღვრო სიამოვნება მიმეღო.
– გთხოვთ, აღწეროთ თქვენი გამოცდილება ტორტების დიზაინში, რა არის განსაკუთრებით რთული დეტალური ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრების შექმნაში?
– ჩვენი ნამუშევრების შექმნა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. როდესაც სტუდიას ვხსნიდით, უკვე კარგად ვიცოდით თუ როგორი მიმართულებით გვსურდა მუშაობა. ჩვენ არ ვართ რიგითი საკონდიტრო, სადაც ნებისმიერ დიზაინს, ნებისმიერ დროში ამზადებენ. გამოჩენის პირველივე დღეებიდან ვუხსნიდით მომხმარებლებს, რომ სადღესასწაულო ტორტებზე შეკვეთებს მინიმუმ 2-3 კვირით ადრე ვიღებთ. ხოლო საქორწილო ტორტებზე კი მინიმუმ 2-3 თვით ადრე, რამაც განაპირობა ის, რომ მომხმარებელი მიეჩვია და უკვე თვეებით ადრე იჭერს თადარიგს. ჩვენ არ ვმუშაობთ რაოდენობაზე, ჩვენი მიმართულებაა შევქმნათ პრემიუმ ხარისხის დიზაინები და ვიმუშაოთ თვეში თუნდაც ათ, მაგრამ რთულ და საინტერესო დიზაინზე, რომელიც მინდა გითხრათ, რომ არა მარტო საქართველოში სარგებლობს დიდი მოწონებითა და პოპულარობით, არამედ მთელს მსოფლიოში. ბევრი უცხოელი შეფისგან მიგვიღია შექების წერილი. ჩვენი საავტორო დიზაინები კი საქართველოს გარდა, მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა საკონდიტრომ დაამზადა. ვფიქრობ, საქართველო ამ კუთხითაც საკმაოდ განვითარებულ ქვეყნად ითვლება.
– როგორ უმკლავდებით რთულ შეკვეთებს, როდესაც კლიენტს არ აქვს კონკრეტული თემა ან დიზაინი?
– რთულია თავად დიზაინების მოფიქრებაც. მითუმეტეს ისეთის, არსად და არავის რომ არ დაუმზადებია, არც საქართველოში და არც საზღვრებს გარეთ. ამას ნამდვილად სჭირდება უდიდესი ფანტაზიის უნარი. ასევე ურთულესია იმ მექანიზმების დამზადება, რომელსაც ჩემი მეუღლე აკეთებს თითოეული ტორტისთვის ინდივიდუალურად. შემდეგ ყველა ფიგურისა და დეტალის გამოძერწვა ხდება ხელით, შაქრის ცომისგან. რაც ასევე საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ხოლო საბოლოოდ ხდება ტორტის შიგთავსის დამზადება და გაფორმება. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება, ასევე ურთულესია ამ ტორტების ტრანსპორტირებაც.
– გქონიათ თუ არა კრიტიკის შემთხვევები და როგორ უმკლავდებით მათ?
– ჩვენს ნამუშევრებზე ბევრ დადებითთან ერთად, კრიტიკის შემცველი კომენტარებიც ხშირად იწერება, და ეს ძირითადად თანხებთან არის დაკავშირებული. ბევრს ჰგონია რომ ჩვენი მომსახურება ძვირი სიამოვნებაა და ნეგატიური განწყობებიც მიგვიღია ამასთან დაკავშირებით. დიახ, შესაძლოა ჩვენი პროდუქტი ყველასთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმ ბიუჯეტში, რომელიც გვიღირს ჩვენს შრომად, სულ რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დროზე, მასალასა და ხარჯებზე, რაც იხარჯება კონკრეტული დიზაინის შესაქმნელად.
– გარდა ტორტების დიზაინის სერვისისა, გაქვთ სასწავლო კურსიც, მოგვიყევით, როგორ შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება თქვენი ხელშეწყობით?
– Cake Show-ს გახსნის დღიდან იყო მოთხოვნა, რომ მოსწავლეები მიგვეღო. რადგან ამ სფეროში ბევრს სურს მოღვაწეობა, ჩვენც დავთანხმდით ჩვენი ცოდნის გაზიარებაზე და შევქმენით სპეციალური პროგრამა, სადაც ვუზიარებთ ჩვენს 13-წლიან გამოცდილებას და რომლის მეშვეობითაც მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ტორტის დიზაინერის პროფესიას. პროგრამა არის ჩვენი საავტორო და მოიცავს ერთ თვეს, თუმცა სულ ახლახან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ ონლაინ კურსებიც. ონლაინ კურსი ძირითადად განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის და ახლო მომავალში ამ მხრივ კიდევ არაერთ აქტივობას ვგეგმავთ.
– რა არის თქვენი სამომავლო გეგმა ბიზნესის გაფართოებისთვის?
– ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს უდიდესი შემოთავაზებები უმსხვილესი კომპანიებისგან და ამ ყველაფერზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, იგეგმება სტუდიის გაფართოება და კიდევ სხვა არაერთი საინტერესო სიახლე, რომელიც სულ ცოტა ხანში გახდება ყველასთვის ცნობილი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”