close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

აბიტურიენტებისთვის დამხმარე აპლიკაცია – ,,NAPP-ი” – შეიქმნა

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს მობილური აპლიკაცია ,,NAPP-ი”, რომლის მეშვეობითაც აბიტურიენტებს შეუძლიათ უკეთ მოემზადონ საგამოცდო პროგრამებში, გაეცნონ  დამხმარე მასალებსა და გასულ წლებში გამოყენებული ტესტების ნიმუშებს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა პროექტის ერთ-ერთ ავტორს, დავით სოსელიას, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა წამოწყების შესახებ.

დავითი საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2015 წელს გაიცნო, როდესაც უნარების ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა აიღო,  ამჟამად  სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტია და თანაკურსელებთან  ერთად საზოგადოებას წარუდგინა აპლიკაცია, რომელიც სწორედ აბიტურიენტების დასახმარებლადაა შექმნილი. გუნდში მასთან ერთად არიან – ლუკა ლომთაძე, გიგა ვაშაკიძე, ანდრო გვივრაძე და ნიკა მინაშვილი.

როგორც ჩანს, სტუდენტებს არ დავიწყებიათ სირთულეები, რომლებსაც ალბათ ყველა აბიტურიენტი აწყდება და გადაწყვიტეს როგორღაც შეემსუბუქებინათ მათთვის ისედაც რთული პერიოდი, ,,მივიჩნევ, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარების წინაპირობა წინა წლების ტესტების კარგად დამუშავებაა. ამის გამო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადავწყვიტე გამემარტივებინა მოსწავლეებისათვის წინასაგამოცდო მომზადების პროცესი. გამოკითხვის შემდეგ პლატფორმად სმარტფონი ავირჩიეთ, რადგან აბიტურიენტებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო აპლიკაცია არ არსებობდა და სმარტფონის გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი (ტრანსპორტში, ლოდინისას). კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულად მოკლე ტესტების კეთება მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეს მასალის ათვისებაში,“ – აღნიშნა დავითმა.

რიგი მოლაპარაკებების შემდეგ ახალგაზრდებმა პროექტი  განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს -მაია მიმინოშვილს, წარუდგინეს და სწორედ Naec-ის დიდი მხარდაჭერითა და თანადგომით პროექტი დაინერგა. ამჟამად აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია და იხვეწება. მასში წარმოდგენილი ტესტები კი, რა თქმა უნდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატისაა. აპლიკაციისთვის მასალას გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს და ამ ეტაპისთვის უკვე მსგავსი სავარჯიშოები ყველა საგნისთვისაა მზად.

აპლიკაციის გადმოწერა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც Play Market-დან Android-ისთვის, ასევე App Store -დან Ios-ისთვის. აპლიკაციის  მოსაძებნად  მომხმარებელმა საძიებო ველში უნდა ჩაწეროს “NAPP–naec app”. მას უკვე ჰყავს რამდენიმე ათასი მომხმარებელი და უახლოეს მომავალში ავტორები კითხვათა ბაზების მნიშვნელოვნად გაზრდასა და სიახლეების ფუნქციის დამატებას გეგმავენ, რომელიც აბიტურიენტებს მათთან დაკავშირებულ სიახლეებს მიაწვდის.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0