close
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

17 წლის ლუკა ჯაფარიძე ბათუმიდან საერთაშორისო კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული გახდა

ლუკა ჯაფარიძე 17 წლის ახალგაზრდაა ბათუმიდან, რომელმაც სკოლა-ლიცეუმ ,,მასტერკლასში” სწავლის ბოლო ეტაპზე საერთაშორისო კოლეჯების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და დღეს განათლების მიღებას კოლეჯ UWC Dilijan-ში“ აგრძელებს, პარალელურად კი, არ არღვევს ტრადიციას და ბევრი საინტერესო აქტივობითაც გამოირჩევა, რომელთა შესახებაც თავად გვიამბობს.

-ლუკა, როგორ გაიგე მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების UWCკონკურსის შესახებ და რამდენად მოელოდი ამ წარმატებას?

-UWC–ის სომხეთის ფილიალის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, თუმცა მასზე დეტალური ინფორმაცია არ მქონდა და არც მიფიქრია კონკურსში მონაწილეობის მიღება. 2016 წლის სექტემბერში მეგობრებისგან მივიღე რჩევა, რომ ბედი მეცადა UWC–ის შესარჩევ პროგრამაში. შესარჩევი კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება და ბევრ ისეთ ეტაპს დეტალს მოიცავს, როგორიცაა ონლაინაპლიკაცია, ონლაინგასაუბრება და უშუალოდ ფინალურ ეტაპს. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ 100%–ით ვიყავი დარწმუნებული  გამარჯვებაში, მაგრამ ზოგადად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი.

-რა მიმართულებით გააგრძელე კოლეჯში სწავლა?

-UWC საქართველოს შემრჩევმა კომისიამ UWC Dilijan–ის კოლეჯისთვის შემარჩია, რომელიც 2014 წელს გაიხსნა ქალაქ დილიჟანში, სომხეთში. ამ კოლეჯში ყოველწლიურად იღებენ ქართველ მოსწავლეებს. აქ IB (International Baccalaureate) სისტემით ვსწავლობ, რომლის  IB-სტანდარტების მიხედვით, ექვს საგანს გავდივარ, ესენია – გლობალური პოლიტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია და ესპანური.

ჩვენს კოლეჯში გავლილი ორწლიანი კურსის შემდეგ სტუდენტი იღებს დიპლომს, რომელსაც 90–მდე ქვეყანა აღიარებს და მისი მეშვეობით იოლად შეგიძლია მოხვდე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის უნივერსიტეტებში.

-გარდა სწავლისა, რა აქტივობებით ხარ დაკავებული?

-IB კურსისთვის ასევე მნიშნელოვანია სკოლის გარეაქტივობები და კოლეჯში ამის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. ჩემი გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, რადგან გაკვეთილების გარდა სკოლის გარეაქტივობებში ვარ ჩართული. როგორიცაა – წყალბუთი, გაეროს მოდელირების კლუბი და ა.შ. სულ ცოტა ხნის წინ კოლეჯში მოვაწყვეთ სომხეთში პირველი საერთაშორისო გაეროს მოდელირება, სადაც მე საორგანიზაციო გუნდის წევრი ვიყავი. აქაური განათლების სისტემაში ძალიან მომწონს ის, რომ სწავლა უფრო მეტად კონცენტრირებულია ანალიტიკურ აზროვნებაზე და არა ფაქტობრივ ცოდნაზე.

-როგორც ვიცი, ყოველთვის აქტიური მოსწავლე იყავი, გვიამბე შენი გამოცდილების შესახებ.

-დიახ, საქართველოშიც საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, იქნებოდა ეს სკოლაში თუ სკოლის გარეთ. მეექვსე და მეშვიდე კლასში კი, ორჯერ გავხდი მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კრეატიული წერის კონკურსის გამარჯვებული. 2015 წლის ზაფხულში აჭარის განათლების სამინისტროს ინიციატივით NASA-ს კოსმოსურ ბანაკში გავემგზავრე თურქეთში, ქალაქ იზმირში. ვიყავი სკოლის „რა?სად?როდის?“ კონკურსის გუნდის წევრი, ბოლო წლებში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებში, ბევრი საერთაშორისო პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა და მოხალისეც ვიყავი სხვადასხვა ბანაკსა და ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?

-მაისში პირველ წელს ვასრულებ და კიდევ ერთი სასწავლო წელი მაქვს აქ დასამთავრებელი,  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვარ ზუსტად ჩამოყალიბებული, მაგრამ  უმაღლესი განათლების მიღებას ევროპაში ან ამერიკაში ვაპირებ.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid