close
ეს საინტერესოაკვლევები

ფრანგი მეცნიერები წითელას მოდიფიცირებული ვაქცინით კორონავირუსის დამარცხებას ცდილობენ

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დღიდან დღემდე მსოფლიოში მეცნიერები 115 ვაქცინაზე მუშაობენ. საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტი კი მუშაობს წითელას ვაქცინის მოდიფიცირებაზე, რომელმაც ადამიანის ორგანიზმი უნდა „მოატყუოს“ და ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოაქმნევინოს.
ინსტიტუტის პრე-კლინიკური კვლევისთვის ნორვეგიის ეპიდემიური მზაობის ინოვაციების კოალიციამ 4.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო. ვაქცინა, რომელზეც საფრანგეთის პასტერის ინსიტუტის მეცნიერები მუშაობენ, ერთ-ერთია იმ რვა ვაქცინის კანდიდატს შორის, რომელსაც ნორვეგიის ეპიდემიური მზაობის კოალიცია უჭერს მხარს, თუმცა მთლიანად მხოლოდ ორი-სამი პროექტი დაფინანსდება.
კოალიციის შეფასებით, ისეთი ვაქცინის შექმნა, რომლის საშუალებითაც მილიარდობით ადამიანის იმუნიზაცია რეკორდულ დროში იქნება შესაძლებელი, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ამავდროულად, ვირუსოლოგი ფრედერიკ ტენჟი აცხადებს, რომ იმუნიზაცია პანდემიის პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალია. მისი თქმით, ისეთი ზომები, როგორიცა სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია ღია ჭრილობაზე დროებითი სახვევის დადებას ჰგავს.
„იმის მიხედვით, რაც კოვიდ 19-ის შესახებ ვიცით, ადამიანთა 60-70 პროცენტს იმუნიზაცია დასჭირდება,“- აცხადებს ვირუსოლოგი.
პასტერის მეცნიერთა გუნდმა წითელას სტანდარტული ვაქცინის მოდიფიცირება განახორციელა ისე, რომ ის SARS-CoV-2-ის (ახალი კორონავირუსის მეცნიერული სახელწოდება) ერთ პროტეინს შეიცავს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს გამოიწვევს იმუნურ პასუხს, რომელიც წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის ექვივალენტი იქნება და რომელიც ადამიანებს წითელას, წითურასა და ყბაყურას ინფექციებისგან იცავს.
ცოცხალი შესუსტებული ვირუსების ვაქცინები ერთი ინექციის შემდეგ ძლიერი და ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს და მათი წარმოება ძვირი არ ჯდება. გარდა ამისა, ლიცენზირებული წითელას ვაქცინის გამოყენება ნიშნავს, რომ ტესტირებისა და დაპატენტების პროცესები სწრაფად განხორციელდება.
რა ეტაპები უნდა გაიაროს ვაქცინამ?
ვაქცინა რამდენიმე თვეში ცხოველებზე უნდა დაიტესტოს, შემდეგი ნაბიჯი კი ავსტრიული ბიოტექნიკური კომპანია Themis-ის მიერ კლინიკური ცდისთვის ვაქცინის ასობით ფლაკონის დამზადება იქნება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე დატესტვა ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათი განმარტებით, ვაქცინის გვერდითი ეფექტების გამოსავლენად მედიკოსებს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ.
„ასეთი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ყველაზე სენსიტიური საკითხია იმუნური პასუხი, რომელიც შესაძლოა, უფრო ლეტალური აღმოჩნდეს, ვიდრე თავად დაავადება, გამოუცდელი ვაქცინა ძალიან სახიფათოა,“ – აცხადებს ტენჟი.

წყარო : Business Insider

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response