close
რელიგია და მეცნიერება

მსოფლიო ეკლესიების საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილება შეცვალოს

მსოფლიო ეკლესიების საბჭო რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილება შეცვალოს.

 

საბჭომ, რომლის წევრიც 350 ქრისტიანული ეკლესიაა და რომლის ოფისიც ჟენევაში მდებარეობს, თურქეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი გადაწყვეტილებით „შეწუხებული და შეშფოთებული“ არიან.

 

”ურთიერთგაგების, პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესებიდან გამომდინარე და ძველი მტრობის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ მოგმართავთ, გადახედოთ და შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება,” – ნათქვამია წერილში.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი აცხადებს, რომ აია სოფიას კარი მორწმუნეებისთვის  24 ივლისიდან გაიხსნება.

 

ერდოღანმა ყველას მოუწოდა, პატივი სცენ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აია-სოფიას სტატუსთან დაკავშირებით.

„ყველას ვურჩევ, პატივი სცეს ჩემი ქვეყნის სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აია სოფიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება აია სოფიას ახალ სტატუსთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, გარდა ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.

თურქეთის სასამართლომ 10 ივლისს აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მას ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

აია სოფიას ისტორია 537 წელს დაიწყო, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ უზარმაზარი ეკლესია ააგო. იგი საუკუნეების განმავლობაში  ბიზანტიის ხელში იყო.

1453 წელს, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ სტამბოლი დაიპყრო (რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც კონსტანტინოპოლი) და გამარჯვებულმა დამპყრობელმა აია სოფიაში პარასკევის ლოცვა აღასრულა. მალე ოსმალებმა ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს კი მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

აია სოფია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტულ ადგილად იქცა, რომელსაც წელიწადში 3.7 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response