close
კვლევები

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად გარდაქმნეს, რამაც თაგვებში დიაბეტი განკურნა

მეცნიერებმა ადამიანის კუჭის უჯრედები გადააკეთეს ქსოვილად, რომელიც სისხლში შაქრის მომატების საპასუხოდ ინსულინს გამოიმუშავებს; მიღწევა აჩენს იმედს, რომ პირველი ტიპის დიაბეტის მართვის ეფექტიან გზას მივაგნებთ.

ექსპერიმენტმა, რომელიც აშშ-ის უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრებმა ჩაატარეს, ცხადყო, რომ კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედთა (GINS) ტრანსპლანტატებმა თაგვებში დიაბეტი უკუაქციეს.

ჩვეულებრივ, პანკრეასის ბეტა უჯრედები ჰორმონ ინსულინს სისხლში შაქრის დონის მატების საპასუხოდ გამოყოფენ. დიაბეტის მქონე ადამიანებში, ეს ქსოვილები დაზიანებული ან მკვდარია და შესაბამისად, მოშლილია მათ მიერ უჯრედებში გლუკოზის საწვავად გადატანის უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედები ბეტა უჯრედები არ არის, შეუძლიათ მათი ფუნქციის მიბაძვა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უხვად არის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც სხვა მრავალი ტიპის უჯრედებად შეიძლება გარდაიქმნას. თანაც, ისინი სწრაფად მრავლდებიან. მთავარი იმედი ის არის, რომ დიაბეტის მქონეებში, ნაწლავის ღეროვანი უჯრედების კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედებად გარდაქმნამ უნდა შეამციროს ორგანიზმის მიერ მათი უკუგდების რისკი.

„კუჭი ჰორმონების გამომყოფ საკუთარ უჯრედებს გამოიმუშავებს, კუჭის და პანკრეასის უჯრედები განვითარების ემბრიონული ეტაპის მომიჯნავეა და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ღეროვანი უჯრედები ასე ადვილად გარდაიქმნას ბეტას მსგავს ინსულინის გამომყოფ უჯრედებად“, — ამბობს უეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის რეგენერაციული მედიცინის ასოცირებული პროფესორი ჯო ჟუ.

ამის მიღწევას მეცნიერები უკვე მრავალი წელია ცდილობენ, მაგრამ რეალურ წარმატებას ვერ აღწევდნენ. ამ კვლევაში, კუჭის ინსულინის გამომყოფ უჯრედებად ტრანსფორმაციის გამოსაწვევად, მეცნიერთა ჯგუფმა უჯრედებში კონკრეტული თანმიმდევრობით გაააქტიურა ის სამი კონკრეტული ცილა, რომლებიც გენების ექსპრესიას აკონტროლებენ.

გადაპროგრამების პროცესი მაღალეფექტიანია. როდესაც უჯრედები მცირე გროვებად, ორგანოიდებად გაიზარდნენ, გლუკოზისადმი მგრძნობელობა აჩვენეს. ამის შემდეგ, მათ თაგვებში ხანგრძლივი ეფექტები აჩვენეს დიაბეტზე.

მკვლევართა განცხადებით, კუჭის უჯრედებიდან კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედების (GINS) წარმოება განსაკუთრებით რთული პროცესი არ არის. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დღე და როგორც ტესტებმა აჩვენა, ახალი ორგანოიდები გადანერგვის შემდეგ მრავალ თვეს ძლებს.

„კუჭის ინსულინის გამომყოფმა ორგანოიდებმა გლუკოზისადმი მგრძნობელობა ინდუქციიდან ათი დღის შემდეგაც აჩვენა. ვიდრე თვალს ვადევნებდით (6 თვე) ისინი სტაბილურობას ინარჩუნებდნენ, გამოყოფდნენ ადამიანის ინსულინს და თაგვებში დიაბეტი უკუაქციეს“, — წერენ მკვლევრები.

ახალი მიდგომა ჯერ ძლიერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან სხეულს ინსულინის კვლავ უფრო ბუნებრივად მართვის საშუალება მისცა. მკვლევრები ხაზს უსვამენ რამდენიმე სხვაობას ადამიანისა და თაგვის კუჭის უჯრედებს შორის, რომლებსაც სამომავლო კვლევებში გადაჭრა სჭირდება; ამას გარდა, საჭიროა კუჭის ინსულინის გამომყოფი უჯრედების ისე დამზადება, რომ ისინი ნაკლებად მოწყვლადნი იყვნენ იმუნური სისტემის მხრიდან თავდასხმისადმი.

თუმცა, პირველადი ნიშნები იმედისმომცემია. დიაბეტთან ბრძოლას მეცნიერები სხვადასხვა გზით, აქტიურად აწარმოებენ.

კვლევა Nature Cell Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.weill.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0