close
მედიცინა

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად 94%-ით ზუსტი სისხლის ტესტი შექმნეს  

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად სისხლის ახალი ტესტი შექმნეს, რომლის სიზუსტე 94%-ია.
საიმპერატორო კოლეჯთან და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტთან (UEA) თანამშრომლობით, Oxford BioDynamics-მა აღმოაჩინა, რომ ტესტის სტანდარტულ პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენის ტესტთან (PSA) კომბინირებისას, უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა იყო შესაძლებელი.
ჟურნალ Cancers-ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ PSA ტესტი საკმარისად ზუსტი არ არის. შედეგად, დაფიქსირდა პროსტატის არასაჭირო ბიოფსიის არაერთი შემთხვევა მამაკაცებში, რომლებსაც კიბო არ ჰქონდათ.
147 პაციენტზე ჩატარებულმა საპილოტე კვლევამ ახალი ტესტი შეაფასა და დაასკვნა, რომ მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაავადების დიაგნოზირება. მკვლევარების გუნდმა დაასკვნა, რომ ტესტის სიზუსტე 94%-ს შეადგენდა.
ახალი ტესტი არა მხოლოდ ძალიან ზუსტი, არამედ სწრაფი, მინიმალურად ინვაზიური და იაფია. კვლევის შემდეგ ეტაპზე ტესტს გამოიყენებენ მამაკაცთა იმ ჯგუფზე, სადაც კიბოს სტატუსი უცნობია.
პროსტატის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები უკონტროლო გზით იწყებენ ზრდას. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზე, რაც საჭიროებს მკურნალობას. პროსტატის კიბო ყოველთვის სიმპტომებს არ იწვევს, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირება. ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ბარძაყის ან მენჯის ტკივილის, ერექციის პრობლემები, შარდში ან სპერმაში სისხლი ან წონაში უმიზეზოდ კლება.
პროსტატის კიბო, ძირითადად, 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში გვხვდება, რისკი იზრდება ასაკთან ერთად. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც.
„ამჟამად არ არსებობს ერთი ტესტი პროსტატის კიბოსთვის, მაგრამ PSA სისხლის ტესტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოიყენება, ფიზიკურ გამოკვლევებთან, MRI სკანირებასთან და ბიოფსიასთან ერთად. თუმცა, PSA სისხლის ტესტები ჩვეულებრივ არ გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, რადგან შედეგები შეიძლება არასანდო იყოს. პროსტატის კიბო იმ ადამიანების მხოლოდ მეოთხედს უდასტურდება, რომლებსაც ბიოფსია PSA-ს მომატებული დონის გამო უტარდებათ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა სურვილი, რომ შეიქმნას ახალი სისხლის ტესტი უფრო დიდი სიზუსტით“, – აცხადებს ნორვიჩის სამედიცინო სკოლის პროფესორი დიმიტრი ფშეჟეცკი.
მისი თქმით, ახალი ტესტი იძლევა პროსტატის კიბოს სწრაფ და ზუსტ დიაგნოზს, რაც როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სკრინინგის მიზნით რეალურ სარგებელზე მიუთითებს.

გაზიარება:
fb-share-icon0