close
კვლევები

მეცნიერები გვაფრთხილებენ : თმის ქიმიური გასასწორებელი საშუალებები საშვილოსნოს კიბოსთან არის დაკავშირებული

საშვილოსნოს კიბოს იშვიათი და აგრესიული ფორმის შემთხვევები შეერთებულ შტატებში სწრაფად იზრდება, რისი მიზეზიც, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, თმის ქიმიური გასწორება იყოს.
თითქმის 11 წლის განმავლობაში, აშშ-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIEHS) მკვლევარები 33 947 ზრდასრულ ადამიანს აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 378 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც გამოკითხვის დაწყებამდე 12 თვის განმავლობაში ოთხჯერ გამოიყენა თმის ქიმიური გასწორების საშუალება, 155 პროცენტით მეტი შანსი ჰქონდა, რომ მოგვიანებით დაესვათ საშვილოსნოს კიბო, მათთან შედარებით, ვისაც ასეთი საშუალება არასოდეს გამოუყენებია.
აღსანიშნავია, რომ წარსულში საშვილოსნოს კიბოსთან აკავშირებდნენ, ისეთი ჰორმონების ჭარბ რაოდენობას, როგორიცაა ესტროგენი და პროგესტერონი და ამ ბუნებრივ ჰორმონთა იმიტირება და მათ რეცეპტორებთან დაკავშირება თმის მრავალ პროდუქტსაც შეუძლია.
2018 წელს, შემოწმებისას, მკვლევრებმა თმის 18 პროდუქტში აღმოაჩინეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც არღვევენ ენდოკრინულ სისტემას. გარდა ამისა, გამოვლენილ ქიმიურ ნივთიერებათა 84 პროცენტი პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი არ იყო, 11 პროდუქტი შეიცავდა ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალული იყო ევროკავშირის კოსმეტიკური დირექტივით ან რეგულირდებოდა კალიფორნიის კანონით.
2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თმის პერმანენტული საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები ასოცირდება მკერდის კიბოს უფრო მაღალ რისკთან.
2021 წელს, შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ თმის პერმანენტული საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები საკვერცხის კიბოს უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
ახლა კი ამ ჩამონათვალს, შეიძლება, საშვილოსნოს კიბოც დაემატოს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ, თმის პროდუქტებში შემავალმა რომელმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ახსნას მათთან დაკავშირებული კანცეროგენური ეფექტები, მაგრამ მთავარი „ეჭვმიტანილები“ არიან პარაბენები, ფთალატები და ფორმალდეჰიდები.
ამასთან, მკვლევარების განმარტებით, იმის გამო, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების შემცირებასთან და ქრონიკულ ანთებათა კლებასთან, მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალები შეიძლება ნაკლებად  მოწყვლადები იყვნენ საშვილოსნოს კიბოს სხვა რისკფაქტორებისადმი. თუმცა, მკვლევრების თქმით, უფრო მეტი კვლევაა საჭირო ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტების გამოყენებასა და საშვილოსნოს კიბოს შორის ურთიერთკავშირის უკეთ დასადგენად.
კვლევა Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა.

გაზიარება:
fb-share-icon0