close
მედიცინა

მედიცინაში პირველად — ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

გუშინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შერეული რასის ქალი გახდა მესამე ადამიანი, ვინც აივ-ისგან განიკურნა — ამისათვის კი ჭიპლარის სისხლი გამოიყენეს. ჭიპლარის სისხლი გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ზრდასრული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში გამოიყენება…

სწორედ ღეროვანი უჯრედების მეშვეობით განიკურნა წინა ორი პაციენტი, თუმცა ეს პროცედურა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და პაციენტებში ბევრი უკუჩვენებაც გამოიწვია. ტრადიციულად, ასეთ დონორს საკმარისად მსგავსი ლეიკოციტური ანტიგენი ან HLA უნდა ჰქონდეს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შანსი. ასევე, დონორს იშვიათი გენეტიკური პათოლოგია უნდა აღენიშნებოდეს, რომელიც აივ-ის მიმართ რეზისტენტობას აძლიერებს. ეს გენეტიკური ანომალია კი ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის წარმოშობის ხალხში გვხვდება და იქაც მხოლოდ მოსახლეობის 1%-ია ასეთი.

“ნიუ-იორკელი პაციენტი”, როგორც მას ექიმები უწოდებენ, 2013 წლიდან მკურნალობდა აივ-ინფექციას, 2017 წელს კი ლეიკემიის დიაგნოზიც დაუდგინდა. მის სამკურნალოდ გამოყენებული პროცედურა, რომელიც ცნობილია, როგორც “Haplo-Cord ტრანსპლანტაცია”, ვეილ კორნელის ჯგუფმა შეიმუშავა. აღნიშნული მეთოდის დროს პაციენტს ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია უტარდება, რომლის ღეროვანი უჯრედებიც მძლავრ ახალწარმოქმნილ იმუნურ სისტემას შეიცავს. ერთი დღის შემდეგ კი დაავადებული ადამიანი ზრდასრული ღეროვანი უჯრედების უფრო დიდ რაოდენობას იღებს.

ზრდასრულ ღეროვან უჯრედებთან შედარებით, ჭიპლარის სისხლი უფრო ადაპტირებადია — როგორც წესი, ნაკლებ HLA-ის შესაბამისობას საჭიროებს კიბოს წარმატებული მკურნალობისთვის და ასევე, ნაკლებ გართულებებს იწვევს. თუმცა ჭიპლარის სისხლი საკმარის უჯრედებს არ აწარმოებს, რათა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად იქცეს მაღალი სტადიის კიბოსთვის. Haplo-Cord-ის ტრანსპლანტაციისას კი ზრდასრული დონორისგან დამატებითი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დამხმარე საშუალებას წარმოადგენს, რადგან იგი ბევრი უჯრედის წარმოქმნას უზრუნველყოფს.

“ზრდასრული დონორის უჯრედების როლი ადრეული ტრანსპლანტაციის პროცესის დაჩქარება, გამარტივება და უსაფრთხოებაა”,— აცხადებენ ექიმები. მათი შეფასებით, აშშ-ში, დაახლოებით, 50 პაციენტს შეუძლია ამ პროცედურით სარგებლობა… ვინაიდან, ჭიპლარის სისხლის ნაწილობრივ თავსებადი ტრანსპლანტაციის გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ზრდის ამ პაციენტებისთვის შესაფერისი დონორების პოვნის ალბათობას.

ჭიპლარის სისხლის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ რესურსში გაცილებით ადვილია აივ რეზისტენტობის ანომალიების სკრინინგი, ვიდრე ეს ძვლის ტვინის შემთხვევაში ხდება.

ვიდრე ნიუ-იორკელი პაციენტი ამ მეთოდით მკურნალობის კანდიდატი გახდებოდა, ექიმმა ივონ ბრაისონმა და მისმა კოლეგებმა ჭიპლარის სისხლის ათასობით ნიმუში გამოცადეს… საბოლოოდ, პროცედურამ ძალიან კარგად ჩაიარა — ტრანსპლანტაციიდან სამი წლის თავზე პაციენტმა შეწყვიტა აივ მკურნალობა, რის შემდეგაც უკვე 14 თვე გავიდა, მაგრამ დაავადება აღარ გამოჩენილა. თანაც, მკვლევრებმა ქალის იმუნური უჯრედების ნიმუში აიღეს და ლაბორატორიული ექსპერიმენტით სცადეს მათი აივ-ით დაინფიცირება, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0