close
ეს საინტერესოა

მედიკოსებმა აღმოაჩინეს ადამიანი, რომლის შარდის ბუშტში ალკოჰოლი წარმოიქმნება

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში „შარდის ბუშტის ფერმენტაციის სინდრომის“ პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც საფუარის ფერმენტაციის შედეგად, ადამიანის შარდის ბუშტში ალკოჰოლი იხარშება.
ექიმემბა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ 61 წლის პაციენტი ქალის შარდის ბუშტში ალკოჰოლი ბუნებრივად წარმოიქმნებოდა.
ქალბატონმა პიტსბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოს ღვიძლის პრობლემის გამო მიმართა. თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ მისი პრობლემა ალკოჰოლის მოხმარებასთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც პაციენტს შარდის ანალიზს უტარებდნენ, ის ალკოჰოლზე დადებით პასუხს აჩვენებდა.
“თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ის ალკოჰოლის მოხმარების ფაქტს მალავდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ პლაზმის ტესტმა ეთანოლზე და შარდის ტესტმა ეთილის გლიკორონიდსა და ეთილის სულფატზე, რომლებიც ეთილის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებია — უარყოფითი პასუხები აჩვენა. ამავე დროს, დადებითი იყო შარდის ტესტის შედეგები ეთანოლზე“, – აცხადებენ ექიმები.
კიდევ ერთი საიდუმლო იყო დიდი ოდენობით გლუკოზა პაციენტის შარდში, მდგომარეობა, რომელსაც ჰიპერგლიკოზურიას უწოდებენ.
„ამ აღმოჩენამ გვიბიძგა, შეგვემოწმებინა, მოახდენდა თუ არა შაქრის ფერმენტაციას და შესაბამისად, ეთანოლის წარმოქმნას შარდის ბუშტში მოხვედრილი საფუარი“, -აცხადებენ მკვლევრები.
პაციენტის შარდზე ჩატარებული ტესტებით მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა ეთანოლის წარმოქმნის თვალშისაცემად მაღალი დონე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ასეთი უცნაური შედეგების მიზეზი ის იყო, რომ მის შარდის ბუშტში საფუარი ახდენდა შაქრის ფერმენტაციას.
კონკრეტული საფუარი Candida glabrata აღმოჩნდა, ორგანიზმში არსებული ბუნებრივი საფუარი, რომელიც ლუდის ხარშვის საფუარის მსგავსია, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში ორგანიზმში ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ გვხვდება.
სამწუხაროდ, აღნიშნული საფუარის გასანადგურებლად წარუმატებელი აღმოჩნდა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რისი მიზეზიც პაციენტის რთულად კონტროლირებადი დიაბეტი იყო. ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებმა მისთვის ღვიძლის გადანერგვა გადაიფიქრეს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, ეს უიშვიათესი სამედიცინო მდგომარეობა სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რადგან ამ პათოლოგიის ბუნება ჯერჯერობით დიდწილად გაურკვეველია.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response