close
ეკოლოგია

კლიმატის ცვლილებამ წყალდიდობები გაამწვავა

2025 წლის აპრილში აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში მომხდარმა ძლიერმა შტორმმა, რომელმაც სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მნიშვნელოვნად გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ — ამის შესახებ ნათქვამია World Weather Attribution (WWA) ჯგუფის უახლეს კვლევაში.

ოთხდღიანმა შტორმმა, რომელიც ცენტრალურ მისისიპის ველზე გავრცელდა, რვა შტატში რეკორდული ნალექი გამოიწვია, რასაც თან ახლდა კატასტროფული წყალდიდობა და ტორნადოები. WWA-ს შეფასებით, ამ შტორმის შედეგად მოსული ნალექი 9%-ით უფრო ინტენსიური და 40%-ით უფრო სავარაუდო იყო ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მექსიკის ყურის წყლების დათბობამ, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად 2.2°F-ით (დაახლოებით 1.2°C-ით) გაიზარდა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალი 80-დან 90 მილიარდ დოლარამდე შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (NWS) დროულმა გაფრთხილებებმა მსხვერპლი შეამცირა, ექსპერტები იუწყებიან, რომ NWS-ის ბიუჯეტის შემცირება და პერსონალის დეფიციტი მომავალში მსგავსი მოვლენების წინასწარ პროგნოზირებას გაართულებს.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა არ დაჩქარდება, მსგავსი დამანგრეველი შტორმები 2100 წლისთვის უფრო ხშირი და ძლიერი გახდება. ეს მოვლენა WWA-ს რიგით 101-ე კვლევაა, რომელიც კლიმატის ცვლილების გავლენას ექსტრემალურ ამინდზე აფასებს

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ახდენს გავლენას ამინდის ექსტრემალურ მოვლენებზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებელ მოქმედებას როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე გლობალური დათბობის შეჩერების მიმართულებით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0