close
ემიგრანტი

ზაქარია ფურცხვანიძე: ენათმეცნიერება და ემიგრაცია – ორი პერსპექტივა ერთ ბიოგრაფიაში

ქუთაისიდან დაწყებული აკადემიური და პროფესიული კარიერა, რომელიც დღეს გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობით გრძელდება, მეცნიერებისადმი ინტერესი, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს და ქართული ენის პერსპექტივები ტექნოლოგიების განვითარების ფონზე – იმ საინტერესო თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი – ზაქარია ფურცხვანიძე ქართველ კოლეგებსა და მკითხველს უზიარებს.  

ზაქარია, მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ – როგორია თქვენი პროფესიული გზა ენათმეცნიერებაში?

-განათლება დავიწყე საქართველოში, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია შევისწავლე. თუმცა ჩემი კვლევითი ინტერესი ენისა და გრამატიკის მიმართ უკვე სკოლაში გაჩნდა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში: მარინე უკლებამ ერთხელ გაკვეთილზე მოგვასმენინა აკაკი შანიძის აუდიოჩანაწერი ქართული ენისა და ანბანის შესახებ – მაშინდელი შთაბეჭდილება დღემდე მასაზრდოებს. მოგვიანებით ნუნუ მელქაძე და ლალი ტუკვაძე ხვეწდნენ არა მარტო ჩემს, არამედ მთელი თაობის ენობრივ და ლიტერატურულ გემოვნებას. ქუთაისში უნივერსიტეტის წლები უკავშირდება ჟუჟუნა ფეიქრიშვილის, მარინა ქაცარავას, ნანული კაკაურიძის მეცნიერულ და პიროვნულ წრთობას, რომლის სტანდარტიც საუკეთესო მომზადება იყო ევროპული სკოლებისთვის.

90-იანი წლების ბოლოს, ჩემი ცხოვრების შემდგომი ეტაპი იყო ემიგრაცია გერმანიაში, სადაც სწავლა განვაგრძე ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტში გერმანისტიკისა და ფილოსოფიის მიმართულებით (1999-2004). ენათმეცნიერებას ვსწავლობდი ასევე ბოსტონში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (2005). შემდგომ კი, 2006 წელს, ჩავაბარე ემპირიული ენათმეცნიერების დოქტორანტურაში,  ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, სადაც დისერტაცია დავიცავი შედარებით ენათმეცნიერებაში.

გარდა ამისა, მე მქონდა პატივი 15 წლის განმავლობაში  ვყოფილიყავი ლექტორი გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში (2009 – 2023) და პროექტების ხელმძღვანელი. ასევე, აქტიურად ვმონაწილეობ დიასპორულ მუშაობაში, როგორც საზოგადოება „Caucasiada e.V.“-ს თანა-თავმჯდომარე.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან ვარ ილია უნივერსიტეტის ლინგვისტური ოჯახის წევრი: ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი და ძალიან მოტივირებულ გუნდთან ერთად ვმუშაობ ბავშვის ქართული მეტყველების, ენის ათვისებისა და ენობრივი განვითარების პროექტში.

ჩემი კვლევის ინტერესები მოიცავს კავკასიურ ენებს, დიალექტოლოგიას, ენის პოლიტიკასა და ენის როლს მიგრაციის პროცესებში. ბოლო წლებში ვმუშაობ ისეთ თემებზე, როგორიცაა ენისა და კოლექტიური მეხსიერების კავშირი, მარგინალიზებული ენობრივი ჯგუფების დოკუმენტირება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ენათმეცნიერებაში.

რატომ ენათმეცნიერება? რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ამ დარგისადმი?

-როგორც აღვნიშნე,  ენისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. მოგვიანებით გაჩნდა ინტერესი საკითხებისადმი, როგორიცაა მაგალითად, როგორ შეუძლია ენას შექმნას იდენტობა, გადასცეს კულტურა თაობებს და შეინარჩუნოს ისტორია. ამ ინტერესმა დამიბრუნა ჩემს ფესვებთან – ქართულ ენასა და ლიტერატურასთან – და ამიტომ გადავწყვიტე, სასწავლებლად ენათმეცნიერება ამერჩია. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ემიგრაცია გერმანიაში. უცხო ენა, უცხო კულტურა – ეს ჩემთვის იყო არა მხოლოდ ცხოვრებისეული გამოწვევა, არამედ მეცნიერული ინტერესის ახალი არეალი.

ენათმეცნიერება ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ძველი ტექსტების ანალიზი. საკმარისია გავიხსენოთ ხელოვნური ინტელექტი, ენის მოდელები, რომლებიც დღეს ყველგან გვხვდება. ენათმეცნიერება პირდაპირ უკავშირდება ტექნოლოგიურ განვითარებას და ეკონომიკასაც კი – ეს არის ის სფერო, სადაც ენა და ტექნოლოგია ერთიანდება. ენის მოდელების ხარისხი, მათი გამოყენება AI სისტემებში, ენობრივი მონაცემების ანალიზი – ეს ყველაფერი აყალიბებს არა მარტო უახლოეს მომავალს, არამედ უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყველანაირად ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ენის ამ პროცესებში ჩართულობაში, მინდა რომ ქართული ენა თუ კულტურა  წარმოდგენილი იყოს ციფრულ სივრცეში, თანამედროვე ტექნოლოგიებში, ენის კორპუსებსა თუ ხელოვნური ინტელექტის მოდელებში, რადგან ენათმეცნიერება ჩემთვის არის ხიდი – წარსულსა და მომავალს შორის, კულტურებსა და ხალხებს შორის, მაგრამ ამავე დროს ეს არის ადგილი, სადაც ხდება ტექნოლოგიური ინოვაცია.

რას ნიშნავს თქვენთვის ემიგრაცია როგორც ენათმეცნიერისა და როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის?

-როგორც ენათმეცნიერს, ემიგრაციამ მაჩვენა, რომ ენა არის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი იდენტობის შესანარჩუნებლად. როდესაც ახალ კულტურულ გარემოს ერგები, ენა ხდება ხიდი და ერთდროულად ბარიერი – ეს გამოცდილება სულ სხვა დონეზე გაძლევს საშუალებას, გაიაზრო ენის სოციალური როლი. სწორედ ამიტომ, ჩემი ერთ-ერთი კვლევითი მიმართულება ეხება მიგრაციის პროცესებში ენობრივი იდენტობის ცვლილებას და ენის გამოყენების სტრატეგიებს.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ეს იყო შანსი, მუდმივად გამემყარებინა ჩემი კავშირი ქართულ კულტურასთან და ენასთან. ამ კავშირის შენარჩუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო, ფრანკფურტის საქალაქო რადიოში  Caucasiada e.V.-სთან შევქმენით ქართულენოვანი გადაცემა – „სულიკო“, რომლის წყალობითაც დიასპორაში მცხოვრები ქართველები ქართულ ენას, კულტურასა და აქტუალურ თემებს არ ეთიშებიან. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ენა დარჩეს ცოცხალი ემიგრაციაში.

ემიგრაციამ მასწავლა, რომ ენა არ არის მხოლოდ მემკვიდრეობა – ეს არის ყოველდღიური გადაწყვეტილება, რომელიც შენს იდენტობას აყალიბებს. როგორც ენათმეცნიერი, ამას მეცნიერულად ვიკვლევ, ხოლო როგორც მოქალაქე – ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობ შევინარჩუნო. ემიგრანტისა და ენათმეცნიერის რანგში ჩემთვის დიდი პატივი და ამასთან ვალდებულება იყო, რომ წვლილი შემეტანა “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოში “აგენტების შესახებ კანონი” ეწოდება. ჩემს კოლეგებთან შევისწავლეთ პარლამენტის მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი კორპუსლინგვისტური მეთოდებით და მათემატიკური მოდელებით, რამაც აჩვენა რომ ამ ტექსტს მკაფიო პარალელები აქვს რუსეთის კანონმდებლობასთან, მაშინ როცა ის მკვეთრად განსხვავდება ამერიკული ანალოგებისგან. ეს კვლევა წარედგინა  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამჟამად ქვეყნდება გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში – როგორც მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ლინგვისტური ანალიზი იურიდიული ტექსტების შეფასებისას.

 

როგორია თქვენი ყოველდღიურობა გერმანიაში? როგორ შეაფასებდით იქაურ გარემოს  თქვენი პროფესიული განვითარებისთვის?

-ჩემი ყოველდღიურობის ცენტრი გერმანიაში არის ოჯახი. მე ვარ ნანა ჭავჭანიძის მეუღლე და ოთხი შვილის – გიორგის, ლილის, მარიამისა და თედოს – მამა. ადვილი წარმოსადგენია, რომ როდესაც ცდილობ შვილებს საკმარისი დრო დაუთმო, სხვა აქტივობებისთვის დიდი დრო აღარ რჩება, მაგრამ ნანას წყალობით ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული და სტრუქტურირებულია.

2025 წლიდან, ჩემი უნივერსიტეტის ყოფილ კოლეგასთან ერთად ფრანკფურტში, უნივერსიტეტის ყოფილ კამპუსზე, შევქმენით კერძო კვლევისა და განათლების ცენტრი Schöne Sprache (www.schoenesprache.de). ჩვენ ორივე ვხელმძღვანელობთ ამ ცენტრს, გვყავს 11 თანამშრომელი და 20-მდე პარტნიორი ორგანიზაცია. ვცდილობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

რაც შეეხება პროფესიულ გარემოს, გერმანიაში – ის ძალიან თავისუფალია. აქ მხოლოდ ის გაქვს, რისთვისაც რამეს აკეთებ და რისთვისაც თავად იღებ პასუხისმგებლობას. თუ არაფერი გაგაჩნია, არა იმიტომ, რომ არ გაგიმართლა, არამედ იმიტომ, რომ ამისათვის საკმარისად არ ირჯები. ამავე დროს, საზოგადოება ღიაა ახალი იდეებისთვის და მზად არის მათი განხორციელებისთვის სივრცე შეიქმნას. მაგრამ ეს ყველაფერიც რთულია, რადგან მუდმივად მუშაობა გჭირდება საკუთარ თავზე და საკუთარ უნარებზე, განვითარება არასდროს წყდება. ამიტომ გერმანიაში ცხოვრება და პროფესიული განვითარება ჩემთვის არის მუდმივი თვითდისციპლინის, ინოვაციის და პასუხისმგებლობის ბალანსი.

ვისაუბროთ უახლეს ტენდენციებზე, რა გავლენებს ამჩნევთ თანამედროვე ციფრული სამყაროს/ტექნოლოგიების განვითარებასა და მეცნიერებას შორის?

-ენათმეცნიერებაში ციფრული სამყაროს განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ის, თუ როგორ ვიკვლევთ ენას. მაგალითად, ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP), ენობრივი მოდელები და ხელოვნური ინტელექტი ის სფეროებია, სადაც ენათმეცნიერმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს. ენა და მისი ტექნოლოგიური მოდელირება არ არის მხოლოდ პროგრამისტების ამოცანა – აქ საჭიროა ენის სტრუქტურების, სემანტიკისა და სინტაქსის შესახებ სიღრმისეული ცოდნაც. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ პროცესში არის ის, რომ პატარა ენები, როგორიცაა ქართული, არ დარჩეს ტექნოლოგიური განვითარების მიღმა. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ენათმეცნიერებს, პროგრამისტებთან ერთად, უნდა შევუქმნათ ქართული ენის მონაცემთა ბაზები, კორპუსები, უნდა ვიმუშაოთ ლექსიკოგრაფიულ ინსტრუმენტებზე, რომ ქართულიც სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი ციფრულ სამყაროში. მაგალითად, მე ვმუშაობ ქართული ენის Word Embedding ინსტრუმენტზე, რომელიც დაეხმარება ქართულს იყოს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებში, AI-სა და სხვა ციფრულ გარემოში.

რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში ტექნოლოგიური რესურსების კუთხით მეცნიერების ენათმეცნიერების განვითარებისთვის?

-საქართველოში ტექნოლოგიური რესურსების კუთხით ენათმეცნიერებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ენათმეცნიერები და ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებითა და ციფრული ენის დამუშავებით, ვფიქრობ, სახელმწიფოებრრივ დონეზე უნდა იყოს სერიოზული ინტერესი იმისთვის, რომ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაცია რეალობად იქცეს.

საქართველოში, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებსა და პატარა ქალაქებში, ბიბლიოთეკებში ინახება უნიკალური არტეფაქტები, ხელნაწერები, ტექსტები მე-19 და 20-ე საუკუნეებიდან, რომლებსაც უკვეემუქრება განადგურება არასათანადო შენახვის პირობების გამო. მათი გადარჩენა შეიძლება ძალიან მარტივი ტექნოლოგიური საშუალებებით – სპეციალური სკანერებით, რომელთა ფასი მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ასეული ევროა. შესაბამისი ბიუჯეტის მობილიზებით შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ ფორმატში გადატანა და დაცვა, იგივე ეხება მუზეუმებს და არქივებს.

უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, რომ ციფრული არქივების შექმნა, ენობრივი და კულტურული არტეფაქტების შენარჩუნება და მათი მომავლისთვის გადაცემა, დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ენობრივი მონაცემები დღეს უკვე იქცა მომავლის ვალუტად. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრია ენის მოდელებსა და მონაცემებს ხელოვნურ ინტელექტში, ხოლო საქართველო ამ პროცესს გვერდით რჩება.

და ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს, რომლებიც კარიერის გაგრძელებას ქვეყნის გარეთ ფიქრობენ?

-ცოდნის გაფართოება, საკუთარი თვალსაწიერის გაზრდა და საკუთარი თავის გამოცდა სხვა გარემოში აუცილებელია როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ზრდისთვის. მაგრამ ამავდროულად, მინდა ვურჩიო მათ: არ დაკარგოთ კავშირი საქართველოსთან. ეცადეთ, თქვენი ცოდნა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიიღებთ, ისევ ქართულ რეალობაში ჩადოთ, თუნდაც მცირე ნაბიჯებით. თქვენ ხართ ხიდი საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უნდა იცოდეთ, რომ უცხოეთში ცხოვრება თავისუფლებას გაძლევთ, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს მუდმივ შრომას საკუთარ თავზე, თქვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, თვითორგანიზებასა და თვითდისციპლინაზე.

და რაც მთავარია: გქონდეთ გამბედაობა! არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების. მეცნიერება მუდმივი ძიებაა – სწორედ აქ იმარჯვებს ის, ვინც მზად არის იმოქმედოს, სცადოს, გაიმეოროს და კიდევ სცადოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0