close
დედამიწა

დაკარგული კონტინენტი 375 წლის შემდეგ აღმოაჩინეს!

ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს რაღაც ცხადის გარკვევას. 

იმის აღმოჩენას, რაც მუდამ ჩვენ თვალწინ იყო, 375 წელი დასჭირდა. მსოფლიოს ენციკლოპედიები, რუკები და საძიებო სისტემები მტკიცედ გვარწმუნებდნენ მხოლოდ შვიდი კონტინენტის არსებობაში, 2017 წელს კი გეოლოგების ჯგუფმა ეს წარმოდგენა შეცვალა. როგორც ჩანს, დედამიწაზე სულ 8 კონტინენტია, თუმცა ამ უკანასკნელად აღმოჩენილის 94% წყალშია და მხოლოდ რამდენიმე კუნძულია წყალსზემოთ მოქცეული, მაგალითად, ახალი ზელანდია.

“ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს რაღაც ცხადის გარკვევას” – ამბობს გეოლოგი ენდი ტულოჩი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ ვერ შეძლეს მეცნიერებმა მისი აღმოჩენა აქამდე? სიმართლე ის არის, რომ ზელანდია ყოველთვის რთულად შესასწავლი იყო. მას შემდეგ, რაც ჰოლანდილემა მეზღვაურმა აბელ ტასმანმა 1642 წელს ახალი ზელანდია აღმოაჩინა, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ბრიტანელი მეზღვაური და კარტოგრაფი ჯეიმზ კუკი სამხრეთ ნახევარსფეროში გაგზავნეს, რათა დედამიწასა და მზეს შორის ვენერას გავლას დაკვირვებოდა. ეს იმის გარკვევას ემსახურებოდა, თუ რამდენად შორს იყო მზე ჩვენი პლანეტისგან. ამასთან ერთად, დაევალა საიდუმლო მისიის შესრულებაც – სამხრეთ კონტინენტის სრულად შესწავლა, თუმცა მან ახალ ზელანდიას ვერ მიაგნო.

ზელანდიის შესახებ რეალური ცნობები 1895 წელს, შოტლანდიელმა ნატურალისტმა სერ ჯეიმს ჰექტორმა მოიპოვა. მიუხედავად ამ ადრეული მიღწევებისა, ზელანდიის შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანი იყო და კვლევაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. “ამ საკითხში ყველაფერი ძალიან ნელა ხდება” – ამბობს გეოლოგი ნიკ მორტიმერი, რომელიც 2017 წელს კვლევას ხელმძღვანელობდა.

შემდეგ, 1960-იან წლებში კი გეოლოგები საბოლოოდ შეთანხმდნენ, თუ რა არის ეს კონტინენტი – გეოლოგიური არეალი, კლდეების მრავალფეროვნებით და სქელი ქერქით. ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმისა, რაც შემდგომ კვლევებს საჭიროებდა. მტკიცებულებების შეგროვების შედეგად კი მეცნიერები მერვე კონტინენტის აღმოჩენას შეძლებდნენ. 1995 წელს ამერიკელმა გეოფიზიკოსმა ბრიუს ლუენედიკმა კვლავ აღწერა ეს რეგიონი, როგორც პოტენციური კონტინენტი.

2017 წლის კვლევის ფარგლებში კი გაკეთებული ზღვის ფსკერის ნიმუშებიდან ირკვევა, რომ ზელანდია მსუბუქი კონტინენტური ქერქისგან შედგება და არა მუქი ვულკანური ქანებისგან. აღსანიშნავია, რომ მკვლევრებს აოცებთ ის ფაქტი, როგორ ინარჩუნებს ზელანდია სიმყარეს და არ იშლება, როცა ასეთი სუსტი ქერქი აქვს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზელანდია უძველეს სუპერკონტინეტ გონდოვანს 100 მილიონი წლის წინ ჩამოცილდა, რასაც მიწის დეფორმაცია მოჰყავს და ქერქის დიდი ნაწილი წყალქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ამასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა – ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ეს ნაწილი ყოველთვის ჩაძირული იყო.

ექსპედიციის ფარგლებში მეცნიერებმა დაახლოებით 8,000 ნამარხი აღმოაჩინეს. რამაც მათ ასეულობით სხვადასხვა სახეობის შესწავლის საშუალება მისცა. საინტერესოა ახალ ზელანდიაში დინოზავრების – საუროპოდის, ჰიპსილოფოდონტის და ანკილოზაურის აღმოჩენილი ნაშთები. ეს ფაქტი სწორედ ზემოთ აღნიშნულს ეხმიანება – როგორ იარსებებდნენ ხმელეთის ცხოველები ამ ტერიტორიაზე, თუ მუდამ ჩაძირული იყო? მთლიანობაში მეცნიერები თანხმდებიან, რომ აქ აღმოჩენილი ნაშთები ერთ დროს გონდოვანზე არსებული საერთო წინაპრებისგან განვითარდნენ. გარდა ფაუნის მრავალფეროვნებისა, საგულისხმოა, რომ აქ აღმოჩენილი ნიმუშები ყვავილის მტვრის არსებობასაც ადასტურებს.

კიდევ ერთი უჩვეულო რამ, რასაც ზელანდიაში ვაწყდებით, ასეთია – “ფირფიტის საზღვარი, რომელიც სამხრეთის კუნძულის გასწვრივ გადის და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს”. 

როგორც გეოლოგები აცხადებენ, კონტინენტი, სავარაუდოდ, ყველა საიდუმლოს უახლოეს მომავალში “არ გაგვანდობს”. “მართლაც რთულია ასეთი კონტინენტის სრულად შესწავლა. რეგიონების გამოკვლევისთვის ბევრი დრო, ფული და ძალისხმევაა საჭირო”.

სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს მერვე კონტინენტის არსებობა ნამდვილად ცხადყოფს, კონკრეტული ტერიტორიის მიგნებიდან 400 წლის შემდეგაც კვლავ ბევრი რამ რჩება აღმოსაჩენი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0