close
გამოგონება - ინოვაცია

ბაქტერიების მეშვეობით არაცხოველური ტყავი შექმნეს, რომელიც შავად თავისით იფერება

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში მომუშავე მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ბაქტერიების მეშვეობით არაცხოველური ტყავი შექმნეს, რომელიც, ამავდროულად, პლასტმასასაც არ შეიცავს. დამატებით, ეს მასალა შავ ფერს თავისით იღებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში სინთეტიკური საღებავები გამოიყენება, რაც გარემოსთვის საზიანოა.

სპეციალისტებმა ახალი ბიომატერია Komagataeibacter-ის გვარის გრამუარყოფითი ბაქტერიების დახმარებით მიიღეს. ისინი ბაქტერიულ ცელულოზას წარმოქმნიან, რომელიც გასაოცარი მახასიათებლების გამო აკუსტიკურ მოწყობილობებსა და ჭრილობების მოსაშუშებლადაც კი შეიძლება, გამოვიყენოთ.

სპეციალისტებმა მიკრობებს ის გენები შეუცვალეს, რომლებიც ცელულოზის ფენების წარმოქმნაში მონაწილეობს. შემდეგ გენური მოდიფიკაციით უზრუნველყვეს, რომ ბაქტერიებს მუქი შავი პიგმენტიც გამოეყო, რომელსაც ეუმელანინი ეწოდება.

“ტყავის თვითშეფერვადი და მდგრადი ალტერნატივების შექმნის ახალი და სწრაფი ხერხის შემუშავება დიდი მიღწევაა. ბაქტერიული ცელულოზა არსებითად ვეგანურია. მისი მიღების პროცესს ნახშირბადის მხოლოდ მცირე ემისია ახლავს თან და წყლისა თუ მიწის მცირე რესურსს საჩიროებს, ვიდრე ეს საქონლის ფერმებში ხდება.

ტყავის ისეთი შემცვლელებისგან განსხვავებით, რომლებიც პლასტმასას შეიცავს, ბაქტერიული ცელულოზის შექმნა ნავთობქიმიური პროდუქტების გარეშეა შესაძლებელი და უსაფრთხოდ, არატოქსიკურად, ბიოდეგრადირდება”, — აცხადებენ ავტორები.

ეს ცელულოზა მათ ფეხსაცმლის ფორმაზე “გაზარდეს”. სასურველი შედეგის მიღებას მხოლოდ 2 კვირა დასჭირდა, რის შემდეგაც სათანადო პირობებში 30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე დააყოვნეს.

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტყავის მდგრად შემცვლელებზე აქტიურად მუშაობენ. ამ მხრივ გენური ინჟინერია მნიშვნელოვანია, რადგან ის ასეთი ბიომატერიების ფიზიკური და ესთეტიკური მახასიათებლების გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. უკანასკნელ მეთოდს ისიც გამოარჩევს, რომ სხვა მიკრობების გენების გამოყენებით განსხვავებული ფერების წარმოქმნაცაა შესაძლებელი.

მეცნიერები ამ მხრივ კვლევას აგრძელებენ, თან მათ ახლახან 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა. წყარო

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0