close
სოფლის მეურნეობატექნოლოგიები

აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის საკვებად გამოყენება ნებადართული გახდა

აშშ-ის რეგულატორებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის საკვებად გამოყენების ნებართვა გასცეს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ცილებით მდიდარი საკვების ფართოდ გამოყენებას და არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგია ტექსასის A&M University-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, და იმედოვნებენ, რომ საკვებად ვარგისი ბამბის მცენარე კომერციულად ხელმისაწვდომი ხუთი წლის განმავლობაში გახდება.

ბამბა 80-ზე მეტ ქვეყანაში მოჰყავთ, ბოჭკოს ქსოვილების საწარმოებლად იყენებენ, ბამბის თესლს კი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მათ შორის მას ისეთი შინაური ცხოველის გამოსაკვებად იყენებენ, რომლებსაც მრავალსაკნიანი კუჭები აქვთ. ჩვეულებრივ, ბამბის თესლი ადამიანისა და შინაური ცხოველის ბევრი სახეობის საკვებად უვარგისია, ვინაიდან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერება gossypol-ს.

მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა გენის ჩასახშობად ე.წ. RNAi ტექნოლოგია გამოიყენა, რისი საშუალებითაც ბამბის თესლისგან gossypol-ი ამოიღეს. ის ბამბის თესლში მხოლოდ მცირე დონით დატოვეს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, აღნიშნული ნივთიერება ბამბის თესლს მწერებთან და დაავადებასთან გასამკლავებლად ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირება ბამბის ბოჭკოს ქსოვილების წარმოებაში გამოყენებას ხელს არ უშლის.

„ბამბის თესლის გამოყენება სხვადასხვაგვარად ხდება. მისგან საკვები ზეთის წარმოებას კვლავ გავაგრძელებთ, თუმცა ცილებით მდიდარ  ნარჩენს გადაყრის ნაცვლად პურსა და სხვა პურ-ფუნთუშეულის ნაწარმში დანამატის სახით გამოვიყენებთ. თესლის გული კი შესაძლებელია მოვხალოთ და წახემსების სასიამოვნო საშუალებად ვაქციოთ ან მისგან მიწის თხილის კარაქის მსგავსი საკვები დავამზადოთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მათივე განმარტებით, მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული ბამბის თესლი 10.8 ტრილიონ გრამ ცილას შეიცავს, რაც საკმარისია დაახლოებით 500 მილიონი ადამიანის ცილის მიღების დღიური ნორმის (50 გრ.) დასაკმაყოფილებლად.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response