close
ედამიწა

ცხოვრობს თუ არა კანიბალების ტომი ინდოეთის ოკეანეში?

The twilight of the Andaman Jarawa

ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ ჩრდილოეთ სენტინელზე არსებობს ტომი, რომლის წარმომადგენლები შესაძლოა იმ პირველი ადამიანის პირდაპირი შთამომავლები არიან, რომლებიც რამდენიმე ათასი წლის წინ აფრიკიდან წამოვიდნენ.

მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით.

მედიაში გამოქვეყნებული სტატიები ტომს აღწერენ, როგორც მოძალადეს და კაციჭამიას, რომ ისინი თავს ესხმიან ყველას, ვინც მიუახლოვდებათ. სიმართლე კი ისაა, რომ სენტინელებს ამ თავდასხმის საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი აქვთ. ისინი იმდენად იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან, რომ სხვადასხვა დაავადების მიმართ იმუნიტეტი საერთოდ არ გააჩნიათ.

სენტინელები, სავარაუდოდ, 60,000 წელია ამ კუნძულზე ცხოვრობენ. კუნძული სქელ ჯუნგლშია გახვეული და შეუძლებელია ჰაერიდან იმის დანახვა, თუ რა ხდება იქ.

ინფორმაციის არარსებობის გამო, მედია არ ერიდება ტომის დასახასიათებლად ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: ისინი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობენ, ისინი კანიბალები არიან, ისინი მეომრები არიან და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Survival International-ი” ამ წარმოდგენების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მედია ქმნის მითებს, რომლებიც კარგი ისტორიებია მკითხველისთვის, მაგრამ პრობლემაა ამ ტომის ხალხისთვის. „მსოფლიოში სხვადასხვა ტომების ხალხები აღიქმებიან, როგორც ბინძური და ველური არსებები, რომლებიც სასიკვდილოდ განწირულ არქაულ საზოგადოებას განეკუთვნებიან. უარყოფითი დახასიათება უარყოფით სტერეოტიპებს ქმნის, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს,“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენტინელების ცუდ რეპუტაციას  გარესამყაროსთან კონტაქტზე მათი ცივი უარი განაპირობებს. ,,Survival International-ი” აცხადებს, რომ 2004 წელს, როდესაც ცუნამის შემდეგ ვერტმფრენმა კუნძულს გადაუფრინა, რათა მისი მცხოვრებლების მდგომარეობა გაეგოთ, ერთ-ერთმა სენტინელმა მამაკაცმა პილოტს ისარი დაუმიზნა. ამ ჟესტით მან ნათლად განაცხადა : „ჩვენ აქ თქვენ არ გვჭირდებით.“

მათ არავის დახმარება არ სჭირდებოდათ. მიუხედავად 2004 წლის დამანგრეველი ცუნამისა, ისინი გადარჩნენ. „იქნებ სწორედ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნამ, მთვარის ციკლებისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე დამოკიდებულებამ გადაარჩინა.”

კიდევ ერთი მითი, რაც სენტინელებთანაა დაკავშირებული, ისაა, რომ მათ 2006 წელს ორი მეთევზე მოკლეს.

,,Survival International-ის” ინფორმაციით, ტომის წარმომადგენლების აგრესია იმით აიხსნება, რომ გარესამყაროსგან მათ ძალადობისა და ზიზღის მეტი არაფერი მიუღიათ.

მე-19 საუკუნის ბოლოს ხანში შესული წყვილი და ორი ბავშვი კუნძულიდან იძულებით წაიყვანეს. წყვილი მალე დაავადდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბავშვები კუნძულზე დააბრუნეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ბავშვებმა კუნძულის ბევრი მცხოვრები დააინფიცირეს.

რაც შეეხება კანიბალიზმთან დაკავშირებულ ბრალდებას, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცალკეული შემთხვევები არ ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება კანიბალია. „საქმე იმაშია, რომ დევიანტურ, სასტიკ და ფსიქოპატურ ქცევას  ადგილი ყველა საზოგადოებაში აქვს.“

ორგანიზაციის ინფორმაციით, არ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ ტომის ხალხი ვინმეს კლავს ან ჭამს. ზოგიერთი სოციალური მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს. რომ გავრცელებული ინფორმაცია მათი კანიბალიზმის შესახებ, მითია.

,,Survival International-ი” აცხადებს, რომ ტომების ხალხებზე უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად კარგი იქნება თუ იმ წვლილზეც გაამახვილებენ ყურადღებას, რაც მათ მსოფლიოს განვითარებაში შეიტანეს. ტომის ხალხების სისასტიკეზე წერისა და საუბრის ნაცვლად, კარგი იქნება, თუ მედია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრებს და დაწერს. მაგალითად, იმის შესახებ, რომ ისეთი საკვები პროდუქტების განვითარება,  როგორიცაა, მანიოკი, კარტოფილი და სხვ. სწორედ ტომებს უკავშირდებათ.

„ადამიანების უსარგებლო და სასტიკ არსებებად დანახვა ადვილია მათთვის, ვინც ამ  ადამიანებით კი არაა დაინტერესებული, არამედ მათ გარშემო არსებული მინერალებით, ხეებით და ოქროთი, რომელიც მათ მდინარეებს მოყვება,“ – აღნიშნულია ,,Survival International-ის” ინფორმაციაში.

 

წყარო: http://www.playground.plus

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid