close
განათლებაეკოლოგიასაქართველო

სტუდენტი სტუდენტური ცხოვრების წასახალისებლად – ,,თსუ – ეკომოლაშქრეთა კლუბი“

  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, უკვე მოახერხა, წარმატებული პროექტის ავტორი გამხდარიყო და საუნივერსიტეტო ცხოვრება არა მხოლოდ თავისთვის – სხვა სტუდენტებისთვისაც გაეხალისებინა. რატი გელაშვილი სტარტაპ ,,თსუ – ეკომოლაშქრეთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო მიმართულება წარმატებით დაამთავრა, ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მიმართულების მაგისტრანტია, პარალელურად კი -არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე მოხალისეში“ მუშაობს. აგრეთვე, ტურისტებისათვის ლაშქრობებსაც ხელმძღვანელობს. მისი პროფესიული ინტერესი საკმაოდ სპეციფიკური და საინტერესოა – მაღალმთის მცენარეულობაზე ადამიანის მავნე ზეგალენის კვლევა. უფრო ვრცლად რატისა და მისი საქმიანობის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

საიდან გაჩნდა ,,ეკომოლაშქრეთა კლუბის“ დაარსების იდეა?

-ჩვენი კლუბის პრეზენტაციისას ეკრანზე ნახავთ სამ წარწერას: „თსუ – გარემოსდაცვა – ლაშქრობა“. განვმარტავ: აქტიური სტუდენტი ვარ და მიუხედავად მაღალი აკადემიური მოსწრებისა, პირველი კურსიდანვე ვახერხებდი და ჩართული ვარ უნივერსიტეტის საქმიანობაში: ვიყავი უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და სტუდენტური ომბუდსმენის წევრი. ამან ძალიან შემაყვარა ჩემი უნივერსიტეტი და მასწავლა როგორ უნდა ვაკეთო საქმე. ასევე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ვმონაწილეობდი შიდა და ინტერნაციონალურ გარემოსდაცვით პროექტებში და მთელი არსებით ვიყავი დაკავშირებული ეკოლოგიასთან. მეორე მხრივ, ჩემი ჰობი კი არის ლაშქრობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთ ზაფხულსაც მომივიდა იდეა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე მოლაშქრეთა კლუბი დაგვეარსებინა. ამის რესურსი იყო. როგორც ყოველთვის, სტატიკური იდეა არ არსებობს და მუდმივ განახლებაშია. ასეც მოხდა, როცა 1 კვირის შემდეგ უკვე ვორდის და ექსელის ფაილებში მქონდა შეკრული ძირითადი ბაზა და ამ ბაზაზე ჩვენი კლუბის მიმართულება ორ ნაწილად ვითარდებოდა: გარემოსდაცვითი და სპორტული ანუ ლაშქრობის.

-როგორც კლუბის დამფუძნებელი, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, როგორ შეაფასებ თქვენს საქმიანობასა და ამ საქმიანობის მნიშვნელობას?

-ვფიქრობ, თანამედროვე უნივერსიტეტი არ გულისხმობს მხოლოდ სწავლას, კვლევასა და აკადემიურ მიღწევებს. განსაკუთრებით, სტუდენტი ბაკალავრიატზე იხვეწება, რისთვისაც გარდა აკადემიური საქმიანობისა, მნიშვნელოვანია, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, თანატოლებთან კონტაქტი და არაფორმალური აქტივობები. ჩვენი კლუბი კი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და გარდა სწავლისა, სტუდენტებს ერთმანეთის გაცნობა–დამეგობრების საშუალებას აძლევს. განსხვავებით სხვა მოლაშქრეთა კლუბებისგან, ჩვენი კლუბი არაკომერციულია, ვთავაზობს მრავალფეროვან ღონისძიებებს სპორტულ აქტივობეასთან ერთად, გაყვარებს შენი სამშობლოს ბუნებას და არაფორმალური ლექციების წყალობთ გაცნობს მისი დაცვის ზომებს.

სტუდენტებს ხშირად აქვთ კითხვა, თუ რა უნდა ქნან, თუ საკუთარი აღჭურვილობა არ აქვთ. ამ შემთხვევაში, ლაშქრობის აუცილებელ ინვენტარს (კარავს, საძილე ტომარას და ქვეშსაგებს) ჩვენ ვაძლევთ, მათი ძირითადი საზრუნავი კი – სალაშქრო ჩანთა და კომფორტული ტანსაცმელია.

დაარსების დღიდან, ჩვენმა კლუბმა მოინახულა ქვათახევის მონასტერი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, ბირთვისის კანიონი, ხადას და თრუსოს ხეობები, ყაზბეგის ეროვნული პარკი და ა.შ.

-როგორ შეუძლიათ მსურველებს თქვენი გუნდის წევრები გახდნენ?

-უპირველეს ყოვლისა,  მთავარია, მსურველი იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი. პროცედურა კი ასეთია: კლუბი აცხადებს წევრების მიღებას სემესტრის დასაწყისში და ამ დროს, შეხვედრაზე, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობის ასლი. უშუალოდ ლაშაქრობამდე კი -ჯანმრთელობის ცნობა.

გაწევრიანება სემესტრულად არის ანუ ყოველ სემესტრში თავიდან ვიღებთ წევრებს. შესაბამისად, ყველა სემესტრში ეკომოლაშქრეების სხვადასხვა რაოდენობაა, მაგრამ წინა სემესტრში ამჟამინდელი რეკორდი მოვხსენით და 200 წევრამდე დავარეგისტრირეთ.

ძირითადი პროექტები, რომელზე დაინტერესებაც მაღალია, ლაშქრობებია. გარდა ამისა, ვატარებთ საჯარო ლექციებს, ფილმის ჩვენებებს, კონკურსებს, სახალისო თამაშებსა და ტრენინგებს. ასევე, გვქონდა დასუფთავების და გამწვანების აქციებიც.

-რა სახსრებით არსებობს კლუბი?

-ჯერჯერობით, პროექტის მთავარი პარტნიორი და დამფინანსებელი უნივერსიტეტია. მიუხედავად რთული ბიუროკრატიული მექანიზმისა, ადმინისტრაცია გვერდით გვიდგას და მაქსიმალურად გვეხმარება. ასევე, ვთანამშრომლობთ მოლაშქრეთა კლუბ „მწვანე ზებრასთან“, ჩირისა და ნატურალური პროდუქტების მაღაზია – „ჩირჩხელასთან“, მცენარეულობისა და ეკოპროდუქტების მაღაზია – „სადახლოსთან“, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მოხალისეებთან“, რადიო ჯაკო FM–თან და ა.შ.

-როგორ ახერხებ ერთმანეთს შეუთავსო სხვადასხვა საქმე – თან ისეთი საქმეები, რომლებიც  საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს?

-საკმაოდ მარტივია, თუ დროს შესაბამისად გადაანაწილებ და საქმეს პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სტუდენტებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან უერთიერთობაში. მეტიც, ვფიქრობ, ბიზნესშიც პასუხისმგებლობის გრძნობა უმთავრესია, რადგან პერსპექტივაზე გათვლილი გეგმები სწორედ შენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

-რა იდეები და სამომავლო გეგმები გაქვს?

-შემოდგომიდან უკვე დავიწყეთ ეკომოლაშქრეთა ცენტრალური კლუბის შექმნა, რომელიც გააერთიანებს უნივერსიტეტების და სკოლების ეკომოლაშქრეთა კლუბებს და ეს იქნება წმინდა არაკომერციული პროექტი. ამასთან, ცენტრალური ეკომოლაშქრეთა კლუბი განვითარდება უცხოელი ტურისტების, ინდივიდუალური და კორპორატიული დამკვეთების მიმართულებითაც. ლაშქრობასთან, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და აქტივობების მიწოდებასთან ერთად, ვზრუნავთ დავნერგოთ ჯანსაღი საკვები, კლიენტის სურვილზე მორგებული სერვისი, მარტივი და მობილური დაკვეთა და სხვა პროდუქტები, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

-რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ მოტივაცია და არ იციან, როგორ დაიწყონ საკუთარი მიზნების განხორციელება?

-ვფიქრობ, ნებისმიერი საქმის დაწყებისას, უპირველეს ყოვლისა, მთავარია იდეა, შემდეგ კი – მოტივაცია. ამ დროს მოტივირებული არ უნდა იყო მოლოდ შემოსავლით, რადგან ვერ განვითარდები. უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც პერსპექტივაზე გაითვლება და მხოლოდ ამის შემდეგ მოიტანს შემოსავალს. თავიდან რთულია, საჭირო კონტაქტები, საჭირო ადამიანები და ერთგული გუნდი გჭირდება. ამისთვის კი – ჯერ ბაზა უნდა ააშენო და ამის შემდეგ დაიწყო იდეის დაშენება. ამიტომ გირჩევთ, მიზნის დასახვისას გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები და შეიძინეთ საჭირო კონტაქტები, რომელიც თქვენი წარმატების 50% იქნება.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid