close
ფსიქოლოგია

სტერეოტიპები და მათი გავლენა ჩვენზე

სტერეოტიპები ყველა დროის პრობლემას წარმოადგენს. დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება ისინიც. ყველა ადამიანს ხალხის გარემოცვაში უწევს ცხოვრების გატარება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოების აზრი, სურვილი გვიჩნდება, რომ დავიმსახუროთ მათი მოწონება. ამ ქმედებით ჩვენ გარკვეულ საზღვრებს ვუწესებთ საკუთარ თავებს. სწორედ ასე ყალიბდება სტერეოტიპები.

აღსანიშნავია ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობაც, ლითონის ყალიბი, რომელიც გამოიყენება დიდტირაჟიანი გამოცემებისათვის.

მაგრამ მაინც, რა არის სტერეოტიპი დღევანდელობაში? ეს არის ფიქსირებული მახასიათებლები და შთაბეჭდილებები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლების შესახებ ყალიბდება და რომელთა მეშვეობითაც ხდება ჯგუფის კონკრეტული წევრების აღქმა.

სტერეოტიპები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ჯგუფად. არსებობს ეროვნებასთან, სქესთან, დაავადებებთან, რელიგიურ ჯგუფებთან, ასაკთან, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებთან და სხვათა მიმართ.

 

რასიზმი/ეროვნებასთან დაკავშირებული სტერეოტიპები

 რასიზმი სტერეოტიპული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მთელი არსი ყველაფრის გამარტივებაა. იმის აღიარების ნაცვლად, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ჩვენ მათ ჩარჩოში ვაქცევთ და უმრავლესობაზე შთაბეჭდილებას რამდენიმე წინადადებით ვიქმნით. ეს ყველაფერი იდეალურად არის აღწერილი ფილმში ,,მომავლის მწერლები/Freedom writers”, სადაც მოსწავლეები დაყოფილები არიან ეთნიკურ ჯგუფებად (აფროამერიკელები, აზიელები, ლათინოამერიკელები, თეთრკანიანები და სხვ.), განსჯიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს სტერეოტიპებით და ღიზიანდებიან, როდესაც გაკიცხვის საგანი თვითონ ხდებიან. ეს ყველაფერი მათ საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ პოულობენ თავიანთ თავებს, ერთიანდებიან და ურთიერთპატივისცემას სწავლობენ.

 

გენდერული სტერეოტიპები

გენდერული სტერეოტიპები არის შეხედულებები, წარმოდგენები, ცრურწმენები ქალისა და კაცის სოციალური როლის, შესაძლებლობების, დანიშნულების, სტატუსის შესახებ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ თემასთან დაკავშირებით წინსვლა შესამჩნევია, მათი ნაწილი დამსხვრეულია და ბრძოლა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა გენდერული სტერეოტიპები მაინც აქტუალური პრობლემაა. ქალები დაიღალნენ, რომ სუსტ სქესად აღიქმებიან, რომ ხალხს მათ ინტელიგენტურობაში ეჭვი ეპარება, რომ ყველას ზედმეტად ემოციურები ჰგონიათ, რომ არაფემინურებად მიიჩნევიან კონკურენტუნარიანობის შემთხვევაში. მამაკაცებსაც აწუხებთ, რომ მათგან ყოველთვის სიძლიერეს ელიან, რომ მაღალ სტანდარტებს უწესებენ, რომ საზოგადოებაში ემოციების გამოხატვის უფლება არ აქვთ და სხვა. ამ სტერეოტიპების ნაწილის დამსხვრევა ნაჩვენებია მოკლემეტრაჟიან ფილმში “მე აქ ვარ/I’m here”. საოცარია, რომ ბიჭი რობოტის სხეულის ყველა ნაწილი იდეალურად მოერგო გოგონა რობოტისას.

 

სტერეოტიპები დაავადებების მიმართ

ჩვენ ყველანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ვაწყდებით სტერეოტიპებს ზოგჯერ ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ, თუმცა სტერეოტიპები დაავადების მიმართ ალბათ ყველაზე სასტიკია. შესაძლოა ადამიანი განსაჯო იმის გამო, რომ მისი აზრები, გემოვნება, შეხედულებები შენსას არ ემთხვევა, მაგრამ ადამიანის გაკიცხვა იმისათვის, რაზეც არანაირი გავლენის მოხდენა შეუძლია ყველაზე არაჰუმანური საქციელია. ფილმში – ,,კლასის წინ/Front of the class”,  სწორედ ამ თემაზეა საუბარი. ქრონიკული დაავადების, ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანი მიზნად ისახავს გახდეს მასწავლებელი. ფილმში ნაჩვენებია ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბრედლი გზაზე აწყდება. იგი განსჯის საგნად იქცევა იმ დაავადების სიმპტომების გამო, რომლითაც დაიბადა.

ეს არის სტიგმა. სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც თუ ხელს მოიტეხ ყველა გითანაგრძნობს, მაგრამ თუ რაიმე ფსიქოლოგიური დაავადება გაქვს, ხალხი გერიდება, უარგყოფს. ჩვენი ყველა ორგანოს დაზიანება მისაღებია ტვინის გარდა. ბულემია არ არის გრძელთმიანი ლამაზი გოგონა ტრაგიკული სახით, რომელიც თავს ინადგურებს. ანორექსია არ არის გამხდარი ადამიანი, რომელიც დესერტზე უარს ამბობს. დეპრესია არ არის დაისზე მიშტერებული მოდელი ცრემლებისგან გადღაბნილი მაკიაჟით. პანიკური შეტევა არ არის შენი სახის საყვარელ ბალიშში ჩარგვა და ტირილი. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სულაც არ არის ლამაზი და საოცარი. ისინი შენ განსხვავებულ ადამიანად არ გაქცევენ. ისინი არიან მონსტრები, რომლებიც ცხოვრებას ანადგურებენ, ასე რომ უბრალოდ შევწყვიტოთ მათი შესაძლებლობების არდაფასება. როგორც სხვა დანარჩენს, ჩვენ ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით ამ ყველაფრის არსს,  სანამ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით მათ ადგილას. და მაშინაც დრო დასჭირდება სიტუაციის გააზრებას.

არ მინდა, რომ ბრბომ გადაწყვიტოს თუ ვინ ვარ, ეს მე თვითონ უნდა ავირჩიო!

 

მასალა მოამზადა: სალომე ციმაკურიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid