close
ვლევებიედიცინასოფლიო

რა შემთხვევაშია ჰორმონალური კონტრაცეფცია არაეფექტური?

Capture

კვლევის თანახმად, ზოგიერთი ქალი, რომელიც ორსულობის თავიდან ასაცილებლად ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებს, შესაძლოა მაინც დაორსულდეს, ვინაიდან მათი დნმ კონტრაცეფციას ხელს უშლის.

სამეცნიერო ჟურნალ Obstetrics and Gynaecology-ში გამოქვეყნებული კვლევა კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა ჩაატარეს და პირველად სამეცნიერო ისტორიაში აღმოაჩინეს გენეტიკური ნიშანი, რომელიც დაორსულების კონტროლს შეუძლებელს ხდის.

კვლევაში 350 ქალი მონაწილეობდა და ყოველ 20 მათგანში ერთს აღნიშნული გენეტიკური მახასიათებელი აღმოაჩნდა.

„ყოველთვის, როდესაც ქალი ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებს და მაინც ორსულდება, მედიკოსები ვთვლით, რომ ეს მისი ბრალია, რადგან კონტრაცეპტივებს არასწორად იყენებდა. ამ კვლევამ კი აჩვენა, რომ ჩვენს პაციენტებს კარგად უნდა მოვუსმინოთ და მიზეზი მათ გენეტიკაში ვეძიოთ,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა დოქტორ აარონ ლაზორვიცმა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე 350-ვე ქალს მკლავში, კანის ქვეშ ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი ჰქონდა მოთავსებული, რომელიც ჰორმონ პროგესტორენს გამოყოფს და ხელს უშლის ოვულაციას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეთა 5 პროცენტს CYP3A7*1C-ის გენის მატარებელი იყო. გენი, როგოც წესი აქტიურია მხოლოდ საშვილოსნოში და დაბადების წინ ითიშება, თუმცა იმ ქალების ორგანიზმში, რომლებიც აღნიშნული გენის აქტიური მატარებლები იყვნენ,   ფერმენტ CYP3A7-ის გამოყოფა ზრდასრულ ასაკშიც გრძელდებოდა.

„ეს ფერმენტი ჰორმონებს შლის და ქალებს დაორსულების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც ისინი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მით უმეტეს კი მათ დაბალ დოზას, მოიხმარენ,“ განაცხადა ექიმმა ლაზორვიცმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩასახვის საწინაარმდეგო ჰორმონალური საშუალებების სხვადასხვა ფორმას მილიონობით ქალი იყენებს და ყოველ 20 მათგანში ერთი პოტენციურად ამ გენის ნიშნის მატარებელია, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ დახმარებას გაუწევს იმ ექიმებსა და მეცნიერებს, რომლებიც ორსულობის კონტროლის საშუალებებზე მუშაობენ.

დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების გამოყენებაზე საერთოდ უნდა თქვან უარი.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ნაციონალურმა ჯანდაცვის ცენტრმა “ეროვნული გენომიკის სერვისი“ დანერგა, რომელიც გარკვეული საფასურის თანახმად ადამიანებს საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას აწვდის და გარკვეული გენეტიკური დაავადებების, მათ შორის ჰანთინგტონისა და კიბოს, მიმართ მათ რისკებს აფასებს.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი