close

მევენახეობა და მეღვინეობა — საქართველოს სოფლის მეურნეობის ის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან.  8000-წლიანი კულტურა საფუძველს ოჯახის კერიდან იღებს. დღეს სწორედ ასეთ ფერმერს, ახალგაზრდა აკაკი სირაძეს  გაგაცნობთ, რომელიც მამა-პაპის მრავალწლიან ისტორიას აგრძელებს რაჭაში, სოფელ ბუგეულში და აწარმოებს ღვინოს ბრენდული სახელწოდებით-  „ქვე შენი ჭირიმე“.

ახალგაზრდა მეღვინე ბრძანდებით, თუ ოცნებობდით ბავშვობიდან შეგექმნათ თქვენი ბრენდი, როდიდან დაინტერესდით მეღვინეობით?

-დიახ, ბავშვობიდან მიზიდავს ეს სფერო.  მთელი ბავშობის განმავლობაში  ვხედავდი თუ როგორი სიყვარულით ექცეოდნენ ვაზს ბაბუა და მამა, ეს ყველაფერი ჩემშიც აისახა და მათი დამსახურებით ვისწავლე ვაზისა და ვენახის სიყვარული, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი შრომა სჭირდება.

-თქვენს საქმიანობაში რამდენად გეხმარებიან და თუ არიან ჩართულნი ოჯახის წევრები? რას ნიშნავს მათი თანადგომა თქვენთვის…

-სანამ ამ საქმეს შევეჭიდებოდი ბევრს ვფიქრობდი გადამედგა თუ არა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამეღო ასეთი  დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ჩემი ოჯახისა და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი იყო, რომელიც ყოველთვის აქტიურად არის ჩემთან ერთად ჩართული ამ საქმეში და ყოველთვის მამხნევებს. არ დაგიმალავთ და თავიდან ცოტა პესიმისტურად განეწყვნენ,  მაგრამ როდესაც მათგან დაფარულად ჩამოვასხი პირველი ბოთლი და ვაჩვენე – ემოციებს ვერ მალავდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით ბებო გამოირჩევა და ხარობს თითოეული დეტალით, ასევე აღვნიშნავ, რომ მამაჩემის მხარდაჭერის გარეშე ამ საქმეს ვერ დავიწყებდი.

-როდის ჩამოისხა პირველად თქვენი ღვინო და როგორ ფიქრობთ,  რა არის თქვენი წარმატების მთავარი ფორმულა?

-პირველი ღვინო  2017 წელს ჩამოისხა,  რაჭული თეთრა და ცოლიკაური.  წარმატება მხოლოდ დაჟინებული და შეუწყვეტელი მცდელობებით მიიღწევა.  ბევრჯერ მქონდა ისეთი მომენტი როდესაც დიდ პრობლემას შევჯახებივარ, მაგრამ მონდომება და შრომა ყოველთვის მიგიყვანს საბოლოო მიზნამდე,  სწორედ ამას მივიჩნევ წარმატების მთავარ ფორმულად.

-რამდენ დასახელების ღვინოს ამზადებთ და რითი გამოირჩევა ის სხვა ღვინოებისგან?

ამ ეტაპზე, რამდენიმე ჯიში მაქვს: ალექსანდროული-მუჯურეთული, რაჭული თეთრა, ცოლიკაური და საფერავი.   სამომავლოთ ვგეგმავ ძველი რაჭული ჯიშების აღდგენას.  რაც შეეხება ღვინოს,  ცოლიკაური გამოირჩევა სხვადასხვა ხილის არომატით.  უფრო მკვეთრად კომშის ტონები იგრძნობა, რაც ამ ღვინოს გამორჩეულს ხდის.

„ქვე შენი ჭირიმე“ –  ძალიან საინტერესო და რაჭისთვის სახასიათო სახელია, როგორ შეარჩიეთ, საიდან წამოვიდა სახელწოდების იდეა?

-ამ თემაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. მოგეხსენებათ,  „ქვე შენი ჭირიმე“ რაჭისთვის დამახასიათებელი დიალექტური ფორმაა.  ამ სახელით რაჭველები მიმართავდნენ მათთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანს.  სამწუხაროდ, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით ამ ფორმას რაჭაში.  ასევე მაქვს  ერთი  პირადი ისტორიაც ამ სახელთან მიმართებით:  11-12 წლის ასაკში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ბაბუასა და მამას საქმიანობას, რომლებიც  რაჭულად ვიტყვი, ჭურებს რეცხავდნენ.  ამ დროს ბაბუას  ჭურში ჩაუვარდა – როგორც თავად  ეძახდა ჭურის საფხანი.  ჭურს იმდენად პატარა თავი ჰქონდა ზრდასრული ადამიანი მასში ჩასვლას ვერ მოახერხებდა.  მეც  იქვე, საწნახელზე წამოსკუპებული ვიყავი,  ბაბუა მოვიდა და მითხრა: –  „ქვე შენი ჭირი – მე საქმე გამოგიჩნდაო“.  მეც მეტი რა მინდოდა,  რამდენიმე წუთში ჭურის საფხანი სამშვიდობოს გამოვიყვანე.  იმ დღეს კიდევ უფრო მეტად დავახლოვდი ქვევრთან და ეს სახელიც და ისტორიაც ღრმად  დაილექა ჩემს გონებაში. ამ წარსულის პატარა მომენტმა  და რაჭის სიყვარულმა  გადამაწყვეტინა ამ სახელით გამეცნო ჩემი პროდუქტი მომხმარებლისთვის.

-სად შეიძლება  თქვენი ღვინოების შეძენა?

-ამჟამად  ჩვენ ვთანამშრომლობთ ღვინის მაღაზია ,,ვინომანიასთან“,  რომელიც მდებარეობს კოტე აფხაზის 5/7 ში. სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო  გარემო და ძალიან კარგი ადამიანები. მომავალში,  გვაქვს გეგმაში ვითანამშრომლოთ სხვა ღვინის მაღაზიებთანაც.

-როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ამ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?

-ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად საჭიროა, საქმის ცოდნა და საქმის სიყვარული. მაგრამ მხოლოდ  ეს ორი ვერ განაპირობებს წარმატებას,  პირველი და ალბათ ყველაზე  მნიშვნელოვანი მონდომება და მიზანისკენ სწრაფვის უნარია.

– გავრცელდა ფოტო,  რომ „ქვე შენი ჭირიმე“ ბუგეულიდან პირდაპირ ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზე აღმოჩნდა, გილოცავთ! სასიხარულო ამბავია. მოგვიყევით ამ წარმატებაზე… თუ გეგმავთ სხვა ბაზრებზე გასვლას?

დიახ,  ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულო ამბავი იყო.  აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.  გვაქვს დაინტერესება ინგლისიდან, მაგრამ, მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა.

-რა არის თქვენს საქმეში მთავარი მოტივატორი?

– ჩემი კუთხის,  რაჭის წინა პლანზე წამოწევა. ასევე – ახალგაზრდებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის  პოპულარიზაცია.   გამიხარდება, თუ მცირე წვლილს შევიტან  მის განვითარებაში.

-როგორც ვიცით, ახალ ვენახს აშენებთ, მოგვიყევით თქვენს გეგმებზე…

დიახ, ახალი ვენახი უკვე სამი წლის არის.  როლემიც  გაშენებულია ერთ ჰექტარზე, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებით. სამომავლოდ ვგეგმავ წარმოების გაზრდას, რაშიც ეს ვენახი ძალიან დამეხმარება.

-დაბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრებს,  რომლებსაც კრეატიული  იდეები აქვთ, მაგრამ არ იციან, როგორ  განახორციელონ თავიანთი ოცნებები?

-უყვარდეთ  და ბოლომდე მიიყვანონ საკუთარი საქმე. პრობლემები ყველა სფეროშია, მათ კი – თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იბრძოლონ ოცნებების ასასრულებლად. მოკლედ, უნდა იყვნენ მოტივირებულები და აკეთონ საყვარელი საქმე.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid