close
გიორგი მჭედლიშვილი გრიფონი

გიორგი მჭედლიშვილი 22 წლის ქართველი ახალგაზრდაა, რომლის საერთაშორისო წარმატებამაც ბოლო დროს დიდი ყურადღება დაიმსახურა, მისი გუნდის მიერ შექმნილი მომავლის თვითმფრინავის – ,,გრიფონის” პრეზენტაცია  26 სექტემბერს, NASA-ს სათაო ოფისში გაიმართება, გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ფიზიკოსთან:

-გიორგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევი, რა წარმოადგენსგრიფონის“  არსს და როგორ იქმნებოდა პროექტი?

– “გრიფონი” არის მომავალი კომერციული თვითმფრინავის მოდელი, რომელიც ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი. გასულ სექტემბერს, ჩემი მეგობრისგან, ილონ გორდონისგან შევიტყვე NASA-ს გამოწვევის შესახებ და თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდეთ საქმეს, რადგან გვჯეროდა რომ შეიძლებოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. ,,გრიფონზე” თორმეტკაციანი ჯგუფი ვმუშაობდით, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავის, აეროდინამიკისა და აეროდიზაინისაგან. უშუალოდ მე ვმუშაობდი ძრავაში, წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე. სწორედ, წვის გაუმჯობესების შედეგად, მავნე ნივთიერებების გამოშვება 80%-ზე მეტით შევამცირეთ და, შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ NASA-ს უმთავრესი მოთხოვნა. ამავდროულად, წვის სისტემის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა 50-60% შეგვემცირებინა საწვავის მოხმარებაც.

 

NASA სათაო ოფისში პროექტის პრეზენტაცია უპირობოდ უზარმაზარი წარმატებაა, მაგრამ, შენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად არის პროექტის რეალურად განხორციელების შანსი?

-ამ გამოწვევის მთავარი მიზანი იყო, რომ შეგვექმნა კომერციული თვითმფრინავი, რომლის იმპლემენტაცია  სავსებით რეალური იქნებოდა 2025-2035 წლებში. რა თქმა უნდა, ეს პროექტი მოიცავს ძალიან სერიოზულ ფინანსურ გათვლას. ჩვენი თვითმფრინავის წარმოების ფასიც კონკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყო ბაზარზე არსებულ ფასებთან მიმართებაში. ჩვენ ამ კუთხითაც ეფექტურად ვიმუშავეთ, ასე რომ, ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია მოხდეს ამ დიზაინის სრული ან გარკვეული სისტემის (ძრავის ან აეროდინამიკის) იმპლემენტაცია მომავლის კომერციულ თვითმფრინავებში.

-გიორგი, როგორც ვიცი, სწავლის პარალელურად საკუთარ საქმესაც უძღვები და ,,SAC Group-ის“ დამაარსებელი ხარ, რას წარმოადგენს თქვენი კომპანია და რას უნდა ველოდოთ მისგან უახლოეს მომავალში?

-„SAC Group-ი“ დავაარსეთ ამ წლის ზაფხულში და ის დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, ყველაზე მაღალი დონის საკონსულტაციო და საინვესტიციო სერვისების ფირმას აგრობიზნესისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში და ჩვენს რეგიონში. ვართ ოფიციალური პარტნიორები ამერიკული საერთაშორისო აგრობიზნესის ფირმის, ,,GIC Group-ის”, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელებაში მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ამჟამად ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია რეგიონში ახალი სტანდარტების დამყარება და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინდუსტრიის განვითარება. ამავდროულად, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გვაქვს მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა GIC Group-ის დამაარსებელთან, ბატონ რიჩარდ გილმორთან, რომელიც საქართველოს დიდ მხარდამჭერს წარმოადგენს. რიჩარდ გილმორი, სხვადასხვა ეგიდით, გახლდათ ძალიან წარმატებული მრჩეველი ამერიკის მთავრობაში. ამასთანავე, ასწავლიდა ჰარვარდში, ჯორჯთაუნსა და სხვა წამყვან უნივერსიტეტში. ასე რომ, „SAC Group-ის“ ხელშეწყობით, ბევრ მნიშვნელოვან პროექტს უნდა ელოდოთ.

 

და ბოლოს, უახლოესი სამომავლო გეგმები ალბათ კვლავგრიფონსუკავშირდება, მაგრამ, საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენია შენი თავი წლების შემდეგ, აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

-ახლა ძალიან რთულია სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით საუბარი, თუმცა ჩემი მომავალი მჭიდროდ უკავშირდება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ჩემს საქართველოს, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2