close

ზოგადად, დამკვიდრებული მოსაზრებების  თანახმად,  არსებობს კონკრეტული სფეროები და პროფესიები, რომელიც ქალებისთვის ან მამაკაცებისთვის არის ზედგამოჭრილი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს „ ქალური“  და „ კაცური“  პროფესიები, რაც, რეალურად, არასწორია და გენდერული დისკრიმინაციის გამოვლინებადაც  შეიძლება მივიჩნიოთ.

მეცნიერება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მამაკაცებისთვის პრივილეგირებული სფერო იყო. დღესაც ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ წარმატებული მეცნიერული გამოგონებები კაცებს ეკუთვნით და იშვიათია ქალი მეცნიერებაში.

თუმცა ქართველი გოგონა, 20 წლის მარიამ გაგუა ზოგადად დამკვიდრებული მოსაზრებებიდან გადახვევის თვალსაჩინო მაგალითია. ის უკვე საკმაოდ დიდი ხანია სამეცნიერო საქმიანობითა და პროექტებითაა დაინტერესებული და თავის გუნდთან ერთად სხვადასხვა გამოგონებაზე მუშაობს, რომლებსაც დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს.

მარიამი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მეოთხე კურსის სტუდენტია.  ის თავის უნივერსიტეტელებთან ერთად ჩართულია სამეცნიერო გუნდ ,,SYSTEM-ში“ და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე.

რა სირთულეები ახლავს გამოგონების პროცესს და როდის გაჩნდა დაინტერესება, ზოგადად, სამეცნიერო საქმიანობისადმი, ,,დოქტრინას“ კითხვებს ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებელმა გოგონამ უპასუხა.

გვიამბე პროექტზე, რომელშიც ჩართული ხარ, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყე მუშაობა, რა სირთულეები შეგხვდა და საბოლოო შედეგი როგორია?

-ვმუშაობ აპლიკაციაზე  – ,,ScheduleX-ი”, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება ლექციების ცხრილის გაკონტროლებაში, ქვიზებისა და დავალებების ონლაინრეჟიმში შესრულებაში, სწორ კომუნიკაციაში ლექტორებთან და უნივერსიტეტის პერსონალთან და ამ ყველაფრით გაზრდის მათ საერთო პროდუქტიულობას.

იდეა ჩვენ გუნდს დიდი ხნის წინ გაუჩნდა, რადგან დატვირთული სტუდენტური გრაფიკის დროს გვჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, რომელიც ყველაფერს ერთ სივრცეში მოაქცევდა და გაგვიმარტივებდა ცხოვრებას. პირადად მე, აპლიკაციის Android და iOSპლატფორმებზე ვმუშაობ და სირთულე კოდის წერის პროცესში ყოველდღიურად მხვდება. ვინაიდან კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ვარ, მობილური აპლიკაციები არ არის ჩემი მიმართულება და ყველაფრის ჩემით ათვისება მომიწია. აპლიკაცია თითქმის დასრულებულია და ძალიან მალე გაეშვება.

რამდენად რთულია სიახლის შექმნა, რომელიც იქნება სასარგებლო და ეფექტური?

-სიახლის შექმნა, ვერ ვიტყვი, რომ რთულია, მაგრამ შრომატევადი ნამდვილადაა. ბევრი კომპლექსური პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა გიწევს და თან ისეთი ფორმულირება უნდა მისცე შენს იდეასა და პროექტს, რომ მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. კარგია, რომ ვარ ისეთ გუნდში, სადაც რაიმეს არ ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შემიძლია ვითხოვო დახმარება.

ეს ყველაფერი დიდ მენტალურ და გონებრივ ენერგიას მოითხოვს და თავიდანვე იმისთვის ვიყავი განწყობილი, რომ რა სირთულეც არ უნდა შემხვედროდა,  საქმეს ბოლომდე მივიყვანდი –  ეს ყველაფერი გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა და სულ მალე იხილავს მომხმარებელი.
როდიდან დაინტერესდი ტექნოლოგიებით და რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროთი ?

-ტექნოლოგიებით სკოლის ბოლო წელს დავინტერესდი. იქამდე მარტო მათემატიკა-ფიზიკა მაინტერესებდა და, ვფიქრობ,  ლოგიკური გაგრძელება იყო ჩემი ინჟინერიის სფეროში ჩართვა.

ზოგადად, ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას ისეთი მეცნიერებები,  როგორიც მათემატიკა და ფიზიკაა,  გამოიყენო ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ძალიან გამიხარდება თუ ჩემი წვლილი ამ სფეროში ადამიანების ცხოვრებას ცოტათი უკეთესს მაინც გახდის.
– რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების უნიკალურობა?

ჩვენი აპლიკაცია უნიკალურია იმით, რომ არსებულ web-basedაპლიკაციბისგან განსხვავებით, ბევრად მობილური და მარტივია. ვფიქრობ, გენიალურობა სწორედ სიმარტივესა და კომპაქტურობაშია, რასაც ,,ScheduleX-ი” ნამდვილად პასუხობს.

-გვიამბე შენს სამომავლო გეგმებზე.

-სამომავლოდ მინდა,  ის იდეები,  რაც მაქვს რეალობაში – მოვიყვანო და საქართველოში ვიყო იმ დიდი ტექნოლოგიური ძვრების მონაწილე, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს მოუტანს დიდ მატერიალურ სარგებელს. ეს პროცესები  საქართველოს მონიშნავს მსოფლიო რუკაზე, როგორც ტექნოლოგიებში მოწინავე ქვეყანას.

 

 

 

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response