close
საქართველო

პირველი ქართული მხატვრული ფილმის ისტორია

საქართველოში კინოს ისტორია, შეიძლება ითქვას, იწყება მხატვრული ფილმით – „ქრისტინე“, რომელიც 1916 წელს რეჟისორმა, ალექსანდრე წუწუნავამ, გადაიღო  ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. აქამდეც იყო დაწყებული ამ მხრივ მუშაობა, თუმცა, აქამდე მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გვხვდება. 

ფილმი გლეხი ქალის ბედუკუღმართ ცხოვრებას ასახავს. ღარიბი გლეხის ქალიშვილ ქრისტინეს გარყვნილი აზნაური – უქმაძე – აუპატიურებს. შეურაცხყოფილი ქალი ვეღარ უძლებს ოჯახისა და გარშემომ მყოფთა საყვედურებს და თავის დახრჩობას გადაწყვეტს. თუმცა ამაშიც არ უმართლებს. მას გამვლელი გადაარჩენს და ქალაქში თან წაიყვანს. ქალაქში ქრისტინე საროსკიპოში მოხვდება. ქრისტინე დასნეულდება, დასახიჩრდება, გალოთდება და მათხოვრობით ირჩენს თავს. საბოლოოდ, ქალი სრულიად უპატრონოდ, საავადმყოფოში გარდაიცვლება.

ამ ფილმის შემდეგ ჩვენში ძირითადად ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციების იღებდნენ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფილმების გადაღება ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით.

ფილმის გადაღების იდეა გაუჩნდა გერმანე გოგიტიძეს ოზურგეთში, საკუთარ კინოთეატრში ერთ-ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ. მანვე შეარჩია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინე“. შეაგროვა კინოს გადასაღები ფული, რაშიც ბართლომე კილაძე და ნოე სიხარულიძე დაეხმარნენ. 1915 წლის 5 ივლისს გაზეთ „თეატრ და ცხოვრებაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ფილმ „ქრისტინეს“ გადაღება იგეგმებოდა. ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ ალექსანდრე წუწუნავა აიყვანა. წუწუნავა კარგად იცნობდა მასალას, რადგან „ქრისტინე“ პოლიო ირეთელის 1909 წლის სცენარის მიხედვით დადგმული ჰქონდა თბილისის, ჭიათურისა და ბაქოს თეატრებში.

პირველ ხანებში ფილმს არაპროფესიონალი ოპერატორი იღებდა, მაგრამ შემდეგ გოგიტიძემ მიიწვია ალექსანდრე შუგერმანი, სამხედრო ქრონიკების კინოოპერატორი. ამისთვის მას ამიერკავკასიის უმაღლესი სარდლობის ნებართვა დასჭირდა. გადაღებები თბილისსა და გურიაში მიმდინარეობდა. სოფელ ლიხაურში გოგიტიძემ გლეხისგან სამზადი სახლი შეიძინა და მას სახურავი და ერთი კედელი მოაცილა, რათა გადასაღები ადგილი კარგად განათებულიყო.

წუწუნავასა და გოგიტიძეს უთანხმოება მოუვიდათ ქრისტინეს როლის შემსრულებლის შერჩევასთან მიმართებით, გოგიტიძეს ამ როლზე ანეტა ქიქოძე, მხატვარ შალვა ქიქოძის და სურდა. წუწუნავამ კი არჩევანი შეაჩერა ანტონინა აბელიშვილზე. აბელიშვილი 40 წლის იყო, მაშინ როცა ქრისტინე 15-16 წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ წუწუნავამ თავისი გაიტანა. რეჟისორი ქიქოძეს იმიტომ იწუნებდა, რომ ეს უკანასკნელი ქრისტინეს როლს თეატრში ასრულებდა და წუწუნავა შიშობდა, ქიქოძეს კინოში თეატრალური შტამპები არ შეეტანა. სხვა ვერსიის მიხედვით კი წუწუნავასა და აბელიშვილს რომანი ჰქონდათ. გოგიტიძესა და წუწუნავას უთანხმოება ჰქონდათ ოპერატორთანაც, ერთხელ სოფელ აჭში გადაღებების დროს წუწუნავამ შუგერმანს ხელიც კრა და გორაკიდან დააგორა. შუგერმანი დაითხოვეს და მის ნაცვლად ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი გახდა.

1916 წელს წუწუნავამ ფილმის სამი ნაწილი გადაიღო, პარალელურად კი ბაქოს დრამატულ თეატრში დგამდა სპექტაკლებს, რაც გადაღებებს აჭიანურებდა, 1917 წელს კი სულ მიატოვა გადაღებები და როსტოვში გაემგზავრა, სადაც კონტრაქტი ჰქონდა იქაურ თეატრთან. ბაქოსა და როსტოვში წუწუნავა 1918 წლის ბოლომდე გაჩერდა. მას აკმაყოფილებდა, რაც გადაიღო. მისი ვერსიით ფილმი ქრისტინეს თბილისში ჩასვლით უნდა დასრულებულიყო. გოგიტიძეს კი ფილმის გამძაფრება სურდა, ამიტომ მანთავად გადაიღო ბოლო ორი ნაწილი. გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა.

ფილმი ეკრანებზე გამოსასვლელად მზად იყო 1918 წლის აპრილში, მაგრამ გურიაში ოსმალეთის იმპერიის ჯარები შეიჭრნენ და ოზურგეთი და რამდენიმე სოფელი დაიკავეს. ოსმალებმა გაანადგურეს გოგიტიძეს ქონება ფილმის ორიგინალი ფირი. მხოლოდ თბილისში შენახული ასლების მეშვეობით მოხერხდა ფილმის აღდგენა.

პრემიერა 1919 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლისთავზე კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა. გოგიტიძემ ფილმის ჩვენებები მთელ საქართველოში გამართა. იქ, სადაც ელექტროენერგია არ იყო, ის საბარგო მანქანაზე დამონტაჟებული სპეციალური დანადგარით აჩვენებდა მაყურებელს. მიუხედავად ამისა, ფილმი კომერციულად მაინც წამგებიანი აღმოჩნდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid