close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ სატურნის მთვარეზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო აღმოაჩინა

სატურნის ოკეანიანი მთვარე – ენცელადის მიერ კოსმოსში გამოყოფილი „ბუმბული“ – ჰიდროგენს შეიცავს, ეს გახლავთ ის გარემო-პირობა, რამაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დედამიწაზე სიცოცხლეს მისცა დასაბამი.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ენცელადი გახლავთ ერთადერთი ადგილი დედამიწის მიღმა, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლის შესაძლო წყაროს დამადასტურებელი მტკიცებულება აღმოაჩინეს.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Science-ში” გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, სავარაუდოდ, იგივე პირობები გახდა დედამიწაზე მიკრობული ცხოვრების საწყისი დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ.
„ამ აღმოჩენას ფუნდამეტური როლი აქვს ენცელადზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობის თვალსაზრისით,“- აცხადებს მასაჩუსეტის Woods Hole Oceanographic Institution-ის გეოქიმიკოსი -ჯეფრი სიუალდი.
აღმოჩენა NASA-ს კოსმოსური ხომალდის – „კასინის“ – დახმარებით გაკეთდა, რომელიც სექტემბერში სატურნისა და მისი 62 ცნობილი თვარის შესწავლის 13-წლიან მისიას ასრულებს.
მოლეკულური ჰიდროგენი 2015 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, როდესაც „კასინიმ“ მთვარის სამხრეთ პოლუსიდან 49 კილომეტრით ზემოთ ნიმუშების აღებისას ენცელადის „ბუმბულებზე“ გადაიარა.
„კასინიმ“ 2005 წელს ენცელადიდან ამომავალი წყლის გეიზერები შენიშნა. მეცნიერთა აზრით, ეს გეიზერები ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ დამალული მოზრდილი ოკეანის ნივთიერებებს ამოაფრქვევს.
ამგვარად, ენცელადს აქვს წყალი — ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტი სიცოცხლის იმ ფორმისათვის, როგორიც ჩვენ ვიცით. წყალი იქ თხევადი რჩება, რადგან სატურნის უზარმაზარი გრავიტაცია ენცელადს ღუნავს და ჭიმავს, რაც შიდა, „გრავიტაციულ“ სითბოს განაპირობებს. ამჯერად, როგორც ახალი კვლევა ვარაუდობს, ენცელადი სიცოცხლის მეორე მთავარ ინგრედიენტსაც ფლობს: ენერგიის წყაროს.
მკვლევართა ჯგუფმა, სან ანტონიოს Southwest Research Institute-ის მეცნიერის ჰანტერ უეიტის ხელმძღვანელობით, დაამუშავა და შეისწავლა ,,კასინის” მიერ ენცელადის გეიზერებში 2015 წლის ოქტომბერში გავლის დროს შეგროვილი მონაცემები.
ეს გავლა განსაკუთრებული იყო რამდენიმე თვალსაზრისით: უპირველესად კი იმ მხრივ, რომ ეს გახლდათ ,,კასინის” უახლოესი მისვლა ენცელადთან, სულ რაღაც 49 კმ სიმაღლეზე მის ზედაპირთან.
სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით, კასინიმ დაადგინა, რომ ენცელადის გეიზერებში მოლეკულური წყალბადის შემცველობა 0,4-1,4%-ია. გარდა ამისა, შემდგომი გამოთვლების შედეგად ისიც დადგინდა, რომ გეიზერების მოცულობის 0,3-0,8%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს.
მიწისქვეშა ოკეანეს იუპიტერისა და სატურნის გარშემო მოძრავი რამდენიმე მთვარე შეიცავს, თუმცა ენცელადი ერთადერთია, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყაროს არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს.
„ეს არ გახლავთ სიცოცხლის აღმოჩენა, ის ზრდის სიცოცხლისუნარიანობის შანსს, მაგრამ არ შემიძლია ვივარაუდო, არის თუ არა თავად სიცოცხლე ენცელადზე. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ამ კითხვაზე პასუხს გვაპოვნინებდა, არის ის, რომ გვესაჭიროება მეტი მონაცემები“, – აცხადებს უეიტი.
504 კმ დიამეტრის მქონე ენცელადი სატურნის ერთ-ერთი უდიდესი მთვარეა, სითბო, რომელიც მთვარეზე არსებულ ოკეანეს გაყინვისგან იცავს, სატურნისა და ახლომდებარე მთვარე დიონეს ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოქცევითი ძალებისგან მოდის.
წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid