close
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა

 ,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მედტრონიკის” ორგანიზებით,  მედიკოსთა მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებისთვის იმ ბოლო მიღწევების გაცნობა იყო, რაც წინაგულების ფიბრილაციის („მოციმციმე არითმიის“) სამკურნალოდ დაინერგა ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიებას 100-მდე წამყვანი ექიმი ესწრებოდა, მათ  შორის, ის კარდიოლოგები, რომლებმაც  წარმატებით დანერგეს კრიოაბლაციით მკურნალობა საკუთარ პრატიკაში და  არაერთი წარმატებული ოპერაციაც ჩაატარეს.

,,ეს მეთოდი ძალიან შედეგიანია სხვა  ალტერნატიულ მკურნალობასთან – მაგალითად, წამლებთან შედარებით. მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, აბლაცია ფართოდაა დასანერგი. სწორედ ამიტომ გვსურდა, სამედიცინო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ეს ყველაფერი და მოგვესმინა მათი მოსაზრებებიც,” – აღნიშნა  ,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის” ხელმძღვანელმა, გიორგი პაპიაშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმიების განყოფილების ხელმძღვანელის, ზვიად  მათოშვილის განცხადებით, მოციმციმე არითმიას ძალიან დიდი რისკები ახლავს, მათ შორის, ინსულტის განვითარების.

,,მხოლოდ წარმატებული და დროული აბლაციითაა შესაძლებელი ამის შეფერხება და სწორედ ინფორმაციის თუ გამოცდილების გაცვლას ემსახურებოდა ეს შეხვედრაც,“- აღნიშნა მან.

წინაგულების ფიბრილაცია საკმაოდ გავრცელებული გულის რითმის დარღვევაა, კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური მცირეინვაზიური პროცედურა, რომელიც ამ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

,,ეს არის უნარკოზო, სწრაფი და უსისხლო მეთოდი. როგორც წესი, მოციმციმე არითმიის მკურნალობა, საწყის ეტაპზე, მედიკამენტოზურია, თუმცა მისი ეფექტიანობა  25-30 %-ია მაშინ, როდესაც კრიოაბლაციის მეთოდით ის  70-80 %-ია,“- განაცხადა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს  კარდიოლოგ-არითმოლოგმა,  გიორგი ჩხოლარიამ.

კრიოაბლაციის ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში კი 200-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, სამი  ექიმი: ზვიად მათოშვილი, გიორგი პაპიაშვილი და გიორგი ჩხოლარია ატარებს. „ჯოენის“ კლინიკა, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, კლინიკა „ჰელსიკორი“ და „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“ – ის სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც ეს პროცედურა წარმატებით დაინერგა.

საქართველოში, კრიოაბლაციის პროცედურა ჩართულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში და მისი ღირებულება იფარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დადგენილი წესების მიხედვით.

წინაგულების ფიბრილაცია  მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს, ხოლო საქართველოში ეს რიცხვი 35 000 ადამიანს აღემატება. ასაკის მატებასთან ერთად, მოციმციმე არითმიის განვითარების ალბათობა იმატებს. ეს დაავადება საპენსიო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს აღენიშნება. „მოციმციმე არითმიის“ დროს ასევე მკვეთრად იზრდება იშემიური ინსულტის განვითარების საშიშროება, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის ჩატარება. გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

კრიოაბლაცია მინიინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით, საზარდულის მიდამოში ბარძაყის ვენის ჩხვლეტის საშუალებით ვენაში თავსდება რამდენიმე კათეტერი. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი,  ხდება არითმიის წარმოქმნაში მონაწილე პათოლოგიური გამტარი გზების ლოკალიზაციის დადგენა, რის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური ბალონ-კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა), რაც იწვევს მოციმციმე არითმიის შეწყვეტას. კრიოაბლაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 საათია. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი სახლში ბრუნდება აბლაციის შემდეგ დღეს.

,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია“ აერთიანებს გულის რიტმის დარღვევების დარგში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს. მთავარი მიზანებია გულის რიტმის დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, არითმიების მკურნალობის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში, რითმოლოგებს შორის პროფესიული კონტაქტების გაუმჯობესება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid