close
ს საინტერესოაულტურააქართველო

მეთორმეტეკლასელი ნიკა ღუნაშვილი უნიკალურ კალიგრაფიული ნიმუშებს ქმნის

0c0b14d64279e496c193c08efb753fa8

 ნიკა ღუნაშვილი  მეთორმეტეკლასელი ახალგაზრდაა ქალაქ რუსთავიდან, რომელიც საზოგადოებას უნიკალური კალიგრაფიული ნამუშევრებით აოცებს და, ამასთან ერთად, უკვე საკუთარი სტარტაპითაც ცდილობს ქართულ ბიზნესსექტორში თავის დამკვიდრებას.  ნიკა საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ თავად გვესაუბრება.

-ნიკა, საზოგადოებამ უკვე გაიცნო შენი კალიგრაფიული ნამუშევრები, ხომ ვერ გაიხსენებდი რა იყო პირველი იმპულსი, რამაც გიბიძგა რომ  ამ  სფეროში გეცადა ბედი?      

 -კალიგრაფიით პირველად რვა წლის ასაკში დავინტერესდი. ჩემი მთავარი მოტივაცია კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრები იყო, რომელიც შემდგომ ჩემი მასწავლებელიც გახდა. შემიძლია ვთქვა, მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს კალიგრაფი ვარ. ამასთანავე, ძველი ქართული ხელნაწერების    ნახვისას  გამიჩნდა სურვილი გავმხდარიყავი კალიგრაფი და შემესწავლა ქართული ანბანის სამივე სახეობაც, მით უმეტეს, რომ არ არსებობს  სხვა მსგავსი შემთხვევა, როცა ერთი დამწერლობა სამ სხვადასხვა სახეობას აერთიანებდეს, ეს კი ნამდვილად დიდი კულტურული მემკვიდრეობაა.

-რამდენად რთული იყო კალიგრაფიის ხელოვნების დაუფლება და ამჟამად როგორ ცდილობ საკუთარი ნიჭის მეტად რეალიზებას?

-კალიგრაფია შევისწავლე რუსთავში არსებულ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმიდელში“. სადაც ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ  შეუძლია კალიგრაფიის შესწავლა. საკუთარი ნიჭის განსავითარებლად ვეცნობი ძველ ხელნაწერებს და ვცდილობ ჩემს შემოქმედებაში ძველი და ახალი სტილი გავაერთიანო.

-როგორც ვიცი, კალიგრამებზეც მუშაობ, რამდენად არის საქართველოში აქტუალური ეს ტექნიკა? 

-კალიგრამი – ეს არის სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობა, ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს „ლამაზ ნაწერს“ და ხშირად ამ ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ. ქართული დამწერლობის მოქნილობის გამო, თავისუფლადაა შესაძლებელი სიტყვებით სხვადასხვა გამოსახულების აწყობა, თუმცა, ძველ ქართულ ხელნაწერებში კალიგრამები, როგორც წესი, არ გვხვდება.  ამ მიმართულებით მუშაობა მე, პირადად, 6 თვის წინ დავიწყე.

-საინტერესოა, გარდა კალიგრაფიისა, რა არის შენი ინტერესის სფერო?

-უკვე ერთი წელია, რაც ხელნაკეთი საათების სტარტაპის  ავტორი ვარ (Delfiore • ყვავილი). საათებსს ვამზადებ მერქან-ბოჭკოვანი ფილისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და ეკოლოგიურობით.  ვამზადებ სხვადასხვა ფორმის საათებს, მაგალითად: ხინკლის, კბილის, დათვის, ძაღლის ან ვიოლინოს გასაღების ფორმის, ასევე – მომხმარებლებს ვაძლევ თავად შეარჩიონ საათისთვის სასურველი დიზაინი.

-ნიკა, ამჟამად აბიტურიენტი ხარ, საინტერესოა, შენი მომავალი პროფესიული გეგმები.

– ვაპირებ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებას. მაგრამ არასდროს არ შევწყვეტ კალიგრაფიის მიმართულებით მუშაობას და ეს ყოველთვის იქნება ჩემი მეორე პროფესია. ყოველთვის დავუთმობ დროს ამ დარგის უკეთ შესწავლასა და მიღებული ცოდნის ხალხისთვის გაზიარებას.

მასალაა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2