close
განათლებასაქართველო

თელავის უნივერსიტეტის უპირატესობები და პერსპექტივები – ინტერვიუ რექტორთან

საქართველოში უმაღლესი თუ სასწავლო უნივერსიტეტების რაოდენობა რამდენიმე ათეულს უტოლდება, თუმცა, აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთება მაინც უჭირთ. იქნებ რაოდენობიდან, იქნებ კი – სწავლის სასურველი ხარისხიდან გამომდინარე. ,,დოქტრინა” გაძლევთ საშუალებას, კიდევ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ უნივერსიტეტებს, მათ პრიორიტეტებსა თუ პერსპექტივებს. ჩვენი რუბრიკის რესპონდენტი კი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი –  ირმა შიოშვილია.

 

-თქვენი, როგორც რექტორის რეკომენდაციით, რა კონკრეტული უპირატესობებით სარგებლობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი? რატომ უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა არჩევანი ამ უნივერსიტეტზე და არა სხვაზე?

-უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კახეთის რეგიონში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტის ხუთი ფაკულტეტი  სამოცამდე  საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს და აბიტურიენტებს მრავალმხრივ არჩევანს სთავაზობს.  გვყავს  მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი კადრი, რომელიც მუდმივად განვითარებისა და სიახლეების ძიების რეჟიმშია. სწავლის მაღალი ხარისხი უნივერსიტეტში სწორედ ამ პერსონალის დამსახურებაა. გვაქვს ახალი ტექნიკა, კაბინეტები, ლაბორატორიები, სპორტული დარაბაზი.  სტუდენტებთან აქტიურად მუშაობს კულტურის სამსახური და სტუდენტური თვითმმართველობა.

 

-როგორც კახეთში მოქმედ სასწავლებელს, აქვს თუ არა სპეციფიკური მიმართულებები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებში არ გვხვდება?

მინდა აუცილებლად  აღვნიშნო, რომ  წელს აკრედიტაცია გაიარა სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ და მიმდინარე წლიდან  სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე პირველ ნაკადს მივიღებთ. ეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ წარმატებად მიმაჩნია, რადგან რამდენიმე წელია, ჩვენ ამ მიმართულების სპეციალისტებს ვეღარ ვამზადებდით. ასევე აკრედიტაცია გაიარა ყველა იმ პროგრამამ, რომელიც  უნივერსიტეტმა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინა.  მართალია, ჩვენ არ გვაქვს სპეციალობები, რომლებიც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლის მაღალი ხარისხია და ამ მხრივ, ჩვენ ნამდვილად ლიდერებს შორის ვართ. ასე რომ  სწავლა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განსაკუთრებით კახეთის რეგიონის აბიტურიენტებისათვის, ეკონომიკურადაც  და ხარისხიანი განათლების მიღების კუთხითაც, აბსოლუტურად მომგებიანია.

 

-რეგიონები მოსახლეობისგან იცლება – ამ  უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველთა დინამიკა როგორია და ამჟამად რამდენი სტუდენტი სწავლობს თქვენთან?

-ბოლო  წლების განმავლობაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტების ნაკადი იზრდება, ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა გამოხატავს ჩვენთან სწავლის სურვილს, თუმცა დაფინანსების სისტემაში დაგეგმილმა ცვლილებებმა,  სამომავლოდ, შესაძლოა, განსხვავებული სურათი მოგვცეს და უნივერსიტეტის ბიუჯეტი პირდაპირ არ იყოს მიბმული სტუდენტების რაოდენობაზე.  დღეისათვის უნივერსიტეტს უკვე 1500-მდე სტუდენტი ჰყავს. ვფიქრობ ეს იმ პოზიტიური ნაბიჯების  დამსახურებაა, რასაც ჩვენ, ფაქტობრივად,  ყოველდღიურად ვდგამთ.

 

-სამეცნიერო კუთხით რამდენად მუშაობს უნივერსიტეტი და რა წინსვლა და პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებით?

-უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია  სამეცნიერო საქმიანობა  გახლავთ. ბუნებრივია, ამ  მოვალეობას ჩვენ ვერ ვუღალატებთ და სისტემატურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, ვაფინანსებთ სამეცნიერო პროექტებს, ამ მხრივ, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პრეზიდენტის ფონდთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, რუსთაველის ფონდთან. მათი დაფინანსებული სამეცნიერო პროექტები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამადაც მიმდინარეობს.

ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა პრეზიდენტის ფონდის თანადგომით_მოეწყო ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, რომელიც გლეხებსა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლაბორატორია კვლევებს უსასყიდლოდ ახორციელებს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (GRDD OF GIPA end CENN) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო ინივერსიტეტში ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში.“ პროექტის განსახორციელებლად, უნივერსიტეტის ეზოს 2000 კვ. მეტრი ფართობი იქნება გამოყენებული. გამოყოფილ ფართობზე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელზეც მარწყვის, ჟოლოს, უეკლო მაყვლის, სუფრის ყურძნის, რქაწითელის, საფერავის, ბალის, ქლიავისა და კაკლის კულტურები განთავსდება.

პროექტით გათვალისწინებული სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.უშუალოდ მაგისტრებისა და დოქტორანტების მონაწილეობით ჩატარდება კვლევები. ადგილზე იქნება შესაძლებელი ჰიბრიდული ჯიშების გამოყვანაც. პროექტი, პარალელურად, ფერმერებთან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად  მჭიდრო თანამშრომლობით,  ტარდება სამეცნიერო კონფერენციები და ხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევები. აღარაფერს ვამბობ უკვე ტრადიციად ქცეულ შიდასამეცნიერო კონფერენციებზე. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელშეწყობით უნივერსიტეტში შეიქმნა კავკასიის კვლევითი ცენტრი, რომელიც დღეისათვის ძალზე აქტუალური საკითხებითაა დაინტერესებული. განსაკუთრებით საინტერესოა მისი საქმიანობა პანკისის ხეობის პრობლემებთან მიმართებაში.

სამეცნიერო მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები უნივერსიტეტის დოქტორანტები და სტუდენტები. საჯარო სკოლებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება საგანმანათლებლო კვლევითი პროექტები. სამეცნიერო საქმიანობის კვალდაკვალ უნივერსიტეტში ქვეყნდება  სხვადასხვა სახის შრომა, სტატია, იბეჭდება წიგნები.

სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, იუნესკოს მიერ დაწესებული  მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი -როინ ჭიკაძე დააჯილდოვა.

 

-რამდენად აქვთ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება?

-საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთობები გვაკავშირებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან. ინტენსიური კონტაქტი გვაქვს  საბერძნეთის არისტოტელეს უნივერსიტეტთან, ტუშას და ბოლონიის უნივერსიტეტბთან იტალიაში, ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლასთან გერმანიში, ბულგარეთის ,,რუსეს უნივერსიტეტთან“, ავსტრიის უმაღლესი განათლების სკოლასთან, თურქეთის უნივერსიტეტებთან და ევროპისა და აზიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან. აქტიურად ვართ ჩართულები მევლანასა და ერასმუს+-ის გაცვლით პროგრამებში, რომლებითაც სტუდენტები სარგებლობენ. დღევანდელი მდგომარეობითაც, ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით იმყოფებიან იტალიაში, თურქეთსა და ავსტრიაში.

 

-რა პერსპექტივებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტს დასაქმების კუთხით?

-საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტები გადიან პროფესიულ პრაქტიკას, რომელიც შემდგომში საგრძნობლად ზრდის მათი დასაქმების პერსპექტივას. ამავდროულად, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები საჯარო სამსახურებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან,  კომერციულ ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან. თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში, ბუნებრივია, სასრგებლოა სტუდენტების შემდგომი დასაქმების მიზნით. პერიოდულად ვატარებთ შეხვედრებს პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომლებიც პროგრამების მომზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

თამამად შეიძლება ითქვს, რომ ადგილობრივი შრომითი ბაზარი ჩვენი კუსდამთავრებულებით არის გაჯერებული.

 

-ამ ახალ სასწავლო სემესტრში  და მომავალშიც, თუ იგეგმება რაიმე ტიპის სიახლეები თელავის უნივერსიტეტში, პირველი ჩვენს მკითხველს რომ გავაცნოთ?

-მომავალი სასწავლო წლისათვის, შრომის ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი გვაქვს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება. ახალი პროგრამები კიდევ მეტი  აბიტურიენტის მობილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. ვფიქრობთ, მეტი  სიახლე შევიტანოთ კულტურულ და სპორტულ საქმიანობაში, იმისათვის, რომ სტუდენტმა  განათლების მიღებასთან ერთად, უნივერსიტეტში საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გაატაროს.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid

Leave a Response