close
ბიზნესისაქართველოტურიზმი

„ჰეშკილის ქოხები“ – საოჯახო ტიპის ზღაპრული სასტუმრო სვანეთის მთებში

ჰეშკილი არის სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს, სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალის გზაზე. ჰეშკილი უძველესი საეკლესიო ნაგებობებთან ერთად, დღეს უკვე ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო „ჰეშკილის ქოხებითაც“ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სასტუმრო გამოირჩევა უჩვეულოდ მყუდრო, ოჯახური გარემოთი, რასაც  სვანეთის თვალწარმტაცი ხედებიც ემატება, სწორედ ამ მიზეზებით, ეს ქოხები არა მხოლოდ ქართველების, არამედ ბევრი უცხოელი ტურისტის საყვარელ ადგილად იქცა. სასტუმროს შესახებ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მალალო გელოვანი გვიამბობს.

-მალალო, საინტერესოა, როდის გაჩნდა იდეა, რომ სასტუმრო „ჰეშკილის ქოხები“ ქცეულიყო თქვენს ოჯახურ ბიზნესად?

-ჰეშკილის ქოხების ისტორია დაახლოებით  28 წლის წინ დაიწყო, იქ, სადაც ახლა სასტუმროა, მაშინ ძველი ქოხი იდგა, სადაც ზაფხულობით ოჯახი ცხოვრობდა. ჰეშკილი, ზოგადად, ერთი საგვარეულოს, კერძოდ ფილფანების საკუთრებაა. ეს გვარი გამოირჩევა განსაკუთრებული ტრადიციებისა და ფოლკლორის სიყვარულითა თუ ცოდნით. ოჯახმა გადაწვიტა  ძველი ქოხის ადგილას უფრო გამართული და ახალი ქოხი აეშენებინა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ბიზნესი იდეაშიც არ ყოფილა, ქოხს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრები, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ ჰეშკილის ხედები (უშბისა და ლაილას ქედი), ქოხის სიტუაცია, ნატურალური საკვები და ის სვანური სიმღერები, რომლებსაც ოჯახის წევრები ასრულებდნენ.

როდესაც გაჩნდა იდეა რომ საოჯახო სასტუმრო გაგვეკეთებინა, ფინანსების მოძიებაში სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაგვეხმარა. საიდანაც მივიღეთ დაფინანსება და მოვაწყვეთ  ინფრასტრუქტურა.

-„ჰეშკილის ქოხები“ ულამაზესი ადგილმდებარეობის გარდა, სასტუმროსთვის უჩვეულო, არასტანდარტული გარემოთიც გვამახსოვრებს თავს.

-დიახ, ამჟამად გვაქვს 4 ხისა და  1 ქვის ქოხი, თუმცა, ამ ეტაპზე, კიდევ ვამატებთ ქოხებს, რათა მომავალი წლის სეზონს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. „ჰეშკილის ქოხები“ შექმნილია ძველი სვანური ,,ქელ’’ (ქოხის) სტილში. ეს არის სამთაბარო ქოხი, რომელსაც სვანეთში ძველი დროიდან იყენებდნენ, ის შეიძლება იყოს როგორც ხის, ასევე ქვისგან (ფიქლისა და რიყის) ნაგები.

-ამჟამად რას სთავაზობს სასტუმრო აქ ჩამოსულ დამსვენებელს?

-„ჰეშკილის ქოხები“ არის იზოლირებული გარემო, რომელიც მოწყვეტილია ცივილიზაციას და ეხმარება ჩვენს დამსვენებლებს ყოველდღიური ცხოვრებისგან განტვირთვაში. ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს, უპირველეს ყოვლისა, ხვდებათ ოჯახური თბილი სიტუაცია, ეკოლოგიურად სუფთა ხელშეუხებელი გარემო, არაჩვეულებრივი ხედები (მუდამ თოვლიანი უშბა და ლაილა), წიწვიანი ტყე თუ უკიდეგანო მინდვრები და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა  ადგილობრივ საკვები (რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული). 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს დამსვენებლებს ასევე ვთავაზობთ ადგილობრივ ტურებს სვანეთის მასშტაბით.

-რომელ სეზონებზეა სასტუმრო ღია სტუმრებისთვის და რა თანხებთანაა დაკავშირებული აქ დასვენება?

-2017 წელს ვიფუნქციონირეთ ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზეც. მომავალი წლიდან კი, ვაპირებთ ყველა სეზონზე ვიმუშაოთ სრული დატვირთვით და ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვაკეთებთ გათბობას ქოხებში. ხოლო, რაც შეეხება ფასებს – 2018 წლის სეზონისთვის ფასი ნომრების მიხედვით, ერთი დღე იქნება 25-30 ლარი ერთ ადამიანზე,  ხოლო კვებას რაც შეეხება, გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გვქონოდა ფიქსირებული მენიუ. ასე რომ, ყველანაირად ვცდილობთ სასტუმრო ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად დასამახსოვრებელი გავხადოთ დამსვენებლებისთვის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid