close
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

GuzX-ი – ქართველი ახალგაზრდების აპლიკაცია – სახელმძღვანელოებს უფრო მიმზიდველს ხდის

ქართველმა ახალგაზრდებმა, ბოლო პერიოდში,  ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განახორციელეს, ერთ-ერთი მათგანია GuzXაპლიკაცია, რომლის ავტორიც სამი ახალგაზრდაა. მათ გადაწყვიტეს სასკოლო სწავლება უფრო მიმზიდველი გახდეს მოსწავლეებისთვის და ვიზუალურ მასალასთან ერთად უფრო ძირფესვიანად გაეცნონ ინფორმაციას. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა პროექტის ერთ-ერთ ავტორს,  ნიკა დევაშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა პროგრამის შესახებ.

გუნდი სამ ახალგაზრდას აერთიანებს, ესენია – ნიკოლოზ დევაშვილი, თედო მახარაძე და გიორგი ძავაშვილი. თავდაპირველად იდეა  ნიკას გაუჩნდა და პირველი პროტოტიპის კეთებაც თავადვე დაიწყო, მაგრამ მალევე გუნდში დაიმატა თედო და გიორგი. ნიკა 128-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, თედო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, გიორგი კი – ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკუტეტის სტუდენტია. გუნდის წევრები, როგორც ნიკამ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს და იცოდნენ ერთმანეთის გამოცდილების შესახებ, სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ როგორც გუნდი და უკვე ერთად მუშაობენ საგანმანათლებლო აპლიკაციაზე.

,,აპლიკაციის შექმნის სურვილი გაგვიჩნდა, იმიტომ რომ დღესდღეისობით მრავალ სკოლას საქართველოში და საერთოდ – მსოფლიოში არ აქვს შესაბამისი ინვენტარი (ლაბორატორიები, ადამიანის აგებულების მოდელები და ა.შ), რათა მოსწავლეებს აჩვენონ თუ როგორ გამოიყურება ქიმიური რეაქციები, როგორ მუშაობს ფიზიკის კანონები და ა.შ. სწორედ ეს იწვევს შემდგომში იმას, რომ ბავშვებს ქიმია, ფიზიკა და სხვა მსგავსი საგნების მიმართ ინტერესი უნელდებათ, სწორედ  ამიტომ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც ყველა ბავშვს სთავაზობს იმას, რომ Augmented Reality-ში შექმნას და ჩაატაროს ის ქიმიური ცდები, რომლებიც სკოლის წიგნში აქვს მოცემული, ნახოს, როგორ გამოიყურება მზის სისტემა და გაიგოს მის შესახებ თითქმის ყველანაირი ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს ისეთი დარგების პოპულარიზაციას, როგორებიცაა –  ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ასტრონომია და ა.შ“ – აღნიშნა ნიკამ.

აპლიკაცია შემდეგნაირად მუშაობს,  ბავშვი სახელმძღვანელოს მიუახლოებს კამერას შესაბამის სურათთან და აპლიკაციის მეშვეობით თვალს ადევნებს ქიმიური რეაქციის სივრცით გამოსახულებას, ადამიანის ანატომიურ გამოსახულებს, თუნდაც პლანეტათა განლაგებას და ა.შ. ამ ეტაპზე აპლიკაცია მხოლოდ ახალგაზრდა გამომგონებლების ბარათების მეშვეობით არის მუშა, თუმცა როგორც ნიკა ამბობს, თუ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითანამშრომლებს მათთან, მონაცემების თვითონ წიგნებშივე ჩამონტჟდება, რაც მათ ასევე საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტი ფუნქცია დაამატონ პროგრამას.

საინტერესოა თვითონ აპლიკაციის სახელწოდებაც,  “Guz“ ერთ-ერთი საზომი სისტემის ერთეულია უცხოეთში, რასაც ემატება X-ნიშანი, როგორც უარყოფა, საერთო მნიშვნელობა კი ამგვარია  -,, სწავლას საზღვარი არ აქვს“.

სამომავლოდ  გუნდი ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს ამ აპლიკაციის რეალიზაცია და სხვადასხვა სკოლამ უკვე დაიწყოს აპლიკაციის მოხმარება, რისთვისაც  როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელი და სასურველია, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობასაც მიაღწიონ.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ სადემონსტრაციო ვიდეოებს:

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid