close
ეკოლოგია

გლობალური დათბობის შედეგად ანტარქტიდა მწვანდება

ანტარქტიდაზე მომუშავე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყინულოვანი კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სანაპიროებზე სწრაფად იზრდება ხავსები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პლანეტის ყველაზე ცივი და მოშორებული არეალების კლიმატის ცვლილებაზე.  

თითქმის 50-წლოვანი დათბობის პროცესის შუაგულში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხავსების ორი სახეობა, რომლებმაც თითქოს უცბად იფეთქა; ერთ-ერთი ხავსი, რომელიც ძალიან ნელა, წელიწადში 1 მმ-ზე ნაკლებით იზრდებოდა, ახლა წელიწადში 3 მილიმეტრზე მეტი იზრდება.

„ხალხი ფიქრობს, რომ ანტარქტიდა მთლიანად ყინულოვანი ადგილია, მაგრამ როგორც ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, ზოგიერთი ნაწილი ახლა მწვანეა და თანდათან უფრო მწვანდება“,  — ამბობს კვლევის ავტორი მეთიუ ემსბერი ექსეტერის უნივერსიტეტიდან.

„ამ შორეული ეკოსისტემის შესახებ შესაძლოა ხალხი ფიქრობდეს, რომ ადამიანისგან ხელუხლებელია, მაგრამ სინამდვილეში, ის სწორედ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ წარმოქმნა“.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა; ემსბერისთან ერთად, ავტორები არიან მისი კოლეგები კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, British Antarctic Survey-დან და დარემის უნივერსიტეტიდან.

მცენარეული საფარი თანამედროვე ანტარქტიდის ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებზეა წარმოდგენილი. ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილებზე, ანტარქტიკული ხავსები იმ გაყინულ ზედაპირზე იზრდება, რომელიც ზაფხულობით ნაწილობრივ ლხვება.

ზაფხულში, ზედაპირის ხავსები თხელ ფენას წარმოქმნის, რომელიც ზამთარში ისევ იყინება. როდესაც ერთი ფენა სხვა ფენის ზემოთ ექცევა, ძველი ხავსები გაყინული ნიადაგის დაბლა რჩება, სადაც ტემპერატურა მათ შესანიშნავად ინახავს.

ემსბერის თქმით, ასე ისინი „დროთა მანძილზე ცვლილებათა აღმწერებად“ იქცევიან.

ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, 640 კმ სიგრძის ტერიტორიაზე აღებულმა ნიმუშებმა ბოლო 150 წლის მანძილზე მომხდარი დრამატული ცვლილებები წარმოაჩინა მცენარეთა ზრდის თვალსაზრისით.

ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე განსაკუთრებით დათბა. გაიზარდა ისეთი დღეების ოდენობა, როდესაც ტემპერატურა 0-ზე მეტია. შედეგად, როგორც კვლევამ დაადგინა, 4-5-ჯერაა გაზრდილი ხავსების ზრდის მაჩვენებელიც.

კვლევის ავტორთა მიერ გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს საოცრად მწვანე ანტარქტიკული ლანდშაფტი, თითქოს ის რომელიმე მწვანე კუნძული იყოს.

„ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ანტარქტიდა უკან, გეოლოგიურ წარსულში მიემართება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ატმოსფერული CO2-ის ოდენობა უკვე უკვე იმ დონემდეა გაზრდილი, რაც პლიოცენის ეპოქის შემდეგ არ ყოფილა, 3 მლნ წილის წინ, როდესაც ანტარქტიკის მყინვარული საფარი მცირე იყო, ზღვის დონე კი უფრო მაღალი“, — ამბობს ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარი რობ დე კონტო.

„თუკი სათბური გაზების გამოყოფა გაუკონტროლებელი დარჩება, ანტარქტიდა კიდევ უფრო შორეულ გეოლოგიურ წარსულში დაბრუნდება. ერთ მშვენიერ დღეს, ნახევარკუნძული ალბათ კვლავ ტყით დაიფარება, როგორც ის ცარცულ და ეოცენის ეპოქებში იყო, როდესაც კონტინენტი ყინულისგან მთლიანად თავისუფალი იყო“, — ამბობს დე კონტო.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ამჟამად შემჩნეული ცვლილებები ჯერ მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

„ეს ცვლილებები, მყინვართა უკან დახევის შედეგად ყინულისგან გამოთავისუფლებული მიწების ფართობის ზრდის კვალდაკვალ, ფართო მასშტაბებით შეცვლის ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ბიოლოგიურ ფუნქციონირებას, იერსახესა და ლანდშაფტს“, — წერენ ისინი.

ანტარქტიდაზე ხავსების ზრდა ძალიან მოკრძალებულია იმასთან შედარებით, რაც არქტიკაში ხდება, სადაც თანამგზავრებმა ფართომასშტაბიანი გამწვანების ტენდენცია დააფიქსირეს. არქტიკაში ახლა იმდენად ბევრი მცენარე იზრდება, რომ მეცნიერებს იმედი აქვთ, ეს მცენარეული საფარი ნაწილობრივ შეამცირებს იმ ნახშირორჟანგის ოდენობას, რომელიც სწორედ ამ მცენარეთა ქვეშიდან, მრავალწლოვანი მზრალობის გალხვობის შედეგად გამოთავისუფლდა.

მსგავსი დღეები სავარაუდოდ ძალიან შორსაა ანტარქტიდისგან, მაგრამ თვალნათელია, რომ კონტინენტის ლანდშაფტი ძალიან განსხვავებული ხდება.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

წყარო:   http://1tv.ge/

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld