close
მედიცინა

„გაზაფხულზე მენინგოკოკური ინფექციის საფრთხე იზრდება“- პაატა იმნაძე

  გაზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს ინფექციური სნეულებების რიცხვი, რადგან ზამთრის შემდეგ ორგანიზმი სუსტდება, ქვეითდება მისი თავდაცვისუნარიანობა და, შესაბამისად, იზრდება დაავადებების განვითარების რისკი. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში თავს იჩენს მენინგოკოკური ინფექცია. მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. მისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია სამი ნიშანი, რომელთაც მენინგიტურ ტრიადასაც კი უწოდებენ, ესენია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება.

„დოქტრინა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს – პაატა იმნაძეს, გაესაუბრა. მისი თქმით: „სწრაფად ვითარდება ე.წ. მენინგეალური ნიშნები, მაგალითად, კეფის კუნთების დაჭიმულობა (ავადმყოფს უჭირს თავის წინ გადახრა), კერნიგის (მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში ფეხის მოხრის შემდეგ, როგორც წესი, რთულია ფეხის გამართვა), ბრუძინსკის (ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს თავის დახრისას რეფლექსურად ეხრება ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში). ხშირად მენინგიტს თან ახლავს ჰერპესული ინფექცია, სხეულზე შეინიშნება გამონაყარი. ასევე დამახასიათებელია სუნთქვის მოშლა, უმადობა, ყაბზობა. მენინგიტის მძიმე ფორმისას ტვინი შუპდება და სივდება.  მენინგიტის დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია თავ-ზურგტვინის სითხის, ლიქვორის, აღება, აგრეთვე, კლინიკური და ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევები.“

მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, ყველაზე ხშირია მენინგოკოკის (დაინფიცირება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით ინფექციის მატარებელთან 0,5-1.0მ-ის სიახლოევეს), პნევმოკოკისა და ჰემოფილუსის ჩხირი. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი შეიძლება ბაქტერიების მატარებელი იყოს, თავად არ გახდეს ავად, თუმცა ბავშვს შეუქმნას საფრთხე. მენინგოკოკური ინფექციის გამომწვევი ბაქტერიაა – Neisseria meningitidis – იგი აზიანებს თავის ტვინის გარსსა და კაპილართა ენდოთელიუმს.

 

ამ ინფექციის გენერალიზებული ფორმაა მენინგოკოკცემია, რომლითაც, უწინარეს ყოვლისა, ბავშვები ავადდებიან (70%).  ამ დროს სხეულზე ჩნდება ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევები. შესაძლოა, ბავშვს ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, ღებინება, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დაავადება ელვისებური სისწრაფით ვრცელდება. მენინგოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისთვის შექმნილია A, B და C ჯგუფის პოლისაქარიდული ვაქცინები.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა: „გაზაფხულზე იმატებს ტენიანობა და ტემპერატურა მკვეთრად იცვლება. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირად გხვდება ისეთი დაავადებები, რომლებიც გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი და ა.შ.“

ინფექციებისაგან თავის დასაცავად აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება, დაბალანსებული კვება და სითხის მიღება. ბუნებრივია, დასუსტებულ ორგანიზმს მარტივად ერევა სხვადასხვა ინფექცია. აგრეთვე, აუცილებელია ოთახის განიავება და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა. იმუნოპროფილაქტიკის ყველაზე შედეგიან მეთოდად ვაქცინაცია ითვლება.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid