close
რობოტექნიკა

დუბაიში მუშაობას რობოტი პოლიციელები იწყებენ

 

დუბაის ღირშესანიშნაობებს მალე რობოტი პოლიციელები შეემატება. პირველი რობოკოპი მუშაობას მაისში დაიწყებს, 2030 წლამდე კი საემიროს საპოლიციო ძალების 25 პროცენტი რობოტიზებული იქნება.

დუბაის პოლიციის პირველი რობოტი წევრი, ესპანურ კომპანია „PAL რობოტიქსის“ მიერ შექმნილი რობოტი ჰუმანოიდი – REEM-ი – გახდება. ის 2011 წელს შეიქმნა, როგორც მომსახურების რობოტი, რომელიც სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოდგება. ის ბორბლებიანი პლატფორმით გადაადგილდება და წარმოადგენს საინფორმაციო მაღალტექნოლოგიურ მანქანას, რომელიც აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში, მუზეუმებსა და ჰოსპიტალებში, მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციას აწვდის.

რობოტისთვის საპოლიციო ფუნქციების მისანიჭებლად, „PAL რობოტიქსს“ კონსულტაციებს დუბაის პოლიცია უწევდა. ადაპტირებული ვერსია გასული წლის ბოლოსთვის მზად იყო. ,,CNN-თან” საუბრისას საპოლიციო რობოტების პროექტის შეფმა, ხალიდ ნასერ ალრაზუქიმ განაცხადა, რომ რობოკოპი თავიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრებში და ტურისტულ ატრაქციონებზე დაიწყებს. შემდგომ ეტაპზე კი მას საპოლიციო უბნებშიც „დაასაქმებენ“, სადაც მიმღების ფუნქცია დაეკისრება.

მოქალაქეებს რობოტ პოლიციელთან ჯარიმების გადახდის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ძარცვაზე და სხვა არასამრთლებრივ ქმედებაზე პოლიციაში განაცხადების შეტანა. რა თქმა უნდა, რობოტი ფორმალობებსაც თავად შეასრულებს და საჭირო საბუთებსაც შეავსებს, რის შემდეგაც მათ უბანს დისტანციურად გადაუგზავნის.

2020 წელს დუბაის პოლიციაში მუშაობას მობილური რობოტები დაიწყებენ. სავარაუდოდ, ეს „ექსპო 2020 დუბაის“ გახსნამდე მოხდება. უფრო მოგვიანებით, ქალაქში პირველი, სრულად რობოტიზებული საპოლიციო უბანი დაიწყებს მუშაობას. მას მთლიანად რობოტები გააკონტროლებენ. ოღონდ, რობოტ პოლიციელებს ჯერჯერობით არ დაეკისრებათ ეჭვმიტანილების დაკავება. ამ საქმისთვის, უფრო განვითარებული რობოტების შექმნა იქნება საჭირო, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებით და კარგად განვითარებული კიდურებით აღიჭურვებიან.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld