close
ამოგონება - ინოვაციააქართველოექნოლოგიები

“Donna“ – ქართული სტარტაპი კვების ობიექტებით სარგებლობის ეკონომიურ და ოპტიმალურ გზას გვთავაზობს

დონა

ცოტა ხნის წინ საქართველოში გამოჩნდა ონლაინპლატფორმა – “Donna”, რომელიც აქტიურ მომხმარებელს სთავაზობს მოხერხებულ მომსახურებას, ეს გულისხმობს  ტრანსპორტით გადაადგილებისას სხვადასხვა კვების ობიექტში შეკვეთის მარტივი აპლიკაციით გაკეთებას და შემდეგ მის მიღებას მანქანიდან გადმოუსვლელად. აპლიკაციის შესახებ, მისმა ავტორმა  – ნიკა აბაშიძემ გვიამბო.

აპლიკაცია „Donna-ს“ იდეის ავტორი ნიკა აბაშიძე გახლავთ, რომელიც    ბოლო 2 წელია, რაც კერძო ბიზნესიდან მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში გადავიდა, რადგან მისთვის ეს გაცილებით უფრო საინტერესო სფეროა და შესაძლებლობებიც უფრო ფართე სპექტრსაც მოიცავს. რაც შეეხება „Donna-ს“ იდეას,  ნიკას ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე გაუჩნდა, რადგან როგორც ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, მასაც მუდმივად აწუხებდა ის ფაქტი, რომ თუნდაც მხოლოდ ყავის ან ჩაის შესაძენად უწევდა გადატვირთულ ქალაქში მანქანის საპარკინგე ადგილის მოძიება, გადმოსვლა, ფეხით სიარული და შეკვეთის გამზადებისთვის მოცდა. „მთელი ეს პროცესი დროს მოითხოვს და დისკომფორტის შეგრძნება განსაკუთრებით  ზამთარში მატულობს, როცა დილაობით ტემპერატურის მაჩვენებელი 0-ს დაბლა სცდება.  სწორედ ამიტომ, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ვინმეს რომ მანქანაში მოეწოდებინა ყავა. ასე გაჩნდა ,,Donna-ს” იდეაც“ – აღნიშნავს ის.

„Donna-ს” აპლიკაციაში მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელი საკმაოდ მარტივი პროცედურით აკეთებს სასურველ შეკვეთას, უპირველეს ყოვლისა, ირჩევს სასურველ რესტორანს, შემდეგ ირჩევს პროდუქტს და იხდის თანხას საბანკო ბარათიდან, რომლის დამახსოვრებაც შესაძლებელია, რათა ყოველ ჯერზე არ მოუწიოს მონაცემების ხელახლა შეყვანა. ამის შემდეგ, კლიენტი მიდის აღნიშნულ ობიექტთან, სადაც დაწესებულების თანამშრომელი პირდაპირ მანქანაში აწვდის მას შეკვეთას.

აპლიკაცია უკვე ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი და მომხმარებლისთვის ეს არანაირ დამატებით ხარჯს არ უკავშირდება, თქვენ  ყიდულობთ პროდუქტს იმ ფასად, რა ფასადაც იყიდდით ჩვეულებრივად შეძენის შემთხვევაში. ამასთანავე, თქვენ დაზოგავთ დროს და თავიდან აირიდებთ ჯარიმებს მანქანის ნაჩქარევი, ცუდი პარკირების გამო.

აპლიკაციით სარგებლობა მომხმარებელს უკვე შეუძლია ისეთ კვების ობიექტებში როგორებიცაა “Cofeesta”,  “Morelli’s Gelato”, ,,Bon Repa’s, Le monde-ი”, ,,Shaurma Club-ი”,  ,,Greek Point-ი” და მრავალი სხვა, კომპანია სამომავლოდ გეგმავს პარტნიორი რესტორნების ქსელის გაფართოებას და ახალი მომსახურებების დამატებას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ აპლიკაციის Facebookგვერდს.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2