close

მედიცინა

მედიცინა

ახალი ავტორიზებული პრეპარატი ალოპეციის მქონე პაციენტების თმის 80%-ს აღადგენს

ალოპეცია, იგივე წერტილოვანი სიმელოტე, არის დაავადება, რომელიც სხეულის კონკრეტულ არეალებში თმის ცვენას იწვევს, რადგან ორგანიზმის იმუნურის სისტემა ფოლიკულებს უტევს. გაცვენილი თმის ხელახლა გასაზრდელად პაციენტებს თერაპიების დიდი არჩევანი არ აქვთ, ზოგი მათგანის შემთხვევაში კი მკურნალობა უშედეგოა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ახალ პრეპარატ რიტლეციტინიბს, რომელიც LITFULO-ს ბრენდის სახელით იწარმოება, ამ პრობლემის მქონე ადამიანების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია. ახლახან აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ მას ავტორიზაცია მიანიჭა, რის შესახებაც ინფორმაციას კომპანია Pfizer ავრცელებს.

რიტლეციტინიბი გახლავთ აბი, რომელიც დღეში ერთხელ, ორალური გზით მიიღება. მისი გამოყენების ნებართვა მხოლოდ იმ ინდივიდებს აქვთ, რომლებიც 12 წელს ზემოთ ასაკის არიან და Alopecia Areata-ს დიაგნოზით ცხოვრობენ. რეკომენდებული დღიური დოზა 50 მილიგრამია.

ეს მედიკამენტი კინაზის სახელით ცნობილ ფერმენტთა ჯგუფს მიეკუთვნება და ორი სპეციფიკური ცილის (JAK3 და ტიროზინკინაზა) ბლოკირებისას ფუნქციონირებს. მსგავსი ფერმენტები უჯრედთა ურთიერთკავშირში, მეტაბოლიზმში, გაყოფასა და გადარჩენაში დიდ როლს ასრულებს. მათი კონტროლი თმის ცვენის გამომწვევი პროცესების შეჩერების საშუალებას იძლევა.

ALLEGRO-მა, რა თქმა, უნდა კლინიკური ცდები წარმატებით გაიარა, რომელთა შედეგებიც სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოს გაეგზავნა. ავტორიზაცია მან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო.

2b/3 ფაზის კვლევაში 718 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაც სკალპზე თმის 50% მაინც ჰქონდათ გაცვენილი. მათ 23%-ს 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ თმის 80% ან მეტი აღუდგათ, კონტროლ ჯგუფის (რომელთაც პლაცებო მიიღეს) მაჩვენებელი კი მხოლოდ 1.6% იყო. ALLEGRO-ის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 12-17 და 18+ ასაკის ადამიანებში ერთნაირია.

რაც შეეხება პრეპარატის ძირითად უკუჩვენებებს, ესენია თავის ტკივილი, დიარეა, აკნე, არახანგრძლივი გამონაყარი და კანის სიწითლე. ცდის შედეგები გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც, ფიზიკური აქტივობის გარეშე, ვარჯიშის ეფექტი ექნება

მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც, ფიზიკური აქტივობის გარეშე,  ვარჯიშის ეფექტი ექნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს მოლეკულური სიგნალი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ეგზავნება ჩვენს ტვინსა და თვალებს. უფრო კონკრეტულად, ეს სიგნალები ლიპიდური ნაწილაკების მეშვეობით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადადის.

მკვლევრებმა ნაშრომი ჟურნალ Clinical & Experimental Ophthalmology-ში გამოაქვეყნეს. ახლა მათ სურთ გამოიყენონ ეს ნაწილაკები, რათა შექმნან აბი, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნება ვიტამინის მსგავსად.

„ეს არსებითად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის ვისაც ვარჯიში არ შეუძლია”, – განაცხადა რიკარდო ნატოლიმ, Clear Vision Research-ის ხელმძღვანელმა და კვლევის თანაავტორმა.

გუნდს თავდაპირველად სურდა ვარჯიშის ეფექტი ბადურაზე გამოეცადა. მკვლევრებმა იცოდნენ, რომ ვარჯიში მხედველობისთვის სასარგებლოა, თუმცა, მათ არ ესმოდათ ამის სრული ეფექტი.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება იმას, რაც აქამდე იყო ცნობილი. ბადურაზე ვარჯიშის ეფექტი დიდად არ იყო შესწავლილი”, – ამბობენ მკვლევრები.

ახლა მათ სურთ ამ კვლევის საფუძველზე შექმნან მკურნალობისა და თერაპიების მეთოდები, მათთვის ვისაც ნევროლოგიური დაავადებები აწუხებს. ეს ასევე სასარგებლო იქნება პარაპლეგიის (ზედა ან ქვედა ორივე კიდურის დამბლა) მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ გამოიყენონ კიდურები ვარჯიშისთვის.

შესაბამისად, მსგავსი ინოვაცია ზარმაცების გარდა, შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

სისხლის II, III და IV ჯგუფების I ჯგუფად გარდაქმნა სულ მალე შესაძლებელი იქნება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიული ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი სისხლის ნებისმიერი ჯგუფის I ჯგუფად გადაკეთებას შეძლებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქიმიის ამერიკული საზოგადოების 256-ე შეხვედრაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ისინი სისხლის ჯგუფის ცვლილების პროცესს ხსნიან.

მეცნიერებმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც სისხლის II, III და IV ჯგუფის უჯრედებიდან სპეციალური ანტიგენების “წაშლა” შეუძლიათ, რაც ნებისმიერ სისხლს I ჯგუფად აქცევს.

ადამიანებში სისხლის ოთხი ჯგუფი გხვდება. თითოეულ მათგანს სპეციალური ანტიგენური შემადგენლობა აქვს. სისხლის მეორე და მესამე ჯგუფი ორი სხვადასხვა ანტიგენით განისაზღვრება, ხოლო სისხლის მეოთხე ჯგუფის უჯრედებს კი მეორე და მესამე ჯგუფისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი გააჩნია. ადამიანის სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი ანტიგენები შაქრის შემცველი ცილებია, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებზე “სხედან”.

მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის ერთმანეთში გადასხმა არ შეიძლება, რადგან სისხლის მიმღები ორგანიზმი ანტისხეულების წარმოქმნას დაიწყებს, რომელიც გადმოსხმული სისხლის წითელ უჯრედებზე მისთვის უცხო ანტიგენს ამოიცნობს და მას შეებრძოლება.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კი ნებისმიერი სისხლის მიღება შეუძლიათ, ისინი უნივერსალური რეციპიენტები არიან. მათი სისხლის უჯრედებზე მეორე და მესამე ჯგუფის სისხლისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი არსებობს, შესაბამისად ეს ანტიგენები ორგანიზმისთვის ნაცნობია და ის მათ განადგურებას არ შეეცდება.

სისხლის პირველი ჯგუფი ხშირად უნივერსალურ დონორად მოიხსენიება, რადგან მას წითელ უჯრედებზე ანტიგენები საერთოდ არ აქვს. პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის გადასხმა ყველა ადამიანისთვის შეიძლება, რადგან ის რეციპიენტებში უარყოფით რეაქციას არ იწვევს.

მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ გზას, რომლითაც ისინი დანარჩენი სამი სისხლის ჯგუფის პირველ ჯგუფად გარდაქმნას შეძლებდნენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭ-ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს ნაწლავებში არსებულ ცილებზე მიბმული შაქრების დაშლა განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ეს კი ძალიან ჰგავს სისხლის წითელი უჯრედებიდან შაქრის შემცველი ანტიგენების ჩამოცილების პროცესს.

მეტაგენომიკის გამოყენებით მეცნიერებმა ადამიანის ფეკალიებში არსებული მიკრობების კულტურა გამოაცალკევეს, შემდეგ კი მასში სისხლის წითელ უჯრედებზე არსებული ანტიგენების მსგავსი ცილები შეიყვანეს. მათ აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც სისხლის მეორე ჯგუფს ანტიგენებს განსაკუთრებულად დიდი ეფექტურობით აცლიდა. აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო ერთი ფერმენტი, რომელიც სისხლის მესამე ჯგუფის ანტიგენებზე წარმატებით მუშაობდა. ახლა კი მათ ეს ორი ფერმენტი გააერთიანეს, რითაც შეძლეს, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს ანტიგენები სრულად მოაშორონ და ისინი პირველ ჯგუფად გადააკეთონ.

კვლევის ავტორების თქმით, პროცესი თეორიულად სრულად გამართულია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა ადამიანებში ჯერჯერობით არ მომხდარა.

ერთი შეხედვით, ექსპერიმენტმა გეგმის მიხედვით უნდა იმუშაოს, თუმცა მკვლევარებმა გამოცდილებით იციან, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს თვისება – ჩაშალოს ყველაზე კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტებიც კი და მეცნიერებს ახალი თავსატეხები გაუჩინოს.

თუ ადამიანებში ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებული იქნება, ეს მსოფლიოში სისხლის ნაკლებობის პრობლემას მყისიერად გადაჭრის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ისტორიაში პირველად: ექიმებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს

ჩინეთში მეხსიერების კლინიკის ნევროლოგებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, ვისთვისაც კი ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვამთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მამრობითი სქესის მოზარდს მეხსიერების დაქვეითება, დაახლოებით, 17 წლის ასაკში დაეწყო და მდგომარეობა წლების განმავლობაში გაუარესდა.

პაციენტის ტვინის ვიზუალიზაციით გამოვლენილი ჰიპოკამპუსის (რომელიც მეხსიერების კონსოლიდაციაში მონაწილეობს) შეკუმშვა და მისი ცერებროსპინალური სითხე მიუთითებს დემენციის ამ ყველაზე გავრცელებული ფორმის საერთო მარკერებზე.

ალცჰაიმერს ხშირად ხანდაზმულების დაავადებად მიიჩნევენ, მაგრამ ადრეული შემთხვევები, რომლებიც მოიცავს 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, დიაგნოზების, თითქმის, 10%-ს შეადგენს.

30 წლამდე ასაკის, თითქმის, ყველა პაციენტში გამოვლენილი ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება აიხსნას გენის პათოლოგიური მუტაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაავადება მემკვიდრეობით მიიღეს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი დიაგნოზის დასმისას, მით უფრო სავარაუდოა, რომ დაავადება მემკვიდრეობით მიღებული დაზიანებული გენების შედეგია.

თუმცა პეკინის Capital Medical University-ს მკვლევრებმა მოზარდის გენომის შესწავლისას ვერ აღმოაჩინეს რაიმე საეჭვო გენი ან მუტაციები, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერების დაკარგვის ადრეულ დაწყებაზე.

ამ დიაგნოზამდე ალცჰაიმერის მქონე ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 21 წლის იყო. ის და მისი ოჯახი ატარებდნენ PSEN1 გენის მუტაციას, რომელიც იწვევს ტვინში ანომალიური ცილების დაგროვებას, ქმნის რა ტოქსიკური დაფების გროვას, რაც ალცჰაიმერის დაავადების საერთო მახასიათებელია.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევა, ზემოხსენებულისაგან განსხვავებით, გაურკვევლობას ბადებს. 19 წლის მოზარდის ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია ალცჰაიმერის ან დემენციის ისტორია, თუმცა მოზარდს არ აღენიშნებოდა სხვა დაავადებები, ინფექციები ან თავის ტრავმა, რითაც მისი უეცარი კოგნიტიური დაქვეითება აიხსნებოდა.

მეხსიერების კლინიკაში გაგზავნამდე ორი წლით ადრე, პაციენტს აღენიშნებოდა ყურადღებისა და მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება და კითხვის გაძნელება. ხშირად ვერ იხსენებდა წინა დღის მოვლენებს და ყოველთვის არასწორ ადგილას ათავსებდა პირად ნივთებს.

საბოლოოდ, კოგნიტიური დაქვეითება იმდენად გაუარესდა, რომ ახალგაზრდამ საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. პაციენტის მეხსიერების ქულა 82%-ით დაბალი იყო, ვიდრე მისი ასაკის თანატოლებისა.

„პაციენტს აღენიშნება ალცჰაიმერის ძალიან ადრეული შემთხვევა, მკაფიო პათოგენური მუტაციების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პათოგენეზი ჯერ კიდევ შესასწავლია”, – წერენ ნევროლოგი ძიენფინგ ძია და მისი კოლეგები თავიანთ კვლევაში.

ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ალცჰაიმერი არ მიჰყვება ერთ, კონკრეტულ გზას და ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

South China Morning Post-ისთვის მიცემულ განცხადებაში ნევროლოგები, რომლებიც აღწერდნენ პაციენტის შემთხვევას, ამტკიცებდნენ, რომ მომავალი კვლევები უნდა ფოკუსირდეს დაავადების გამოვლენის ადრეულ შემთხვევებზე, რათა უკეთ ჩავწვდეთ მის გამომწვევ მიზეზებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინა

თვალის ბადურის მწვავე დაავადების სამკურნალო ნემსები შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს

თვალის ბადურის მწვავე დაავადების სამკურნალო ნემსები შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამჟამად, თვალის ბადურის ცენტრალური ვენის დახშობას (RVO) მკურნალობენ თვალში სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორის (ანტი-VEGF) ნემსის გაკეთებით.

კოლუმბიის უნივერსიტეტისა და სენფორდ ბარნჰამ პრებისის სამედიცინო აღმოჩენათა ინსტიტუტის მკვლევართა მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ეს არაკომფორტული და ოდნავ მტკივნეული პროცედურა მალე შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს.

ბადურის ცენტრალური ვენის ოკულზია მაშინ ხდება, როცა ბადურა იხშობა, რაც იწვევს დასივებას, ანთებას და ბადურის დაზიანებას; პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, შეიძლება პაციენტმა მხედველობაც დაკარგოს.

ანტი-VEGF ინიექციები შესივებას აცხრობს და მხედველობას აუმჯობესებს. იმისათვის, რათა იმოქმედოს, საჭიროა პრეპარატის თვალში შეყვანა, მაგრამ ინიექცია ყოველთვის ეფექტიანი არაა ამ დაავადების მკურნალობაში.

იმის გამო, რომ ეს პროცედურა საკმაოდ უსიამოვნოა, ადამიანები მკურნალობას ხშირად თავს არიდებენ, რის გამოც პრობლემა უარესდება.

ლაბორატორიულ ტესტებში, ექსპერიმენტული პრეპარატის შემცველმა თვალის წვეთებმა თაგვებში ორჯერ მეტი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე სტანდარტულმა ანტი-VEGF ნემსმა — ბადურის ცენტრალური ვენის დახშობით გამოწვეული შესივების ჩაცხრობისა და ბადურაში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ინიექციებისგან განსხვავებით, თვალის წვეთები მხედველობის დაკარგვისგანაც იცავს, რადგან ახდენს თვალის ფოტორეცეპტორების გაუარესების პრევენციას.

თვალის წვეთები შეიცავდა ნაერთს, სახელად Pen1-XBir3, რომელიც ცნობილია, რომ ბლოკავს ფერმენტ კასპაზა-9-ს. ეს ფერმენტი უჯრედების სიკვდილს იწვევს და ბადურის ცენტრალური ვენის დახშობით დაზიანებულ სისხლძარღვებში ზედმეტი აქტიურობით გამოირჩევა.

„ვფიქრობთ, თვალის წვეთები ბადურის სისხლძარღვთა ჯანმრთელობას აუმჯობესებს, რაც შემდეგ ამცირებს იმ ტოქსიკურ სიგნალიზებას, რომელიც ბადურის ნეირონებს აზიანებს და მხედველობის დაკარგვას იწვევს“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ნერვ-სისხლძარღვების ბიოლოგი მარია ავრუცკი.

შედეგები ძალიან იმედის მომცემია, მაგრამ აშკარად საჭიროებს ადამიანებზე ტესტირებას. კლინიკური ცდები ადამიანებზე უკვე დაგეგმილია და როგორც მკვლევრები ამბობენ, ამავე ნაერთით შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების შექმნაც.

თვალები ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და მნიშვნელოვანი ორგანია; ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება ძლიერ გააუარესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. კარგი ის არის, რომ თვალის დაავადებათა მკურნალობაში რეგულარულად ვხედავთ პროგრესს — იქნება ეს დაბერების გამო მხედველობის გაუარესების საწინააღმდეგო თვალის წვეთები თუ სრულიად ახალი ბადურის გამოზრდა.

„ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ დაავადების მქონე უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რადგან ეს დაავადება სიბრმავეს იწვევს“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოლოგი კაროლ ტროი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინა

შიდსისგან მსოფლიოში მეექვსე პაციენტი განიკურნა

მამაკაცი, რომელსაც „ჟენეველი პაციენტი“ უწოდეს, კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა; თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, წინა განკურნებული პაციენტებისგან განსხვავებით, მისთვის არ გადაუნერგავთ ვირუსის მბლოკავი გენური მუტაცია.

აქამდე, აივ-ინფექციისგან განკურნებულად გამოცხადებული იყო ხუთი ადამიანი: ბერლინელი, ლონდონელი, დიუსელდორფელი, ნიუ-იორკელი, და იმედის ქალაქელი (კალიფორნიელი) პაციენტები.

კიბოს სერიოზული შემთხვევისგან განკურნების მიზნით, ყველა მათგანს გადანერგილი ჰქონდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტატები — ღეროვანი უჯრედები დონორისგან, რომელსაც CCR5 გენის მუტაცია აქვს. ცნობილია, რომ ეს მუტაცია აივ-ინფექციას უჯრედებში შესვლის გზას უბლოკავს.

 

2018 წელს, ლეიკემიის განსაკუთრებით აგრესიული ფორმის სამკურნალოდ, ღეროვანი უჯრედების ასეთი ტრანსპლანტატები ჟენეველ პაციენტსაც გადაუნერგეს.

თუმცა, ამ შემთხვევაში ტრანსპლანტატი ეკუთვნოდა დონორს, რომელიც არ იყო CCR5 მუტაციის მატარებელი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსს მაინც შეეძლო პაციენტის უჯრედებში შესვლა.

თუმცა, მამაკაცის მიერ ანტირეტროვირუსული მკურნალობის (რომელიც სისხლში აივ- ინფექციის რაოდენობას ამცირებს) შეწყვეტიდან 20 თვის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა მის სისტემაში ვირუსის კვალიც ვეღარ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის ორგანიზმში აი-ინფექციის კვლავ დაბრუნებას არ გამორიცხავენ, მკვლევრები მას გრძელვადიან რემისიაში მყოფად თვლიან.

„ის, რაც ჩემს თავს ხდება, არის დიდებული, ჯადოსნური“, — ამბობს ჟენეველი პაციენტი.

ის თეთრკანიანი მამაკაცია და ანონიმურობას ინარჩუნებს; აივ-ინფექციის დიაგნოზი 1990 წელს დაუსვეს.

ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებზე ის 2021 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა. სწორედ მაშინ, ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს, რომ პრეპარატების მიღება შეეწყვიტა.

იმედისმომცემი წინა ორ შემთხვევაში, რომელიც ბოსტონელი პაციენტების სახელით არის ცნობილი, ასევე გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედების ჩვეულებრივი ან „ველური ტიპი“. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ანტირეტროვირუსული მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აივ-ინფექცია კვლავ დაბრუნდა.

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გამართულ კონფერენციაზე, სადაც ჟენეველი პაციენტის შემთხვევა წარადგინეს, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მეცნიერმა ასიე საე-სირიონმა განაცხადა, რომ თუ ვირუსისნიშნები 12 თვის შემდეგაც არ გამოჩნდა, „მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ ის მომავალშიც დაუფიქსირებელი დარჩება“.

მისი განცხადებით, არის რამდენიმე შესაძლო ახსნა, თუ რატომ აღარ ფიქსირდება ჟენეველი პაციენტის ორგანიზმში აივ-ინფექცია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრანსპლანტატმა ალბათ ყველა ინფიცირებული უჯრედი მოსპო სახელგანთქმული მუტაციის საჭიროების გარეშე; ასევე შესაძლებელია, რომ ამაში როლი ითამაშა მისმა იმუნოდეპრესიულმა მკურნალობამ, რაც გადანერგვის შემდეგ არის საჭირო“, — ამბობს იგი.

შიდს-ის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, შერონ ლევინმა ბრისბენში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა იმედისმომცემია.

„თუმცა, ბოსტონელი პაციენტებისგან ვისწავლეთ, რომ ვირუსის ერთ ნაწილაკსაც კი შეუძლია, რომ აივ-ის დაბრუნება განაპირობოს. ამ კონკრეტულ პაციენტს ახლო დაკვირვებები ესაჭიროება მომდევნო თვეებსა და წლებში“, — ამბობს ლევინი.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი რემისიის ეს შემთხვევა ზრდის იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აივ-ინფექცია შეიძლება მართლა განკურნებადი გახდეს, ძვლის ტვინის გადანერგვის რთული და სარისკო პროცედურა არ გახლავთ ვარიანტი მთელ მსოფლიოში აივ-ინფექციით ინფიცირებული მილიონობით ადამიანისთვის.

უბრალოდ, საქმე გვაქვს სიცოცხლისათვის საშიში კიბოს მკურნალობასთან პაციენტებში, რომლებსაც ამავე დროს აივ-ინფექციაც აქვთ.

თუმცა, არსებობს იმედი, რომ რემისიის შემთხვევები კვლევებს ახალ გზებს გაუხსნის, მაგალითად, იმ პოტენციურ როლს, რასაც იმუნოდეპრესიული მკურნალობა ასრულებს.

წყარო: 1 tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება გარდაცვალების მიზეზი – საქსტატის მონაცემები

“საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 49 118 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც 10 788 ერ­თე­უ­ლით (18.0%) ნაკ­ლე­ბია 2021 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის ჭარ­ბობს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­დის გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ბა­მი­სად, 35.9 პრო­ცენ­ტი და 9.2 პრო­ცენ­ტი.

სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით გა­სულ წელს 17 641 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 22 158;

სიმ­სივ­ნე­ე­ბით 2022 წელს სულ 4 530 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2021 წელს კი 7 641;

სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ავად­მყო­ფო­ბე­ბით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;

ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და ლო­გი­ნო­ბის ხანა – 2022 წელს – 18, 2021 წელს კი – 34 (მათ­გან 24 შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბებს).

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინა

გარღვევა მედიცინაში – ხელოვნურმა ინტელექტმა დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი მოლეკულა აღმოაჩინა

ახალი წამლების შექმნა ძვირი და შრომატევადი საქმეა. თუმცა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დააჩქაროს პროცესი და ხარჯებიც შეამციროს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მკვლევრებმა ახლახან გამოიყენეს ტექნოლოგია სენოლიზური მედიკამენტების სამი პერსპექტიული კანდიდატის შესაქმნელად. ეს არის წამლები, რომლებიც ანელებენ დაბერებას და ამცირებენ ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს.

სენოლიტიკები დაბერებულ უჯრედებს ანადგურებენ. საუბარია უჯრედზე, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია (მეტაბოლურად აქტიურია), მაგრამ აღარ შეუძლია რეპლიკაცია. აქედან მოდის მეტსახელი — ზომბი უჯრედი.

ამ უჯრედების დნმ დაზიანებულია. შესაბამისად, ის რომ მათ რეპლიკაცია აღარ შეუძლიათ კარგია. თუმცა, დაბერებული უჯრედები საშიშია. ისინი გამოყოფენ ცილებს, რომლებიც მეზობელ უჯრედებშიც ვრცელდება.

დაბერებული უჯრედები ასოცირდება სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის მეორე ტიპის დიაბეტთან, COVID-თან, ფილტვის ფიბროზთან და კიბოსთან.

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბერებული უჯრედების განადგურება სენოლიზური საშუალებების გამოყენებით, დაავადებებს ამცირებს. შესაბამისად, მსგავს პრეპარატებს ზომბი უჯრედების მოკვლა შეუძლიათ და ეს თან ისე, რომ ჯანსაღი უჯრედები არ დაზიანდნენ.

ამ მომენტისთვის 80-მდე სენოლიზური საშუალებაა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ორია ადამიანებზე გამოკვლეული. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ ახალი მედიკამენტების შექმნას, თუმცა ეს პროცესი ათობით წელთან და მილიარდობით დოლართანაა დაკავშირებული.

შედეგი ხუთ წუთში

ედინბურგის უნივერსიტეტისა და ესპანეთის კვლევით ეროვნულ საბჭოს (IBBTEC-CSIC) მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, შეეძლოთ თუ არა ისეთი ხელოვნური ინტელექტის შემუშავება, რომელიც შესაბამის მედიკამენტებს აღმოაჩენდა.

ამისათვის ხელოვნური ინტელექტის მოდელს დიდი მონაცემები გააანალიზებინეს. მოდელმა სენოლიზური ნაერთებისა და არასენოლიტიკების ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლა. მკვლევრებს ისეთი მოლეკულების აღმოჩენა სურდათ, რომელიც შესაბამისი ნაერთის შემუშავებაში დაეხმარებოდათ.

მკვლევრებმა სპეციალურად გაწვრთნილ ხელოვნურ ინტელექტს 4 340 მოლეკულა გაანალიზებინეს და ხუთი წუთის შემდეგ შედეგები შეამოწმეს.

ხელოვნური ინტელექტის მოდელმა 21 ყველაზე პერსპექტიული მოლეკულა გამოავლინა. იგივე შედეგების მისაღებად მკვლევრებს რამდენიმე კვირიანი სამუშაო და ათი ათასობით დოლარი დასჭირდებოდათ. ხელოვნურმა ინტელექტმა ეს 5 წუთში შეძლო!

ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება

მკვლევრებმა მოლეკულები ჯანსაღ და დაბერებულ უჯრედებზე გამოცადეს. 21-დან სამმა (პერიპლოცინმა, ოლეანდრინმა და გინკგეტინმა) დაბერებეული უჯრედები ისე გაანადგურა, რომ ჯანსაღს არაფერი დაუშავა.

კვლევები გაგრძელდა და უფრო დეტალურმა ბიოლოგიურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სამი მოლეკულიდან ერთი — ოლეანდრინი ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის ყველაზე ცნობილი სენოლიზური პრეპარატები.

შედეგები დამაიმედებელია და მას მკვლევრები როგორც გარღვევას ისე ახასიათებენ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს მედიცინის პროგრესის დაჩქარება შეუძლია.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ. მიღწევა უკვე შეფასდა როგორც გარღვევა მედიცინაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა ტკივილგამაყუჩებლები ქაღალდის ნარჩენებისგან დაამზადეს

ბევრი მედიკამენტი ნედლი ნავთობისგან მიღებული ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება. თუ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება გვსურს, ეს სიტუაცია ნამდვილად გამოსასწორებელია.

ახლახან, მეცნიერებმა ფიჭვის ხეებში არსებული ნაერთისგან შეძლეს ორი კარგად ცნობილი ტკივილგამაყუჩებლის — აცეტამინოფენისა (ასევე ცნობილი, როგორც პარაცეტამოლი) და იბუპროფენის დამზადება. ამავე დროს, ეს ნაერთი ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენი პროდუქტია და შესაძლოა, ნავთობისგან მიღებული ქიმიკატების მდგრადი ჩამნაცვლებელი აღმოჩნდეს.

ეს ნაერთი გახლავთ β-პინენი და ის სკიპიდარისგან (მძაფრი სუნის მქონე მოყვითალო სითხე, რომელსაც იღებენ წიწვიან მცენარეთა ფისის გამოხდით) მიიღება. მკვლევრებმა სკიპიდარისგან ასევე მიიღეს რამდენიმე სხვა გამოსადეგი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის ისეთები, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს ბეტა ბლოკერებად, ასთმის პრეპარატებად და საწმენდ პროდუქტებად.

„სკიპიდარზე დაფუძნებული ბიოგადამუშავების ჩვენი მოდელი ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენ ქიმიურ ქვეპროდუქტებს იყენებს სხვადასხვა ღირებული, მდგრადი ქიმიური ნივთიერებების მისაღებად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მრავალმხრივ, სუნამოებიდან დაწყებული, პარაცეტამოლით დამთავრებული“, — ამბობს ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ჯოშ ტიბეტსი.

ტიბეტსის ჯგუფის მიერ გამოყენებული მეთოდი ე. წ. უწყვეტი ნაკადის რეაქტორებს იყენებს, რომლებიც ზუსტად ისეთებია, როგორც სახელი მიუთითებს: ქიმიური რეაქციები არა ნაწილ-ნაწილ, არამედ უწყვეტად ხდება, დაახლოებით ქიმიურ ნივთიერებათა კონვეიერის სარტყლის მსგავსად.

β-პინენიდან აცეტამინოფენისა და იბუპროფენის შუალედურ რგოლში გადასვლისთვის, საჭიროა ფრთხილად დაკალიბრებულ რეაქციათა სერია, თანაც ისეთი გამოსავლიანობით, რომ აზრი ჰქონდეს ეფექტიანობისა და მასშტაბის თვალსაზრისით.

კომერციული მასშტაბის მისაღებად, მეთოდს გაუმჯობესება სჭირდება. სავარაუდოდ, ის უფრო ძვირი პროცესი იქნება, ვიდრე ნედლ ნავთობზე დაფუძნებული პროცესები. თუმცა, ამბავი იმდენად მნიშვნელოვანია პლანეტის დაცვის თვალსაზრისით, რომ არ არის გამორიცხული, სიტუაცია შეიცვალოს და შემდეგი კვლევებისას, მისი გაიაფება მოხერხდეს.

ამას გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნავთობი ამოწურვადი რესურსია და თანდათანობით, მისი ალტერნატივა დაგვჭირდება.

„ფარმაცევტიკაში ნავთობის გამოყენება არამდგრადია. გარდა იმისა, რომ ამას წვლილი შეაქვს ნახშირორჟანგის გამოყოფაში, დრამატულად ცვალებადია მისი ფასიც, რაც მომავალში მხოლოდ მაღლა აიწევს“, — ამბობს ტიბეტსი.

კვლევა ChemSusChem-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ანესთეზური საშუალებები ცუდი მოგონებებისა და ფობიების წინააღმდეგ?

ახალი კვლევის თანახმად, ანესთეზური საშალებების გარკვეული დოზის მიღება პაციენტებს შესაძლოა წარსული ტრავმისგან ან გარკვეული ფობიებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანში მოგონების  ამოშლა შეუძლებელი იყო.

ძლიერი დეპრესიის მქონე ადამიანებში ცუდი მოგონებების ამოსაშლელად ელექტრო შოკის გამოყენება ეფექტური გზაა, თუმცა არა იდეალური.

„ელექტროკონვულსიური თერაპია მეტისმეტად ინვაზიური მკურნალობაა, ასე რომ, იმ ცუდი მოგონებების ამოსაშლელად, რომელიც პრობლემებს იწვევს, უფრო მარტივი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ განაცხადა მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა დოქტორ ბრაიან სთრეინჯმა.

იმ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნული მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ანესთეზური მედიკამენტების ჩართვამ სელექციური მეხსიერების დაკარგვის კუთხით დიდი როლი ითამაშა.

იდეის დასატესტად მეცნიერებმა პაციენტებს სლაიდ შოუ აჩვენეს,  რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა – ნეიტრალური და ემოციური – ახალგაზრდა ბიჭის ავტოსაგზაო შემთხვევა და თავდასხმა ახალგაზრდა ქალზე.

ერთი კვირის შემდეგ მათ სლაიდშოუს გარკვეული მონაკვეთები ხელმეორედ აჩვენეს გასახსნებებლად. ამის შემდეგ კი პროპოფოლის ინექცია გაუკეთეს და პაციენტების ნახევარზე მეტს ამბავი გამოკითხეს. მათ ამბის გაუხსენებელი და გახსენებული ნაწილები ერთნაირად კარგად  გაიხსენეს. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ პროპოფოლის მოქმედებისთვისის გარკვეული დრო იყო საჭირო და მოხალისეთა ხოლო მეორე ნახევარს ამბავი ინექციიდან 24 საათის შემდეგ გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს გახსენებული ამბის ემოციური ნაწილი 12 პროცენტით ცუდად ახსოვდათ, ვიდრე გაუხსენებელის, ხოლო გაუხსენებელი და გახსენებული ამბების ნეიტრალური ნაწილი ერთნაირად კარგად ახსოვდათ.

„ტვინის ის ნაწილი,რომელიც ემოციურ მეხსიერებაში მონაწილეობს, ანესთეზური საშუალებების მიმართ საკმაოდ სენსიტიურია. ეს კარგია პოტენციური მკურნალობისთვის, ვინაიდან იმ ინფორმაციის ამოშლა, რომელიც არასასურველი და არადრამატულია, საჭირო არ ხდება,“ აცხადებს ბრაიან სთრეინჯი.

თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ძველი მოგონებები უფრო რთულად იცვლება და აღნიშნული მკურნალობა გაცილებით რთული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  ფლეშბექები აწუხებს.

წყარო : independent.co.uk

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 92
Page 15 of 92