close

ბიოლოგია

ბიოლოგიასაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ანტარქტიდაში ღრმაწყლოვანი არსებების ახალი სახეობები აღმოაჩინეს

დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ კუთხეში, სამხრეთის ოკეანეში (ანტარქტიდის წყლები), მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი არსებების აქამდე უცნობი 30-მდე სახეობა აღმოაჩინეს. ისინი ექსპედიციამ იპოვა, რომელშიც ორგანიზაციების Nippon Foundation, Nekton Ocean Census და შმიდტის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები შედიოდნენ.

აღმოჩენილ არსებათაგან ერთ-ერთია მტაცებელი, ხორცისმჭამელი ღრუბელი (Chondrocladia$ sp. nov.), რომელსაც „სიკვდილის ბურთი“ შეარქვეს. მას სფეროსებრი ფორმა აქვს, რომელიც პატარა კაუჭებითაა დაფარული, რომლებითაც არსება ნადავლზე ნადირობს.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს „ზომბი-ჭიები“ (Osedax$ sp.). მათ არ აქვთ პირი და ნაწლავები. ვეშაპების და სხვა მსხვილი ხერხემლიანების ძვლებში არსებულ ცხიმებს ისინი ​სიმბიოზური ბაქტერიებს მეშვეობით შლიან.

ახალი სახეობების ძიება სამეცნიერო-კვლევითი გემის, Falkor-ის ფლაგმანური პროგრამის „ოკეანეების აღწერა“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ და სად იმალება აივ-ინფექცია ადამიანის სხეულში

აივ-ინფექცია ცნობილია უნარით, ადამიანის სხეულში დაიმალოს ათწლეულების განმავლობაში; როგორც წესი, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რათა არ გამოვიდეს მიძინებული მდგომარეობიდან.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა გაარკვიეს, სად და როგორ იმალება აივ-ინფექცია ამ ლატენტურ რეზერვუარებში, რაც საკვანძო ნაბიჯია პაციენტების ამ ვირუსისგან განკურნების მცდელობაში.

თავის ფარულ სტადიაში, აივ-ს შეუძლია გარკვეულ მასპინძელ უჯრედებში დარჩეს მიძინებული „პროვირუსის“ სახით — ვირუსული გენომის, რომელსაც საკუთარი თავი შეჰყავს მასპინძლის უჯრედის დნმ-ში.

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი აღმოფხვრა ასე რთულია, თუნდაც თანამედროვე ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. მათ შეუძლიათ ვირუსული გამრავლების დათრგუნვა, ვირუსული ჩატვირთვის შემცირება, დაავადების პროგრესის შეჩერება, მაგრამ მიზანში ვერ იღებენ დამალულ პროვირუსებს.

შედეგად, ანტირეტროვირუსული თერაპია აივ-ინფექციას იმორჩილებს, მაგრამ ვერ სპობს, რაც ბევრ პაციენტს აიძულებს, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელონ მკურნალობა ან თავი ვირუსის რეციდივის რისკის ქვეშ დააყენონ.

წინა კვლევები აჩვენებს, რომ აივ-ინფექციას სხეულის სხვადასხვა ქსოვილში დარჩენა შეუძლია, მათ შორის თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა. შ.

იმუნური სისტემის T დამხმარე უჯრედები მთავარი ლატენტური რეზერვუარებია, მაგრამ არა ერთადერთი. აივ-ინფექცია ასევე იმალება კანის უჯრედებში, სისხლის თეთრ უჯრედებში, ორგანოსპეციფიკური უჯრედებში, როგორიცაა თირკმელების პოდოციტები და ნეირონების დამხმარე უჯრედები.

აივ ინფექციის ლატენტობის მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მათ შორის არა მხოლოდ ის, თუ სად იმალება ვირუსი, არამედ ისიც, როგორ შედის ის სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედის ტიპებში და როგორ სახლდება შემდეგ იქ.

ახალი კვლევის თანახმად, აივ-ინფექცია ამას ქსოვილ-სპეციფიკური მიდგომით აღწევს, მასპინძელი უჯრედის დნმ-ში იმალება თავისი ქცევის გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანით. მაგალითად, თავის ტვინში ის თავს არიდებს გენებს და დნმ-ის უფრო ნაკლებად აქტიურ რეგიონებში იმალება.

„დავადგინეთ, რომ აივ-ინფექცია შემთხვევითად არ ინტეგრირდება. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ქსოვილში მიჰყვება უნიკალურ მახასიათებლებს, რაც სავარაუდოდ ჩამოყალიბებულია ადგილობრივი გარემოსა და იმუნური პასუხების მიერ. ეს ხსნის, თუ როგორ ახერხებს აივ-ვირუსი ორგანიზმში ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებას და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზოგიერთი ქსოვილი ინფექციის რეზერვუარის სახით“, — ამბობს ონტარიოს დასავლეთის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ ბარი.

კვლევაში შეისწავლეს მონაწილეების სისხლის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავი მილის, წვრილი ნაწლავისა და კუჭის ქსოვილების ნიმუშები.

ავტორებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად ინტეგრირდებოდა აივ-ინფექცია მასპინძელი გენომის სპეციფიკურ ნაწილებში, შემდეგ კი ეს ინფორმაცია შეადარეს მახასიათებლებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში დააკვირდნენ.

„იმის ცოდნა, სად იმალება ვირუსი ჩვენს გენომში, დაგვეხმარება, რომ გამოვავლინოთ ამ უჯრედების და ქსოვილების მიზანში ამოღების გზები ტარგეტირებული თერაპიული მიდგომებით — ან ამ უჯრედების ამოძირკვით ან ვირუსის „დადუმებით““, — ამბობს კალაგარის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი გიდო ფონ მარლი.

ეს აღმოჩენა მკვლევრებმა გააკეთეს ქსოვილების იშვიათი ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც პაციენტებისგან აივ/შიდსის პანდემიის დაწყების ადრეულ წლებში შეაგროვეს, იქამდე, ვიდრე თანამედროვე მედიკამენტები გახდებოდა ხელმისაწვდომი.

ამის წყალობით, მეცნიერები ვირუსს მის ბუნებრივ მდგომარეობაში დააკვირდნენ ერთი და იმავე ინდივიდის მრავალ სხვადასხვა ორგანოში; ასე გამომჟღავნდა არა მხოლოდ ახალი დეტალები აივ-ინფექციის შესახებ, არამედ ისტორიული ნიმუშების შენახვის სამეცნიერო მნიშვნელობაც.

„ჩვენი კვლევა წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ისტორიული ნიმუშებიდან, რათა უკეთესად შევისწავლოთ ვირუსი, რომელიც დღემდე ათეულობით მილიონ ადამიანზე ზემოქმედებს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ბარი.

ეს ნიმუშები არსებობს იმ ადამიანთა წყალობით, რომლებიც მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ აივ-ინფექციის კვლევებში ამ პანდემიის დასაწყისში.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

ისტორიაში პირველად, ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით ფუნქციური კვერცხუჯრედი შექმნეს

მეცნიერებმა ზედმეტი ქრომოსომების მოცილების ახალი მეთოდის დახმარებითა და ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით კვერცხუჯრედები მიიღეს. რაც მთავარია, ამ უჯრედებს განაყოფიერების უნარი აქვთ და ზიგოტად ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფერტილურობის პრობლემა აქვთ, თუმცა ინოვაციური ტექნიკის კლინიკურად დანერგვას სულ მცირე 10-15 წელი დასჭირდება.

“სომატური უჯრედების ფუნქციის შესაცვლელად მომწიფებული ოვოციტის [ქალის პირველადი სასქესო უჯრედი] უჯრედული მექანიზმის გამოყენება შეგვიძლია. ასე პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების მისაღებად აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი უჯრედული კულტურის ზრდაზე, რასაც თვეები სჭირდება. თეორიულად, ეს დროს დაზოგავს და, პოტენციურად, გენეტიკური თუ ეპიგენეტიკური ანომალიების განვითარების რისკსაც შეამცირებს”, — აცხადებს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი, პაულა ამატო.

უნაყოფობა არის მდგომარეობა, როცა დაორსულების მცდელობები 12 თვის შემდეგაც უშედეგოა (ქალის, კაცის ან ორივეს პრობლემის გამო). გლობალურად ამ სირთულის წინაშე მილიონობით ადამიანია. მას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის გამეტების არასრულფასოვანი ფუნქციონირება. კვერცხუჯრედების შემთხვევაში ამას შეიძლება სხვადასხვა დაავადება იწვევდეს, მაგალითად: სიმსივნე ან ოვოციტების ხარისხისა და რაოდენობის შემცირება, რაც ასაკთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ინ ვიტრო გამეტოგენეზია (IVG), რომელიც პაციენტის გენეტიკური მასალიდან გამეტების შექმნას გულისხმობს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებში მოხერხდა, ადამიანებში კი — არა; IVG-ის ერთ-ერთი ფორმა სომატური (სხეულის, არასქესობრივი) უჯრედის ბირთვის გადატანაა (SCNT), რითაც კვერცხუჯრედის ბირთვს ანაცვლებენ.

ვინაიდან ამ გზით მიღებულ გამეტებში 23-ის ნაცვლად 46 წყვილი ქრომოსომაა, მათი რაოდენობის შემცირებაა საჭირო. ამისთვის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტექნიკა, რომელსაც უჯრედის მიტომეიოზს უწოდებენ — ის უჯრედთა ბუნებრივი დაყოფის პროცესს იმეორებს.

“მშობლის კანის უჯრედის ბირთვი ინერგება დონორის ოვოციტში, რომელსაც საკუთარი ბირთვი აქვს ამოცლილი. ამ რეკონსტრუირებულ კვერცხუჯრედს შემდეგ ქრომოსომების ნახევარი შორდება, რათა ჰაპლოიდი მიიღწეს [23 წყვილი ქრომოსომა]… მომდევნო ეტაპზე კვერცხუჯრედი უკვე მეორე მშობლის სპერმით ნაყოფიერდება და დიპლოიდური ზიგოტა მიიღება [ემბრიონი], რომელსაც ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა აქვს [46 წყვილი, ნახევარ-ნახევარი დედ-მამისგან]”, — ამბობს პაულა ამატო.

ამ მეთოდით მეცნიერებმა 82 ფუნქციური ოვოციტი შექმნეს და ისინი გაანაყოფიერეს. შედეგები შერეული იყო: მათმა უმეტესობამ უჯრედული დაყოფის მე-4-დან მე-10-მდე ეტაპზე განვითარება შეწყვიტა, დაახლოებით 9%-მა კი ბლასტოცისტად ჩამოყალიბება განაგრძო. მართალია, ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ადასტურებს, რომ ახალი ტექნიკა მუშაობს. ექსპერიმენტი მეექვსე დღეს შეწყდა, რადგან ბლასტოცისტს სწორედ ამ დროს ნერგავენ ხოლმე.

კვლევისას გამოკვეთილი მთავარი გამოწვევა ქრომოსომური ანომალიების ნიშნები იყო, რადგან ზედმეტი ქრომოსომები შემთხვევითობის პრინციპით მოაცილეს. ახლა მეცნიერები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიკომუნიკაციამედიცინა

ისტორიაში პირველად, ხელოვნური ნეირონისა და ტვინის ნამდვილი უჯრედის კომუნიკაცია შედგა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა განსაკუთრებული ხელოვნური ნეირონი შექმნეს — მან ბიოლოგიურ ნეირონთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მათ შორის ელექტრული ინფორმაციის მიმოცვლა ისე შედგა, როგორც ბუნებრივად ხდება ხოლმე, იმავე ძაბვისა და ენერგიის გამოყენებით.

მკვლევრები წლებია, რაც ამგვარ ნეირონებს ქმნიან და კომპლექსურ მოწყობილობებთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, მათი ფუნქციონირება ჩვენი ტვინისას ვერც შეედრება. ახალი ტიპის ხელოვნური ნეირონი რეალურთან ყველაზე მიახლოებულია, რადგან ის სხვებზე 10-ჯერ ნაკლებ ძაბვასა და 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.

აქამდე არსებული მოდელები ზედმეტად “ხმაურიანი” იყო იმისთვის, რომ ბიოლოგიურ უჯრედებთან კომუნიკაცია დაემყარებინა. მათგან განსხვავებით, ახალი სინთეზური ნეირონი “ჩუმია”, რაც ინფორმაციის გადაცემას ამარტივებს.

“ის მხოლოდ 0.1 ვოლტ ძაბვას აღწევს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენს სხეულში არსებულ ნეირონებში ფიქსირდება”, — აცხადებენ მეცნიერები.

ხელოვნური და ბიოლოგიური ნეირონების დაკავშირების აქამდე ნაცადი გზები ნაკლებად ბუნებრივი იყო, მაგალითად, სინათლის მეშვეობით. ახლა მკვლევრებმა ცილების ისეთი ნანომავთულები გამოიყენეს, რომლებიც ბაქტერიამ წარმოქმნა. ბუნებრივი ფორმირების გამო ამ სტრუქტურებს ნამდვილი ნეირონებისთვის დამახასიათებელ ნოტიო გარემოში გადარჩენა შეუძლია.

ავტორები ამბობენ, რომ ასეთი მოდელები ნეირომორფული ინტეგრაციის პოტენციალს ზრდის (ნეირომორფული კომპიუტერები ადამიანის ტვინითაა შთაგონებული). მათი თქმით, ამჟამად ხელმისაწვდომი ისეთი სენსორები, რომელთაც სხეულზე ვიმაგრებთ, არაეფექტიანია. კომპიუტერმა მათ მიერ მიღებული სიგნალი რომ გააანალიზოს, ჯერ ის ელექტრულად უნდა გაძლიერდეს, რათა აღქმადი გახდეს.

ეს პროცესი მოხმარებულ ენერგიასაც ზრდის და რთული სტრუქტურის წრედსაც საჭიროებს. დაბალი ძაბვის ნეირონებით აღნიშნული დაბრკოლების გადალახვის საშუალება გვეძლევა, რადგან მათ შემთხვევაში სიგნალის გაძლიერება აუცილებელი აღარაა.

თავიანთ მიღწევაზე ავტორები გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გვიყვებიან.

მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაკვლევებიმედიცინა

დელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს

შესაძლებელია, რომ დელფინებს გზა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების გამო აებნეთ? ეს მეცნიერებმა 20 აფალინას (Tursiops truncatus) მაგალითზე შეისწავლეს. ისინი ფლორიდაში მდებარე ინდოეთის მდინარის ლაგუნაში 2010-დან 2019 წლამდე პერიოდში გამოირიყნენ.

მათ ტვინში სპეციალისტებმა გენური ექსპრესიის ისეთ ცვლილებებს მიაგნეს, რომლებიც ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება; დააფიქსირეს მსგავსი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაზიანებებიც, მაგალითად, ცილების გროვები. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კლიმატის ცვლილებას გამოეწვია, კერძოდ თბილ წყლებში მავნე ბაქტერიებისა და წყალმცენარეების გავრცელებას.

წყალმცენარეთა გამრავლების სეზონზე გამორიყული აფალინების ტვინში ნეიროტოქსინ 2,4-DAB-ის დონე 2900-ჯერ უფრო კონცენტრირებული იყო, ვიდრე სხვებისაში. ეს მიუთითებს, რომ მსგავს ციანობაქტერიებს მავნე გავლენა აქვთ და შეიძლება დელფინების სანავიგაციო უნარის შესუსტებასაც იწვევდნენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების ტვინში ალცჰაიმერის მსგავსი ნიშნები, ჩვეულებრივ, ასაკში ვლინდება; ასევე ვიცით, რომ ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ნეირონებს აზიანებს. აქედან ასკვნიან, რომ წყალმცენარეების ზედმეტად გავრცელებას ამ ეფექტის გაძლიერება შეუძლია.

“დელფინებში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ნევროპათოლოგიური ცვლილებებისა და წყალმცენარეთა ტოქსინების დაგროვების თანაარსებობა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ტვინზე ამ ორი ფაქტორის გავლენა შევისწავლოთ”, — აცხადებენ მკვლევრები.

მავნე ციანობაქტერიები წყლის სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, კვებით ჯაჭვზეც უარყოფითად აისახება, რის გამოც პრობლემა ადამიანებამდეც აღწევს. თუ ზემოხსენებული ტოქსინები ჩვენს საჭმელში დიდი რაოდენობით მოხდება, ეს საყურადღებო რისკფაქტორი იქნება.

მართალია, უკანასკნელი კვლევა დელფინებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ტვინის ასეთი ცვლილებები ჩვენშიც ვლინდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი კავშირების გამო საკითხი სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Communication Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

ცილის ფხვნილები და კოქტეილები ტყვიის საგანგაშო რაოდენობას შეიცავს – Consumer Reports-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგები

Consumer Reports-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ცილის ფხვნილები და კოქტეილები ტყვიის საგანგაშო რაოდენობას შეიცავს.

ტყვია ცილის ფხვნილებში

შესავალი: ჟურნალმა Consumer Reports-მა, პირველად, ცილის ფხვნილები 15 წლის წინ გამოსცადა. მას შემდეგ, ცილის პროდუქტები წარმოუდგენლად პოპულარული გახდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების სამყაროში.

ზოგადი სურათი: რეცეპტული და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებისგან განსხვავებით, სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მათ გაყიდვამდე არ ამოწმებს, რეკომენდაციას არ უწევს და ტესტირებას არ უკეთებს დანამატებს, როგორიცაა ცილის ფხვნილები.

ციფრები: Consumer Reports-მა გამოსცადა პოპულარული ბრენდების 23 ცილოვანი ფხვნილი და მზა კოქტეილი. გამოკვლეული პროდუქტების დაახლოებით 70% შეიცავდა ტყვიის დღიური ნორმის 120%-ზე მეტს, რაც 0.5 მიკროგრამს შეადგენს დღეში.

რას ამბობენ ისინი:

“შემაშფოთებელია, რომ ეს შედეგები კიდევ უფრო უარესია, ვიდრე გასულ შემთხვევაში”, – თქვა ტუნდე აკინლეიმ, CR-ის სურსათის უვნებლობის მკვლევარმა, რომელიც ტესტირების პროექტს ხელმძღვანელობდა.

“ჩვენ არ გირჩევთ ცილოვანი ფხვნილების უმეტესობის ყოველდღიურ მოხმარებას, რადგან ბევრი მათგანი შეიცავს მძიმე მეტალების მაღალ დონეს, რაც არ არის აუცილებელი ცილის მიღების დასაკმაყოფილებლად”.

დამატებითი დეტალები: ამჯერად, ტყვიის საშუალო დონე არა მხოლოდ 15 წლის წინანდელთან შედარებით მაღალი იყო, ზოგიერთი პროდუქტი ტყვიის დაუდგენელ რაოდენობას შეიცავდა.

Consumer Reports-მა შემდეგი პროდუქტების მოხმარებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა:

– Naked Nutrition Vegan Mass Gainer (CR-ის ტყვიის შემცველობის შეშფოთების დონის 1.572% ერთ პორციაზე)

– Huel Black Edition (CR-ის ტყვიის შემცველობის შეშფოთების დონის 1.288% ერთ პორციაზე)

Consumer Reports-ი გირჩევთ შემდეგი პროდუქტები კვირაში მხოლოდ ერთხელ მიიღოთ: – Garden of Life Sport ორგანული მცენარეული პროტეინი (564% საფრთხის დონე ერთ პორციაზე)

– Momentous 100% მცენარეული პროტეინი (476% საფრთხის დონე ერთ პორციაზე)

Consumer Reports-ი გირჩევთ შემდეგი პროდუქტების პერიოდულად მიღებას კვირის განმავლობაში:

– MuscleMeds Carnivor Mass (247% საფრთხის დონე ერთ პორციაზე)

– Optimum Nutrition (202% საფრთხის დონე ერთ პორციაზე)

– Jocko Fuel Milk Protein Shake (199% საფრთხის დონე ერთ პორციაზე)

– Vega Premium Sport მცენარეული პროტეინი (185% საფრთხის დონე ერთ პორციაზე)

– Quest Protein Shake (161% საფრთხის დონე ერთ პორციაზე) – [ ] Orgain Organic Plant-Based Protein (თითო პორციაზე ტყვიის შემცველობის ლიმიტის 143%)

– Optimum Nutrition-ის ოქროს სტანდარტის პროტეინის კოქტეილი (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 150%)

– Equip Foods Prime Protein (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 144%)

– PlantFusion-ის სრული პროტეინი (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 140%)

– Ensure Plant-Based Nutrition-ის პროტეინის კოქტეილი (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 132%)

– Muscle Milk Pro Advanced Nutrition-ის პროტეინის კოქტეილი (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 128%)

– KOS ორგანული სუპერ საკვები მცენარეული პროტეინი (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 112%)

Consumer Reports-ი ყოველდღიური მოხმარებისთვის საუკეთესო არჩევანად შემდეგ პროდუქტებს გთავაზობთ:

– Owyn Pro Elite High Protein Shake (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 88%)

– Transparent Labs Mass Gainer (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 87%)

– Optimum Nutrition Gold Standard 100% Whey Protein (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 56%)

– BSN Syntha-6 Protein Powder (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 46%)

– Momentous Whey Protein Isolate (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 30%)

– Dymatize Super Mass Gainer (ერთ პორციაზე CR-ის ლიმიტის 25%)

Consumer Reports-ი ამ პროდუქტს შეუზღუდავი გამოყენებისთვის გირჩევთ:

– Muscle Tech 100% Mass Gainer (ტყვია არ არის აღმოჩენილი) მეორეს მხრივ:CR-ი დაუკავშირდა 23 გამოცდილი პროდუქტის ყველა მწარმოებელს.

შვიდმა კომპანიამ არ უპასუხა, მათ შორის: BSN, Dymatize, Jocko Fuel, Muscle Milk, Owyn, PlantFusion და Transparent Labs. Optimum Nutrition-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო Huel-მა არ უპასუხა კითხვებს თავის პროდუქტში კადმიუმის რაოდენობის შესახებ.

ბევრი მათგანი, ვინც კითხვებს უპასუხა, ამტკიცებს, რომ ტყვია ბუნებრივად წარმოქმნილი ელემენტია, რომლის თავიდან აცილებაც რთულია, განსაკუთრებით მცენარეულ პროდუქტებში და მათი პროდუქტები უსაფრთხოების ტესტირებას გადის.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ: Consumer Reports-ის ტესტების მიხედვით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუ რომელიმე გამოცდილი პროდუქტი გამოიყენეთ ან თუ ზოგადად ცილოვან დანამატებს იღებთ. ამ ფხვნილების უმეტესობა უსაფრთხოა იშვიათი მოხმარებისთვის და ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე ფხვნილებიც კი, გაცილებით ნაკლებ ტყვიას შეიცავს, ვიდრე საჭიროა დაუყოვნებელი ზიანის გამოსაწვევად.

Consumer Reports-ი უბრალოდ აცხადებს, რომ მათი დასკვნები ხაზს უსვამს, თუ რატომ უნდა განიხილონ მომხმარებლებმა ყურადღებით ცილოვანი ფხვნილებისა და კოქტეილების როლი მათ რაციონში.

ტყვიის ზემოქმედება: FDA-ს მეცნიერების მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საშუალო ამერიკელი ზრდასრული ადამიანი ყოველდღიურად 5.3 მიკროგრამამდე ტყვიას იღებს საკუთარი რაციონიდან. ორი პროდუქტი, რომელიც შეიცავდა ტყვიის ყველაზე მაღალ რაოდენობას ერთ პორციაზე, აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს: Naked Nutrition-ის Mass Gainer (7.7 მიკროგრამი ერთ პორციაზე) და Huel-ის Black Edition (6.3 მიკროგრამი ერთ პორციაზე).

ზოგადი სურათი: FDA-ს თანახმად, ტყვია შეიძლება იყოს იმ გარემოში არსებულ საკვებში, სადაც ისინი მოჰყავთ, ზრდიან ან ამუშავებენ. შეუძლებელია ტყვიის სრულად თავიდან აცილება საკვებში, მაგრამ მისი დონის შემცირება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო ან საწარმოო პროცესების შეცვლით.

დამატებითი ინფორმაცია: ტყვიის უარყოფითი ზემოქმედების ყველაზე დიდი რისკი განმეორებითი ან უწყვეტი ზემოქმედებისგან მოდის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ორსული ქალები და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან და ბავშვობაში ტყვიის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი შედეგები.

Consumer Reports-ის თანახმად, ტყვიის ქრონიკული ზემოქმედება ასევე ასოცირდება იმუნური სისტემის დათრგუნვასთან, რეპროდუქციულ პრობლემებთან, თირკმელების დაზიანებასთან და მოზრდილებში მაღალ არტერიულ წნევასთან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური თირკმელი, რომელიც სისხლის ყველა ჯგუფთან თავსებადია

ათწლიანი მუშაობის შემდეგ, მეცნიერები თირკმლის გადანერგვის სფეროში უმნიშვნელოვანეს გარღვევასთან ახლოს არიან. შესაძლოა, მალე დონორისგან თირკმლის გადაცემა განსხვავებული სისხლის ჯგუფების მქონე პაციენტებისთვის შევძლოთ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ლოდინის დროს და გადაარჩენს მრავალ სიცოცხლეს.

კანადისა ჩინეთის ინსტიტუტების მკვლევრებმა შექმნეს უნივერსალური თირკმელი, რომელიც თეორიულად ნებისმიერმა პაციენტმა შეიძლება მიიღოს.

ეს სატესტო ორგანო ტვინ მკვდარ პაციენტში რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსმა თირკმელმა ადამიანში იმუშავა. ამით ჩვენ დიდი ინფორმაცია მივიღეთ და შედეგებს გავაუმჯობესებთ”, — თქვა ბიოქიმიკოსმა სტივენ ვიზერსმა.

დღეს I ჯგუფის სისხლის (O ტიპის) მქონე ადამიანები, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებათ, ამავე სისხლის მქონე დონორებს უნდა დაელოდნენ. ეს დონორების რაოდენობას ამცირებს. მეტიც, რადგან I ტიპის თირკმელები სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშიც ფუნქციონირებს, ისინი განსაკუთრებულ დეფიციტშია.

იმ შემთხვევაში თუ მიმღების სხეულის გაწვრთნა მოხდება, სხვადასხვა სისხლის ჯგუფის თირკმლების გადანერგვა შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი მაინც შორსაა სრულყოფილებისგან და დიდად არც პრაქტიკულია. მთლიანობაში ეს ძვირადღირებული პროცესია და საკმაოდ სარისკოა.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა II ჯგუფის თირკმელი I ჯგუფის თირკმლად ეფექტიანად გარდაქმნეს. ამისთვის მათ აქამდე იდენტიფიცირებული ფერმენტები გამოიყენეს, რომლებიც შაქრის იმ მოლეკულებს აშორებს, რომლებიც II ჯგუფის სისხლის მარკერებს წარმოადგენს.

მკვლევრები ამ ფერმენტებს მოლეკულურ დონეზე მომუშავე მაკრატელს ადარებენ. II ტიპის ანტიგენური ჯაჭვების ნაწილის მოშორებით, მათი ABO ანტიგენებისგან თავისუფლად გარდაქმნა შეიძლება. ეს I ჯგუფის სისხლის მახასიათებელია.

“ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მანქანას წითელი საღებავი მოაშორო და ძირითადი ნეიტრალური ფერი გამოაჩინო. როდესაც ამას გააკეთებ, იმუნური სისტემა ორგანოს უცხოდ აღარ აღიქვამს”, — თქვა ვიზერსმა.

ცოცხალ ადამიანებზე კლინიკური კვლევების დაწყებამდე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა გადასაჭრელი.

რაც შეეხება კვლევას, გადანერგილმა თირკმელმა მესამე დღეს II ჯგუფის სისხლის ნიშნების გამოვლენა კვლავ დაიწყო, რამაც იმუნური პასუხი გამოიწვია. მეორე მხრივ, ეს პასუხი ნაკლებად მკაცრი იყო და გამოჩნდა, რომ სხეული თირკმელთან შეგუებას ცდილობდა.

ამ თემასთან დაკავშირებით სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. მხოლოდ აშშ-ში ყოველდღე თირკმლის მომლოდინე 11 ადამიანი კვდება და მათი უმეტესობა I ტიპის თირკმელს ელოდება.

მეცნიერები არსებული პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობენ, მათ შორის ღორის თირკმლების გამოყენებით და ახალი ანტისხეულების შემუშავებით.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგია

ღეროვანი უჯრედებით ინსულტის შედეგად დაზიანებული ტვინი აღადგინეს

ციურიხისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, სისხლძარღვების დახშობის შედეგად დაზიანებული ტვინის აღდგენა, შესაძლოა, ღეროვანი უჯრედების ინიექციებით მოხდეს.

ეს შედეგები დაკარგული ფუნქციების აღდგენაში შეიძლება დაეხმაროს ისეთ პაციენტებს, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს.

მკვლევრებმა ინსულტის შედეგად დაზიანებული ტვინის მქონე თაგვებს ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეუყვანეს. შედეგად, შეყვანილ უჯრედების უმეტესობა ადგილზე დარჩა და განვითარდა სრულად ფუნქციონირებადი ნეირონების თვისებები.

“ღეროვანი უჯრედები ხუთი კვირის განმავლობაში გადარჩა და მათი უმეტესობა ნეირონებად გარდაიქმნა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ნეირონებმა ტვინის სხვა უჯრედებთან კომუნიკაცია დაამყარა”, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი.

მეტიც, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სისხლძარღვების თვითაღდგენაც მოხდა. შედეგად დაფიქსირდა ტვინში ანთების შემცირება და სისხლი-ტვინის ბარიერის გაძლიერება. თაგვებს აღენიშნათ მოძრაობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაც. ეს ნამდვილად საკვანძო აღმოჩენაა, რადგან ინსულტი სერიოზულად აზიანებს სხეულის მოტორიკას.

კვლევა ამავე მკვლევრების ნაწილის ძველ ნაშრომს ეფუძნება, რომელშიც ინსულტის შემდეგ ღეროვანი უჯრედების შეყვანის ოპტიმალურ დროს სწავლობდნენ. მიგნებები მკურნალობის მეთოდების შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება — როგორც ჩანს, ინსულტის შემდეგ ტვინის გარკვეული სტაბილიზებაა საჭირო. უკვე ამის შემდეგ შეიძლება ტრანსპლანტაცია ეფექტიანი იყოს.

წინა კვლევებისგან განსხვავებით, ამჯერად მეცნიერებს გადანერგილი უჯრედების მხოლოდ გადარჩენა არ აინტერესებდათ — მათ სურდათ გაეგოთ, წარმოიქმნებოდა თუ არა შედეგად ნერვული კავშირები.

“ჩვენი კვლევა უფრო კომპლექსურია და ის სცილდება გადანერგვის შემდეგ მყისიერ ეფექტებზე დაკვირვებას”, — ამბობს ტაკენბერგი.

დღესდღეობით ინსულტის მიერ ტვინისთვის მიყენებული ზიანი ფაქტობრივად გამოუსწორებელია და საერთო ჯამში, მოსახლეობის მეოთხედს ეხება. ინსულტის მიერ გამოწვეული შიდა სისხლდენა და ჟანგბადის უკმარისობა სამუდამოდ ანგრევს ტვინის უჯრედებს.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ღეროვანი უჯრედების თერაპიას გამოიყენებენ ისეთი დაზიანებების აღსადგენად, რომლებიც ამჟამად გამოუსწორებელია. ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს უკვე ვხედავთ — მათ შორის დიაბეტისა და მხედველობის დაკარგვის სამკურნალო საშუალებებში.

იმის უკეთ დასადგენად, თუ რამდენად მუშაობს ეს მეთოდი საჭირო იქნება დამატებითი კვლევები. წინ კვლავ ბევრი გამოწვევაა. ტვინში ნებისმიერი ჩარევა შეიძლება უარყოფითად წარიმართოს, ამიტომ პროცესებს დიდი კონტროლი სჭირდება.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

აღმოაჩინეს ფრინველი, რომელიც 50 წლის წინ გადაშენებულად მიიჩნეოდა

აღმოაჩინეს ფრინველი, რომელიც 50 წლის წინ გადაშენებულად მიიჩნეოდა. ფრინველი სახელად კივი-პუკუპუკუ შორეული ადამსის უდაბნოში შენიშნეს.

ამ პაწაწინა და ძალიან იშვიათი ფრინველის დედალი შემთხვევით შენიშნა ბუნების დაცვის დეპარტამენტის (DOC) მონადირემ და სპეციალისტებს შეატყობინა.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც საბოლოოდ დავიჭირეთ დედალი. პატარა ლაქებიანი კივის ბუმბული შევაგროვეთ, რათა დაგვედასტურებინა, რომ ფრინველი ნამდვილად კივი-პუკუპუკუ იყო, კივის ყველაზე პატარა სახეობა“, – განმარტა სპეციალისტმა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პუკუპუკუ კივი ყველაზე პატარა ფრინველია და მტაცებლების მიმართ ძალიან დაუცველია. ამ კივის ფრინველებს აქვთ ცუდი მხედველობა და ძლიერი სუნი.

მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად, პუკუპუკუ კივის ბოლო ცნობილი აღმოჩენა მატერიკზე 1978 წელს მოხდა.

„ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ბუნების დაცვის საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ემილი კინგმა, კივის აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მან დასძინა, რომ ორივე კივი ველურ ბუნებაში გაუშვეს გადამცემებით, რათა მათი გადაადგილება თვალყური ადევნონ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც შარდს ძვლებში არსებულ მინერალად გარდაქმნის

მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც საფუვრის გამოყენებით ადამიანის შარდს მყარ მინერალად გარდაქმნის. ეს მინერალი, სახელად ჰიდროქსიაპატიტი, ძვლებსა და კბილის მინანქარში გვხვდება. იგი ძვლისა თუ სტომატოლოგიურ იმპლანტანტებში გამოიყენება.

თუკი ახალი მეთოდით ამ მინერალს მასშტაბურად ვაწარმოებთ, იგი სხვა მიზნებითაც შეიძლება გამოვიყენოთ, იქნება ეს: არქეოლოგიური აღმოჩენების აღსადგენად, ასევე პლასტმასის ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებისა თუ სამშენებლო მასალების სახით.

ნაშრომი ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორების თქმით, გარდაქმნის პროცესში ერთდროულად ორი მიზანი მიიღწევა. ერთი მხრივ, შარდი ჩამდინარე წყლებიდან შორდება, რაც გარემოს დაბინძურებასა და არასასურველი ნუტრიენტების დაგროვებას ამცირებს. მეორე მხრივ, იქმნება მასალა, რომელიც არაერთ სიტუაციაში შეიძლება გამოვიყენოთ.

ჰიდროქსიაპატიტი — Ca₁₀(PO₄)₆(OH)₂ — მტკიცე მასალაა, რომელიც კალციუმის იონებს, ასევე ფოსფატისა და ჰიდროქსიდის ჯგუფებს აერთიანებს. ეს ბუნებრივი მასალა კბილებისა და ძვლების მთავარი კომპონენტია. ამის გამო მას სამედიცინო იმპლანტანტებში აქტიურად იყენებენ, რადგან ნაკლები შანსია, რომ სხეული უკუაგდებს; მეტიც, მას ზრდის ხელშეწყობაც შეუძლია.

მიუხედავად ამისა, ამ მინერალის ხელოვნურად შექმნა ძვირია, ზოგიერთი მეთოდის გამოყენებისას კი ტოქსიკური ნივთიერებებიც წარმოიქმნება. ძუძუმწოვრებში ჰიდროქსიაპატიტს კონკრეტული უჯრედები, სახელად ოსტეობლასტები, გამოყოფს, რომლებიც ფიზიოლოგიური სითხეებიდან კალციუმის ფოსფატს მიიზიდავს. ეს უჯრედები დიდხანს არ ცოცხლობს და არც ხშირად მრავლდება, ამიტომ საწარმოო მიზნებისთვის ვერ იყენებენ.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ჰიდროქსიაპატიტი სხვა გზით შეექმნათ და ერთ-ერთ საფუარს, Saccharomyces boulardii-ს, მიმართეს. ამ სახეობის საფუარი ტროპიკული ხილის კანზე გვხვდება და ხშირად პრობიოტიკად იყენებენ.

მეცნიერებმა Saccharomyces boulardii-ს გენომში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. ასე იგი “ოსტეოსაფუვრად” გარდაქმნეს, რომელიც შარდოვანას შლის და ჰიდროქსიაპატიტს წარმოქმნის. შარდოვანა ცილების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებაა, რომელსაც თირკმლები ფილტრავს, ბოლოს კი იგი შარდში გამოიყოფა.

ნაშრომის ავტორთა თქმით, შარდოვანას გარდაქმნის პროცესში თითო ლიტრი შარდით 1 გრამი ჰიდროქსიაპატიტი წარმოიქმნება, პროცესს კი დღეზე ნაკლები დრო სჭირდება. გარდა ამისა, საფუარი იაფია და მისი შენახვა უზარმაზარ კასრებშიც შეიძლება შედარებით დაბალ ტემპერატურაზე — დაახლოებით ასევე ხდება ლუდის მასობრივად დამზადების პროცესშიც. შესაბამისად, ავტორების აზრით, შარდის ჰიდროქსიაპატიტად გარდაქმნას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ფინანსები არ დასჭირდება.

მეცნიერებს ახლა მეთოდის მასშტაბირება სურთ, რათა მისი პრაქტიკაში გამოყენება მოხერხდეს — კერძოდ, ჰიდროქსიაპატიტის მასალების დასაბეჭდად როგორც იმპლანტანტებისთვის, ასევე პლასტმასებისთვისა და სამშენებლო მიზნებისთვის.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 16
Page 1 of 16