close
ეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

აშშ-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა

აშშ-ის ქალაქებში – ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Boston Wine Expo, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

Boston Wine Expo წელს ოცდამეექვსედ ჩატარდა და მას ტრადიციულად ათასობით სტუმარი – ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი, სომელიე და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართულმა სტენდმა გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია „Marqenergie-ს” ერთობლივი ორგანიზებით, ნიუ-იორკში „ქართული ღვინის დღე“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 40 დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი დეგუსტაცია-სემინარი – პირველი ღვინის იმპორტიორებისა და მეორე – ღვინის დამფასებლებისა და მოყვარულებისათვის.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი სამანიშვილმა, შეხვედრები გამართა ადგილობრივ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სასტუმროების, ღვინის რესტორნებისა და მედიის წარმომადგენლებთან (Bloomberg, Food and Wine magazine). შეხვედრა გაიმართა საქართველოს საკონსულოში. ქართული დიპლომატიური უწყების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა მხარი დაუჭირონ და ჩაერთონ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

სამინისტროს ცნობით, გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, შეიქმნას ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის აშშ-ის ბაზარზე.

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 2016 წელს შეადგენდა 300 ათასამდე ბოთლს, რაც 19%-ით აღემატებოდა 2015 წლის ექსპორტს.

 

წყარო: http://georgianwine.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი -,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid