close
განათლებასაქართველო

,,ამერიკის მიერ გაცვლით პროგრამებში გაღებული ყოველი დოლარი წარმატებით არის დახარჯული”

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ,,საერთო წარსული, საერთო მომავლის“ ფარგლებში,  28 აპრილს  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამერიკის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერების ფორუმი (U.S. Alumni Leadership Forum), რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა, გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში – იან კელი.

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რაც ამერიკის აკადემიურმა წრეებმა შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და მომავალი ქართველი ლიდერების აღზრდაში. საქართველო-ამერიკის მრავალწლიან წარმატებულ ურთიერთობაზე ყურადღება იან კელიმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ 25 წლის მანძილზე საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის.

შეხვედრაზე იმყოფებოდა თსუ-ის რექტორი – გიორგი შერვაშიძე, რომელმაც ისაუბრა იმ სტუდენტებზე, რომლებმაც განათლება სწორედ ამ გაცვლითი პროგრამებით აშშ-ში მიიღეს, მათი რაოდენობა ხუთ ათასს აღემატება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თანამშრომლობის ეფექტურობას, ,,1987-1988 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში. ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული. ამერიკელების მიერ ამ მიმართულებით გაღებული ყოველი დოლარი არის წარმატებულად დახარჯული თანხა და იმედია, კვლავ გაგრძელდება ასეთი მასშტაბური დახმარება,“-აღნიშნა მან.

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა – ნიკა სამხარაძემ და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა – ეკა მეტრეველმა.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid