close
ემიგრანტიმედიცინა

ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კლინიკის – Charité Universitätsmedizin Berlin პედიატრი-ნეონატოლოგი საქართველოდან

Screenshot

მიუღწეველი არაფერია, რასაც მოინდომებ“ – შთამაგონებელი გზა საქართველოში დაწყებული რეზიდენტურიდან, ბერლინის ყველაზე პრესტიჟულ – შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკამდე (Charité Universitätsmedizin Berlin). ინტერვიუ  პედიატრ-ნეონატოლოგ ნინო ზურებიანთან.

გვითხარით, როგორია თქვენი ისტორია.. როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა უცხო ქვეყანაში.

– გერმანიაში  2016 წელს წამოვედი ჩემი პროფესიული გზის გასაგარძელებლად. საქართველოში რეზიდენტურაში სწავლის პერიოდში დავიწყე გერმანული ენის სწავლა. ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო რამდენიმეთვიანი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად აქ გადმოსვლა. თუმცა ოლდენბურგის კლინიკაში ორთვიანი პრაქტიკული მუშაობის, ე.წ. ჰოსპიტაციის დროს მივხვდი, რომ შემეძლო გერმანიაში გამევლო პედიტრიის რეზიდენტურა, რაც მთელი გულით მინდოდა. ასე გადავწყვიტე წამოსვლა და პედიატრიის სრული კურსის გავლა ადგილობრივ კლინიკებში.

რამდენად რთული იყო გერმანიაში ჩამოსვლისას ადგილობრივ კულტურასთან ადაპტაცია? რა იყო ყველაზე რთული ამ გზაზე?

– გერმანიაში რათქმაუნდა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი, მუშაობის განრიგი და ცხოვრების კულტურაა. პირველი ნაბიჯები სრულიად უცხო სამყაროში ნამდვილად არ იყო მარტივი. მითუმეტეს მაშინ, როცა მე გერმანულ ენასთან  სკოლისა და სტუდენტობის პერიოდში არანაირი შეხება არ მქონია. არც არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ან ამ ენაზე ვისაუბრებდი ან ამ ქვეყანაში ვიცხოვრებდი.

უცხო ქვეყანაში ინტეგრირება და უცხო ქვეყნის ცხოვრების წესთან, რეჟიმთან, კულტურასთან შეჩვევა და ადაპტირება ძალიან კომპლექსური პროცესია, რაც პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სრულიად მარტო ჩადიხარ უცხო გარემოში და არ გყავს გზის მკვლევი ან სწორი მიმართულების მიმცემი. ამ გზაზე მარტო, დამოუკიდებლად სიარული საკმაოდ რთული, გამოწვევებით და სიახლეებით სავსე, ემოციური და ამავდროულად საკმაოდ დამღლელი იყო. თუმცა დიდი შრომის შედეგად შესაძლებელი აღმოჩნდა ჩემი დასახული მიზნების მიღწევა.


რა ეტაპებს გადის უცხო ქვეყნის მოაქალაქე სანამ გერმანიაში ლიცენზირებული პედიატრი გახდება? 

– გერმანიაში წამოვედი საქართველოში რეზიდენტურის დასრულების შემდეგ. როდესაც საქართველოში ექიმის ლიცენზია გაქვს აღებული (რეზიდენტურა დასრულებული) ამ შემთხვევაში გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო გაძლევს ექიმად მუშაობის უფლებას მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა გარკვეული სავალდებულო გამოცდების ჩაბარების შემდეგ. ორი წლის შემდეგ აუცილებელია ე.წ. „აპრობაციის“, გერმანული სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება, იმისათვის რომ გქონდეს მუშაობის და რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების უფლება. ამ ყველა გამოცდის ჩაბარებისა და სირთულეების გადალახვის შედეგად გავიარე გერმანული პედიატრიის რეზიდენტურის სრული, ხუთწლიანი კურსი. რომლის დასრულების შემდეგ გავაგრძელე კვალიფიკაციის ამაღლება ნეონატოლოგიის განხრით. ამჯერად ვმუშაობ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის (Charité Universitätsklinik Berlin) ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. ასევე ვმუშაობ ჩემს სადოქტორო ნაშრომზე.

როგორ შეაფასებდით პედიატრის პროფესიულ გარემოს გერმანიაში?

-პედიატრიის პროფესიული გარემო გემანიაში ნამდვილად ძალიან მაღალი ხარისხის არის. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება როგორც ყველასთვის ცნობილია, მსოფლიოში არის აღიარებული. გერმანიის კლნიკებში ყოველდღიურად არის უამრავი გამოწვევა, სიახლე, ცოდნის მიღების და გამოცდილების დაგროვების დიდი შესაძლებლობა. ექიმების, ექთნებისა და პაციენტების მხრიდან კომპეტენციისა და ხარისხის საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, გერმანული ჯანდაცვის სისტემა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.

რამდენად რთულია საქართველოში მიღებული განათლების გერმანიაში აღიარება და პრაქტიკაში ჩართვა?

– საქართველოში მიღებული განათლების გერმანიაში აღიარება ნამდვილად შესაძლებელია. მით უმეტეს ბოლო წლებში გერმანიაში არსებული ექიმების კადრების ნაკლებობის გამო პროცესები შედარებით უფრო გამარტივდა. აუცილებელია გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა  და აუცილებელი საფეხურების გავლა, გამოცდების ჩაბარება, რის შედეგადაც ხდება საქართველოში მიღებული ცოდნის აღიარება. ამ ცოდნის პრაქტიკაში ჩართვა ინდივიდუალური პროცესია.

როგორია თქვენი ყოველდღიური სამუშაო რუტინა და პაციენტებთან ურთიერთობა?

– ჩემი ყოველდღიური სამუშაო რუტინა ძალიან მრავალფეროვანია. ნეონატოლოგიის განყოფილებაში გვაქვს სხვადასხვა სტაციოინარი, სხვადასხვა სიმძიმის და სირთულის პაციენტებით დატვირთული. ასევე გვაქვს გადაუდებელი დახმარების განყოფილება. გარდა ამისა სხვადასხვა კლინიკებიდან გადმოგვყავს რთული პაციენტები, დავდივართ გადადუდებელი შემთხვევების გამოძახებებზე. შესაბამისად, ყოველდღიურად გვიწევს ძალიან დიდი შრომა, პაციენტების მშობლებთან ძალიან ახლო და ყოველდღიური კონტაქტი. გვაქვს ყოველდღიურად კონსილიუმები სხვადასხვა დისციპლინების ექიმებთან (მოგეხსენებათ Charité-ს კლნიკის კომპლექსურობა).  გვაქვს საინტერესო შემთხვევების განხილვა, რთული პაციენტების შემთხვევაში გადაწვეტილებების მიღების გზის ერთობლივი გავლა, მშობლებთან საუბრები და ა.შ. ექიმობა საკმაოდ კომპლექსური, საინტერესო და პასუხისმგებლობით სავსე პროფესიაა, სადაც ყოველდღიური რუტინა ძალიან მრავალფეროვანია.


რა გეამაყებათ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიულ გზაზე? 

– ჩემს პროფესიულ გზაზე ძალიან მეამაყება ის რომ სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად სრულიად უცხო ქვეყანაში და საზოგადოებაში გავიკვლიე ჩემი გზა და დაუღალავი შრომის შედეგად მივაღწიე ჩემს მიზანს, ვყოფილიყავი შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი და დოქტორანტი. ასევე ძალიან მეამაყება რომ ჩემი და ჩემი კოლეგის, თინათინ ქურდაძის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „გადაარჩინე პატარა სიცოცხლე“ (Save the Tiny Life) არის ძალიან დიდი, გლობალური ორგანიზაციის „GFCNI“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამ ორგანიზაციამ შარიტეს ნეონატოლოგიის კლინიკის ხელმძღავენლის, პროფესორი ბიურერის თანადგომით, 2-ჯერ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თბილისში. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი პროფესორები, რომლებმაც მათი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ჩვენს ქართველ კოლეგების. წარიმართა ძალიან საინტერესო დისკუსიები ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის. ამ ორგანიზაციას უამრავი კარგი გეგმა აქვს წინ და კიდევ უფრო ვიამაყებ როდესაც ამ გეგმებს ყოველწლიურად და ეტაპობრივად განვახორციელებთ.

არსებობს თუ არა ფრაზა ან რჩევა, რომელიც მუდამ გაძლევთ ძალას?

– ფრაზა რომელიც მუდამ მაძლევს ძალას და პატარაობიდანვე ჩემი თანმდევია არის „მიუღწეველი არაფერია რასაც მოინდომებ“, მადლობა დედას ამ და სხვა რჩევებისთვის, რომლებიც მუდმივად ჩემი მოტივაციის წყაროა.

რას ურჩევდით ქართველ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გერმანიაში გადასვლა და იქ მუშაობა, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში?

– ჩემს ქართველ კოლეგებს, რომლებსაც კარიერული მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიაში სურთ, ვურჩევ რომ უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად კარგად დაეუფლონ გერმანულ ენას. როდესაც პაციენტთან მარტო რჩები მხოლოდ ენის საბაზისო ცოდნა ნამდვილად არაფრის მომცემია. მეორე რჩევა იქნება რომ მზად იყვნენ დაუღალავი შრომისთვის და უწყვეტ რეჟიმში სწავლისთვის. მესამე რჩევა იქნება რომ თუ მიზანი აქვთ, არ დანებდნენ, ყველაფერი გააკეთონ მათი მიზნის მისაღწევად. „მიუღწეველი არაფერია რასაც მოინდომებ“

და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ  ჩემს სადოქტორო ნაშრომზე. ვაგრძელებ მუშაობასა და კვალიფიკაციას ამაღლებას ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. პარალელურად, წელს, 2025 წლის ოქტომბერში ვგეგმავ შემდეგი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას თბილისში, სადაც მოწვეული იქნებიან წამყვანი გერმანელი და ქართველი ექიმები. უფრო შორეულ გეგმებს მომავალი გვაჩვენებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0