close
ეკონომიკა

ონლაინ სასურსათო მაღაზია “ვერტიკალურ მეურნეობაში“ 22 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ბრიტანული ონლაინ სასურსათო მაღაზია Ocado “ვერტიკალური მეურნეობის” ინდუსტრიის განვითარებაში 17 მილიონი ფუნტის(22 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს.

ვერტიკალური მეურნეობა გულისხმობს მარცვლეული კულტურების დახურულ ზონაში, კონტროლირებად გარემოში მოყვანას.

“არცთუ ისე შორსაა ის დრო, როცა  ბოსტნეულის მოყვანა მომხმარებლის მიერ მის  შეძენამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდება,“ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Ocado-ს ინფორმაციით, მან 80 Acres Farms-სა და Priva Holding-თან ერთად ერთობლივი საწარმო – Infinite Acres დააფუძნა.

Priva არის ჰოლანდიური სამრეწველო სისტემა, რომელიც მებაღეობის ინდუსტრიას პროდუქციის ფართო სპექტრით, ასევე კლიმატის კონტროლსა და პროცესის ავტომატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ამერიკულ 80 Acres Farms-ს, ის მცენარეების სამეცნიერო ცოდნისა და  მენეჯმენტის საკითხებს უზრუნველყოფს, Ocado კი ხელს შეუწყობს მის უზრუნველყოფას პროგრამული და აპარატურული სისტემებით, მათ შორის რობოტებით, ავტომატიზაციითა და ხელოვნური ინტელექტით.

Ocado აცხადებს, რომ მან ევროპის უდიდესი ვერტიკალური მეურნეობის, Jones Food Company (JFC)-ის, 58 პროცენტიანი წილი შეიძინა. JFC ბრიტანელი მომხმარებლისთვის ფოთლოვან მწვანილსა და სამკურნალო მცენარეებს აწარმოებს და საკუთარი წარმოების მოცულობის წელიწადში 420 ტონამდე გაზრდას გეგმავს.

Ocado-ს წილი ბრიტანეთის სასურსათო ბაზარზე მხოლოდ 1% -ია, თუმცა მისი 7.9 მილიარდ ფუნტიანი საფონდო ბაზრის ღირებულებას  კომპანიის ტექნოლოგია განაპირობებს.

ის საერთაშორისო საცალო მოვაჭრეებს ინფრასტრუქტურითა და კომპიუტერული პროგრამით უზრუნველყოფს, რათა საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიები განვითარონ და კონკურენცია გაუწიონ ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Amazon-ი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0