მეცნიერებმა ზედმეტი ქრომოსომების მოცილების ახალი მეთოდის დახმარებითა და ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით კვერცხუჯრედები მიიღეს. რაც მთავარია, ამ უჯრედებს განაყოფიერების უნარი აქვთ და ზიგოტად ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფერტილურობის პრობლემა აქვთ, თუმცა ინოვაციური ტექნიკის კლინიკურად დანერგვას სულ მცირე 10-15 წელი დასჭირდება.
“სომატური უჯრედების ფუნქციის შესაცვლელად მომწიფებული ოვოციტის [ქალის პირველადი სასქესო უჯრედი] უჯრედული მექანიზმის გამოყენება შეგვიძლია. ასე პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების მისაღებად აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი უჯრედული კულტურის ზრდაზე, რასაც თვეები სჭირდება. თეორიულად, ეს დროს დაზოგავს და, პოტენციურად, გენეტიკური თუ ეპიგენეტიკური ანომალიების განვითარების რისკსაც შეამცირებს”, — აცხადებს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი, პაულა ამატო.
უნაყოფობა არის მდგომარეობა, როცა დაორსულების მცდელობები 12 თვის შემდეგაც უშედეგოა (ქალის, კაცის ან ორივეს პრობლემის გამო). გლობალურად ამ სირთულის წინაშე მილიონობით ადამიანია. მას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის გამეტების არასრულფასოვანი ფუნქციონირება. კვერცხუჯრედების შემთხვევაში ამას შეიძლება სხვადასხვა დაავადება იწვევდეს, მაგალითად: სიმსივნე ან ოვოციტების ხარისხისა და რაოდენობის შემცირება, რაც ასაკთანაა დაკავშირებული.
ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ინ ვიტრო გამეტოგენეზია (IVG), რომელიც პაციენტის გენეტიკური მასალიდან გამეტების შექმნას გულისხმობს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებში მოხერხდა, ადამიანებში კი — არა; IVG-ის ერთ-ერთი ფორმა სომატური (სხეულის, არასქესობრივი) უჯრედის ბირთვის გადატანაა (SCNT), რითაც კვერცხუჯრედის ბირთვს ანაცვლებენ.
ვინაიდან ამ გზით მიღებულ გამეტებში 23-ის ნაცვლად 46 წყვილი ქრომოსომაა, მათი რაოდენობის შემცირებაა საჭირო. ამისთვის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტექნიკა, რომელსაც უჯრედის მიტომეიოზს უწოდებენ — ის უჯრედთა ბუნებრივი დაყოფის პროცესს იმეორებს.
“მშობლის კანის უჯრედის ბირთვი ინერგება დონორის ოვოციტში, რომელსაც საკუთარი ბირთვი აქვს ამოცლილი. ამ რეკონსტრუირებულ კვერცხუჯრედს შემდეგ ქრომოსომების ნახევარი შორდება, რათა ჰაპლოიდი მიიღწეს [23 წყვილი ქრომოსომა]… მომდევნო ეტაპზე კვერცხუჯრედი უკვე მეორე მშობლის სპერმით ნაყოფიერდება და დიპლოიდური ზიგოტა მიიღება [ემბრიონი], რომელსაც ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა აქვს [46 წყვილი, ნახევარ-ნახევარი დედ-მამისგან]”, — ამბობს პაულა ამატო.
ამ მეთოდით მეცნიერებმა 82 ფუნქციური ოვოციტი შექმნეს და ისინი გაანაყოფიერეს. შედეგები შერეული იყო: მათმა უმეტესობამ უჯრედული დაყოფის მე-4-დან მე-10-მდე ეტაპზე განვითარება შეწყვიტა, დაახლოებით 9%-მა კი ბლასტოცისტად ჩამოყალიბება განაგრძო. მართალია, ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ადასტურებს, რომ ახალი ტექნიკა მუშაობს. ექსპერიმენტი მეექვსე დღეს შეწყდა, რადგან ბლასტოცისტს სწორედ ამ დროს ნერგავენ ხოლმე.
კვლევისას გამოკვეთილი მთავარი გამოწვევა ქრომოსომური ანომალიების ნიშნები იყო, რადგან ზედმეტი ქრომოსომები შემთხვევითობის პრინციპით მოაცილეს. ახლა მეცნიერები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”






