close
განათლებაემიგრანტიმედიცინა

ლიზი ლომთაძე სწავლას Emory University School of Medicine-ში აგრძელებს

ლიზი ლომთაძე კიდევ ერთი წარმატებული ქართველია აშშ-ში, რომელმაც ტიპი 1 დიაბეტის მძიმე გამოცდილება პროფესიულ მოტივაციად აქცია. საქართველოდან აშშ-ში წასულმა წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი, მიიღო დაფინანსება Emory-ში და დღეს ცდილობს, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა ქართველ ბავშვებსა და ოჯახებს დაეხმაროს.

ლიზი, ექვსი წლის ასაკში სამედიცინო ატრიბუტიკით თამაში და თოჯინებზე „ოპერაციები“ შენი პირველი ინტერესი იყო მედიცინისადმი — გახსოვთ ის კონკრეტული მომენტი, როცა პირველად იფიქრეთ – “მინდა ექიმი გავხდე”?

-ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩემში. დაახლოებით რვა წლის ვიყავი, როდესაც ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს. რეანიმაციაში ვიწექი პატარა ბავშვი, დაბნეული და შეშინებული. გარშემო მედპერსონალი მოძრაობდა, მაგრამ არავის აუხსნია რატომ ვიყავი იქ, რა მჭირდა, ან უბრალოდ — როგორ ვგრძნობდი თავს. სახლში დაბრუნების შემდეგ მეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მაშინ, საქართველოში დიაბეტის მართვა ძირითადად მკაცრი დიეტებით ხდებოდა — გრძელი სია აკრძალული საკვებისა, გაურკვევლობა, ხშირი შიში და მუდმივი ძალისხმევა იმ ფონზე, როცა სწორი ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობდა. არც ჩემი ოჯახს ჰქონდა ცოდნა, არც მე. ეს ყველაფერი არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც ძალიან რთული იყო — განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ხარ. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, როდესაც აშშ-ში გადავედი საცხოვრებლად. დღემდე მახსოვს, როგორ შემოვიდა ჩემი ახალი ენდოკრინოლოგი ოთახში უზარმაზარი ღიმილით — და ეს სითბო მაშინვე გადმოვიდა ჩემზე. როცა ჩამოვუთვალე ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა, გაკვირვებით მკითხა: „ლიზი, დარწმუნებული ხარ, რომ სხვა დაავადება არ გაქვს, რატომ ხარ დიეტებზე?“ შემდეგ კი დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი — მან და მისმა გუნდმა არამხოლოდ სწორი ინფორმაცია მომაწოდეს, არამედ მასწავლეს როგორ ვიცხოვრო დიაბეტთან ერთად. მათ მომცეს ძალა და

საშუალება, გავმხდარიყავი ჩემი ჯანმრთელობის მართვის მთავარი მოქმედი პირი. სულ მალე ჩემი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღარ ვგრძნობდი თავს შეზღუდულად. აღარ ვიყავი უბრალოდ პაციენტი, რომელსაც წესები უნდა დაემახსოვრებინა — ვიყავი ადამიანი, რომელსაც სწორი “ინსტრუმენტები” ჰქონდა, რომ დიაბეტთან ერთად თავისუფლად ეცხოვრა. პირველად მაშინ ვიგრძენი, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ექიმმა არა მხოლოდ სხეულზე, არამედ მთლიანად ადამიანზე. ამ პერიოდში გულში ნათლად ვთქვი: მეც ასეთი ექიმი უნდა გავხდე — ისეთი,

ვინც უსმენს, ხსნის, ამხნევებს და ნამდვილად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ჯერ ექიმი არ ვარ, მაგრამ უკვე ვცდილობ გავხადო სხვების გზა ოდნავ უფრო მარტივი. ვწერ ქართულენოვან ვიდეოებს YouTube-სა და TikTok-ზე, სადაც ვხსნი თანამედროვე დიაბეტის მართვის პრინციპებს და ვეხმარები ქართველ ბავშვებსა და მათ მშობლებს — იმავე გზის გავლისას, რაც მე გამოვიარე.

როგორ მოახერხეთ ბავშვური გატაცების პროფესიულ გზად გადაქცევა და რა აღმიჩნდა ამ გზაზე შენთვის ყველაზე რთული?

გატაცების პროფესიულ გზად გადაქცევა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა — განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მედიცინის გზა ეტაპობრივია და მოითხოვს აკადემიურ სიძლიერეს, პასუხისმგებლობას და დიდ მოთმინებას. ამერიკა და კანადა ის ქვეყნებია, სადაც სკოლის შემდეგ პირდაპირ სამედიცინო უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებ. ჯერ უნდა დაასრულო ოთხწლიანი ბაკალავრიატი — მე ფსიქოლოგიასა და ბიოლოგიურ მეცნიერებებს ვსწავლობდი, პარალელურად ვიღებდი ყველა საჭირო საგანს სამედიცინო სკოლისთვის. ამას მოსდევს რთული გამოცდები, ინტერვიუები, კლინიკური და კვლევითი გამოცდილება — მხოლოდ ამის შემდეგ ხდება 4-წლიან სამედიცინოზე ჩაბარება. ამ გზაზე ჩემთვის ყველაზე რთული გაურკვევლობასთან გამკლავება იყო. ვიცოდი, რომ ზოგჯერ უარს ეუბნებიან კიდეც იმ ადამიანებს, ვინც იდეალურ აპლიკანტებად ითვლებიან, რაც ხშირად მანერვიულებდა. ჩემს ოჯახში არავინ არის მედიცინის სფეროში, ამიტომ ყველა ნაბიჯი ნულიდან უნდა გადამედგა. გზის გაკვლევა ასეთ დიდ ქვეყანაში, მარტომ, განსაკუთრებით რთული იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყოველი სემესტრის ბოლოს ვხედავდი, როგორ აკლდებოდა ჯგუფიდან სტუდენტები, რომლებიც თავდაპირველად სამედიცინო სკოლაზე ოცნებობდნენ. მეშინოდა, რომ მეც იგივე ბედი მელოდა.

2018 წელს აშშ-ში გადახვედით, რა სირთულეებს წააწყდით უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ და როგორ გაუმკლავდით მათ?

პირველ რიგში, უდიდესი სირთულე იყო ჩემი ქვეყნის, ოჯახის და მეგობრების მონატრება. უცხო ქვეყანაში გადასვლა გულისხმობს ცხოვრების ნულიდან დაწყებას — ახალ გარემოსთან შეგუებას, ახალი ნაცნობების, მეგობრებისა და კავშირების შექმნას. ამერიკაში სკოლაში გადასვლა ჩემთვის გამოწვევა იყო — ყველაფერი ახალი იყო: ახალი წესები, განსხვავებული სწავლების სტილი, ახალი ადამიანების გარემო. ეს ადაპტაცია ზოგჯერ მარტივი არ იყო, თუმცა მომცა სტიმული. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მუდმივად ვეძებდი შესაძლებლობებს, ვიღებდი დახმარებას მენტორებისგან და ვცდილობდი, რომ არ გავჩერებულიყავი რადგან ვიცოდი, რომ ამ გზით ჩემი ოცნება რეალობად უნდა მექცია.

როგორია ამერიკული სკოლისა და უნივერსიტეტის სისტემაში სწავლის ყოველდღიური რუტინა უცხოელი სტუდენტისთვის?

ყოველდღიური რუტინა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მედიცინისკენ ხარ ორიენტირებული. ამერიკულ უნივერსიტეტებში არა მხოლოდ საგნების ცოდნაა მნიშვნელოვანი, არამედ აქტიური ჩართულობა: დისკუსიებში, კვლევაში, ჯგუფურ პროექტებში. აკადემიურ ნაწილის მიღმაც დიდ ყურადღებას აქცევენ კლასგარეშე აქტივობებს. არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ამერიკული სკოლები მარტივია და თავიდან მეც ასე მეგონა. მაგრამ როცა იქ გადავედი, მივხვდი, რომ სირთულე შენს არჩევანზეა დამოკიდებული. შეგიძლია აირჩიო მარტივი კლასები და ნაკლები დატვირთვა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებისას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. კარგი უნივერსიტეტები უპირატესობას ანიჭებენ სტუდენტებს, რომლებმაც რთული საგნები აირჩიეს და თავიანთი თავი გამოწვევაში გამოსცადეს. უცხოელი სტუდენტისთვის ეს გარემო შეიძლება თავიდან დამაბნეველი იყოს, მაგრამ თუ მიზანი მკაფიოდ იცი, სწრაფად ეჩვევი და იწყებ საკუთარი გზის მშენებლობას ერთი ნაბიჯით, ერთ აქტივობით, ერთ ურთიერთობით.

ამერიკაში საკმაოდ წარმატებული აკადემიური გამოცდილება გაქვს, მოგვიყევი შენი მთავარი მიღწევების შესახებ. 

-ჩემთვის ამერიკაში აკადემიური გზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მრავალფეროვანი და ღრმა გამოცდილებების მიღება, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ჩემს სამომავლო სამედიცინო კარიერას. უნივერსიტეტში ბაკალავრი უმაღლესი შეფასებებით დავამთავრე, წლების განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებოდი Dean’s List-ზე — მაღალი აკადემიური მოსწრების ნიშნით. ასევე, გავხდი ორ პრესტიჟულ აკადემიურ საზოგადოებაში – Alpha Sigma Nu-სა და Sigma Xi-ში, რაც ჩემი სამეცნიერო წარმატებების აღიარებაა. იმავდროულად, ვიყავი CSTEP-ის Scholar — პროგრამის, რომელიც ხელს უწყობს უმცირესობებიდან ან underrepresented ჯგუფებიდან სტუდენტების ჩართულობას მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში. მოგვიანებით, მე თავად გავხდი მენტორი და ვუწევდი მხარდაჭერას სხვა სტუდენტებს, რათა ისინი მათი სამედიცინო და სამეცნიერო გზაზე მაქსიმალურად წარმატებულები გამხდარიყვნენ.4 MCAT-ის გამოცდაში, რომელიც ამერიკაში სამედიცინო სკოლებში მიღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, შევედი საუკეთესო პროცენტში. ჩემს აკადემიურ ინტერესებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბიოლოგიური მეცნიერებები, კერძოდ Cellular Senescence და Cell and Molecular Biology, სადაც ვიღებდი ღრმა ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. რაც შეეხება სამედიცინო სპეციალიზაციას, ახლა ქირურგია მიზიდავს ყველაზე მეტად, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ ვიცი. გარდა აკადემიური წარმატებებისა, ბავშვობიდან მიყვარს ჩოგბურთი და უნივერსიტეტში აქტიურად ვთამაშობდი კლუბის წევრად. ფლორიდაში ნაციონალურ შეჯიბრზე თამაშიც მოვახერხეთ, რაც ჩემთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მრჩება. ჩემს ვლოგებშიც ყოველთვის ვახასიათებ ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდ მნიშვნელობას ნებისმიერი ადამიანისათვის.

რა განსაკუთრებული გამოცდილება მიიღე NIH-ის მიერ დაფინანსებულ კვლევაში მონაწილეობით და როგორ იმოქმედა ამ პროექტმა შენს პროფესიულ არჩევანზე?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილება იყო მონაწილეობა ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) დაფინანსებულ პროგრამაში, სადაც ვმუშაობდი New York University-ს ლაბორატორიაში. ჩვენი კვლევა ორიენტირებული იყო ტიპი 1 დიაბეტის გამოწვეულ გართულებებზე, განსაკუთრებით ეგზოსომების როლზე — მცირე უჯრეთსგარე ვეზიკულებზე რომლებიც აქამდე უცნობი იყვნენ ამ პროცესში. თუ ჩვენი კვლევა წარმატებით დასრულდება, ეს მოგვცემს ახალ სამკურნალო სტრატეგიებს დიაბეტური გართულებების შესამცირებლად. ამ პროცესში მივიღე უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად ჩამომეყალიბებინა მეცნიერული აზროვნება, მეცნიერული მეთოდების სწორად გამოყენება და კლინიკური მონაცემების ანალიზი. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემი პროფესიული გზისთვის და მედიცინის სფეროში შემდგომი კარიერის მიმართულების განსაზღვრისთვის.

როგორც ვიცი, დატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, მოხალისეობისთვისაც იცლი, მოგვიყევი რა პროფესიული მნიშვნელობა აქვს შენთვის ადამიანებისთვის გაღებულ უანგარო დახმარებას?

-დატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, მოხალისეობა ჩემთვის ის სივრცეა, სადაც ყოველ ჯერზე თავიდან ვიხსენებ, რატომ ავირჩიე ეს გზა. მაგალითად, როცა გადაუდებელ დახმარების განყოფილებაში ვცდილობ, პაციენტმა თავი მარტოდ არ იგრძნოს, ან როცა ქართულენოვან ვიდეოებს ვწერ ტიპი 1 დიაბეტის შესახებ — ვხვდები, როგორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს სხვისთვის. ყოველ ზაფხულს დავდივარ ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვების ბანაკში და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მათზე ზრუნვით. პროფესიულად, მოხალისეობა მასწავლის პირველ რიგში მოსმენას. ასევე მასწავლის მოთმინებას, და თანაგრძნობას.

Emory University-ის მიღებაზე რომ შევჩერდეთ — რა იყო შენი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ მიიღე არა მხოლოდ მოწვევა, არამედ დაფინანსებაც?

ეს ნამდვილად დაუჯერებელი მომენტი იყო — Emory University School of Medicine ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო სკოლაა, რომელიც ტოპ 20-ში შედის და მთელ სამხრეთ რეგიონში მთავარ სამედიცინო ცენტრად ითვლება. ემორის სამედიცინო სისტემა მოიცავს 11 საავადმყოფოს, და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) მთავარი შტაბი სწორედ ემორის გვერდითაა განთავსებული ატლანტაში. ეს სიახლოვე ისტორიულად და სტრატეგიულად განპირობებულია და ქმნის დაუჯერებელ გარემოს კლინიკური, აკადემიური და კვლევითი

განვითარებისთვის. სიმართლე გითხრათ, თვითონ მოხვედრაზე მეტად დაფინანსების მიღებამ გამახარა. ეს არ იყო პირველი სამედიცინო სკოლა, რომელმაც თანხმობა გამომიგზავნა, მაგრამ აშშ-ში სამედიცინოზე სწავლა ხშირად მძიმე ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული, და სტუდენტების უმრავლესობას სესხის აღება უწევს. იმ მომენტში, როცა მივიღე შეტყობინება, რომ ემორი აფინანსებდა ჩემს სწავლებას, ემოციების გადმოცემა ძალიან გამიჭირდა — ეს იყო შვება, სიხარული და იმედი ერთდროულად.

რას ნიშნავს Emory-ში სწავლის გაგრძელება შენთვის, როგორც ემიგრანტი სტუდენტისთვის საქართველოდან?

– Emory-ში სწავლა ჩემთვის არ არის მხოლოდ აკადემიური მიღწევა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ყოველწლიურად Emory University School of Medicine-ზე დაახლოებით 14,000 ადამიანი ავსებს აპლიკაციას და მხოლოდ 135 სტუდენტს ირჩევენ. ამ კონკურენციაში მოხვედრა თავადაც იშვიათია, მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია, როცა ეს ხდება ქართველი იმიგრანტისთვის. სამწუხაროდ, ამერიკის სამედიცინო სკოლებში ძალიან ცოტა ქართველ სტუდენტს ვხვდებით, და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ერთ-ერთი ვიყო — და ამით არამხოლოდ საკუთარი გზა გავაგრძელო, არამედ მაგალითი ვიყო სხვებისთვისაც.

რა ძირითადი განსხვავებებს ხედავთ ქართულ და ამერიკულ სამედიცინო განათლებას შორის?

-საქართველო არის პატარა და შედარებით ჰომოგენური ქვეყანა, რაც აუცილებლად აისახება სამედიცინო პრაქტიკაზეც. აქ, ზოგადად, შეხვდები უფრო ერთფეროვან პაციენტებს და იშვიათია ისეთი რთული, რთულად დიაგნოსტირებადი შემთხვევები, რაც ამერიკაში ყოველდღიურობაში ჩვეულებრივი ამბავია. ამერიკაში სამედიცინო განათლება და პრაქტიკა განსხვავდება თავისი მრავალფეროვნებით — აქ სწავლობ არა მხოლოდ სხვადასხვა ეთნიკურ და კულტურულ ჯგუფებთან ურთიერთობას, არამედ რთული, იშვიათი და განსხვავებული კლინიკური შემთხვევების მართვას. ეს საშუალებას გაძლევს

გაცილებით ფართო გამოცდილება მიიღო და უკეთ იყო მომზადებული განსხვავებული გარემოებისთვის. გარდა ამისა, ამერიკაში მედიცინის სწავლა უფრო ინტენსიურია კვლევებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ინდივიდუალურ მიდგომაზე ორიენტირებული. საქართველოში, სამწუხაროდ, რესურსები და კლინიკური პრაქტიკა ხშირად უფრო შეზღუდულია.

როგორ ფიქრობ, რატომ არის ამერიკაში მედიცინის კარიერა ასეთი რთული გზით მისაღწევი?

-ამერიკული მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მოწინავე სფეროა მსოფლიოში და სწორედ ეს სირთულეც ამის ნაწილია. ადრე სამედიცინო სკოლაში მოხვედრა შედარებით მარტივი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოთხოვნები მკაცრდებოდა, რადგან ქვეყანას სჭირდებოდა არა უბრალოდ ცოდნიანი, არამედ შეუპოვარი, ეთიკურად ძლიერი და მთელი გულით მოწოდებული მომავალი ექიმები. დღეს სამედიცინო სკოლებში მხოლოდ ყველაზე მოტივირებული და მიზანმიმართული სტუდენტები ხვდებიან: ისინი, ვისთვისაც ექიმობა არა უბრალოდ პროფესია, არამედ ცხოვრების საქმეა.

და ბოლოს, რა არის ის პროფესიული რჩევა, რომელსაც მისცემდით ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა ამერიკაში, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით?

ძალიან ბევრი უარი შეიძლება მიიღოთ, ბევრჯერ შეიძლება თქვენი აპლიკაცია არ შეარჩიონ — მაგრამ ეს გზა სწორედ მათთვისაა, ვინც მიუხედავად ყველაფრისა არ ნებდება. თუ ექიმობა თქვენთვის მოწოდებაა, მიზნად დაისახეთ და აკეთეთ ყველაფერი მისკენ სვლისთვის. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0