ია გოგიტიძე, წარმატებული ქართველი პროგრამისტი და ბლოგერია, რომელიც უკვე ოთხი წელია აშშ-ში ცხოვრობს. გოგონა, რომელსაც სოციალურ ქსელებში „აი იას“ სახელით იცნობენ, დღეს IT-სფეროში მუშაობს და პარალელურად აქტიური ბლოგერია.
როდის გადაწყვიტეთ სამშობლოდან შორს ცხოვრება და რა იყო თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩამოვედი. ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი საკუთარი თავის შეცნობისა და რეალიზების სურვილი აღმოჩნდა. ემიგრაცია ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. აშშ-მდე მანამდე ჩინეთში ვცხოვრობდი, რის შემდგეგაც სამაგისტრო საფეხურის გავლა აშშ-ში გადავწყვიტე, ამაზე გარკვეულწილად იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ ჩემი და-ძმაც სწორედ აქ გადიოდნენ სასწავლო პროგრამებს, რა თქმა უნდა, მინდოდა მათთან ახლოს ყოფნა და ჩემი მიზნების განხორციელებაც ამერიკაში უფრო რეალურად მესახებოდა.
რამდენად რთული იყო ემიგრანტის ცხოვრება თავიდან და როგორია ახლა?
რთულია. შინაგან მეტამორფოზასთან ერთად ფიზიკურ ცვლილებებსაც განიცდი. მოკლედ რომ ვთქვათ, იმაზე დიდ პასუხისმგებლობებს ეჭიდები, ვიდრე შეგიძლია და სწორედ ესაა თავიდან, უცხო გარემოში ყოფნის ყველაზე დიდი გამოწვევა. თუმცა, დროსთან ერთად ფოლადივით მტკიცდები, ამიტომ ახლანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად მეჩვენება, ვადაპტირდი, შევიცვალე და დასახულ მიზნებამდეც მშვიდად და რაციონალურად მივდივარ.
თავდაპირველ გაურკვევლობას, დაბნეულობასა და ხშირად, უიმედობასაც, ნელ-ნელა იმის გაანალიზება ანაცვლებს, რომ ეს ყველაფერი შენი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალია და თუ ამ გზაზე დგახარ, მისი გავლაც შეგიძლია.

საქართველოში ცხოვრების დროს, IT-რეკრუტერად ვმუშაობდი, შესაბამისად, ამ სფეროსთან შეხება მქონდა, ჩემი და-ძმაც სწორედ ამ სფეროში არიან და მაგისტრატურაც, სწორედ ამ განხრით განვაგრძე, ვთვლი რომ მომავლის პროფესიაა. დიახ, ქალი პროფესიონალების რიცხვი იმატებს და ეს ძალიან მახარებს! ჩემი პროფესიული საქმიანობის შესახებ მოკლედ რომ მოგიყვეთ, ჩემი ვალდებულებაა აპლიკაციის ხარისხის უზრუნველყოფა და სისტემურად ქეისების ავტომატიზაციაა.
კულტურული განსხვავება… როგორ შეადარებდით საქართველოსა და აშშ-ს მოქალაქის ყოველდღიურობას – რა არის თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა?
პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სხვაობაა ის ფაქტი, რომ აქ ადამიანი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან იწყებს. ყველა მისი ნაბიჯი მიზანმიმართულად მომდევნო დღის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ეს მათი ყოველდღიური რუტინაა. თითოეული ადამიანი საკუთარი თავის იმედადაა. საქართველოში ოჯახი გყავს, ნათესავები, მეგობრები აქ კი შენ ხარ და შენი მომავალი. ეს მენტალური სხვაობაა. ყოველდღიურ საქმიანობას რაც შეეხება, ყველა შრომობს, დიდიც და პატარაც. მაგალითისთვის, ჩემი რვა წლის მეზობელი მის მიერვე გაკეთებულ ლიმონათს ჰყიდდა და ა.შ. (ასე სწავლობენ კომერციულ ურთიერთობებსა და საკუთარი ფინანსების მართვას). მსგავსი მაგალითები, მე პირადად, საქართველოში არ მინახავს.
აპირებთ მომავალში სამშობლოში დაბრუნებასა და კარიერის აქ გაგრძელებას?
დიახ, საბოლოოდ საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვგეგმავ ცხოვრებას, მაგრამ ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე ამერიკა საუკეთესოა.
რა არის თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული ოცნება?
ძალიან საინტერესოა ჩემი პროფესია, თუმცა ამის პარალელურად ძალიან მინდა ჩემი შემოქმედებითი რესურსებიც განვავითარო, რაზეც აქტიურად ვმუშაობ. მჯერა რომ ადამიანი მრავალმხრივი ნიჭის მატარებელია და ყველაფერი უნდა სცადოს, მეც ამ გზაზე ვარ.







