close
ემიგრანტი

„ჩემს მომავალს და კარიერას სწორედ იქ ვხედავ, სადაც ახლა ვარ“ – აშშ-ში მოღვაწე უძრავი ქონების აგენტი საქართველოდან

თუკი არსებული გარემო არ იძლევა საშუალებას, ადამიანმა შეძლოს საყვარელი საქმიანობით წარმატების მიღწევა, ორი ვერსია რჩება – ან მოერგოს მოცემულობას და უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე, ან უერთგულოს პრინციპებს და წავიდეს იქ, სადაც ოცნებების ასრულების მეტი რესურსი ეგულება.

ანო ოზაშვილი უძრავი ქონების აგენტია. ის აშშ-ში მოღვაწეობს. პროცესები, რომლებიც შედარებით ადრეულ ასაკში მისთვის მხოლოდ უცხო ქვეყნებში არსეულ ისტორიებთან იყო დაკავშირებული, რეალური აღმოჩნდა და იპოვა გარემო, რომელშიც სასურველი საქმიანობით მუშაობა შესაძლებელი გახდა. საკუთარი ისტორიის შესახებ, ანომ „დოქტრინას“ უამბო.

თავდაპირველად, გვესაუბრეთ – რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ აშშ-ში გადაგედგათ მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები?

თითქმის რვა წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ,  New York-ში ვცხოვრობ და მეხუთე წელია, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში ვარ. ეს საქმიანობა ყოველთვის ძალიან მხიბლავდა. თუმცა, საქართველოში ამას პროფესიად და შემოსავლის წყაროდ არავინ აღიქვამდა. ისეთ მეგაპოლისში, როგორიც New York-ია, ბროკერის შერჩევას და მასთან თანამშრომლობას უძრავი ქონების მეპატრონეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქ სახლის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პირველი ნაბიჯი მათთვის მისაღები ბროკერის შერჩევა და მათთან ხელშეკრულების გაფორმებაა. დღესდღეობით ქართველი ემიგრანტების საკმაოდ დიდი ნაწილია ამ სფეროთი დაინტერესებული. ხშირად მიკავშირდებიან რჩევის საკითხავად და მეც სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას.

საზღვარგარეთ მოღვაწეობისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდით?

ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება და მოღვაწეობა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. New York-ში ჩამოსვლიდან მალევე მომეცა შესაძლებლობა, მესწავლა და მემუშავა სხვადასხვა კომპანიაში. მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი, ვცდილობდი – ისეთი საქმიანობით ვყოფილიყავი დაკავებული, რისი კეთებაც იძულებით არ მომიწევდა. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ეს მიზანი მიღწეულია და ჩემს მომავალს და კარიერას სწორედ იქ ვხედავ, სადაც ახლა ვარ.

უფრო სიღრმისეულად, როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში თქვენი პროფესიით მუშაობის შესაძლებლობას?

როგორც დასაწყისში ვახსენე, საქართველოში ამ სფეროში მუშაობა არარეალისტურად მიმაჩნდა, მხოლოდ უცხოურ გადაცემებში მქონდა ნანახი მრავალმილიონიანი სახლების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, კონკურენცია ბროკერებს შორის, ორიგინალური არქიტექტურა და თვალისმომჭრელი ხედები. როგორც ვიცი, ნელ-ნელა საქართველოშიც მკვიდრდება ეს ტენდენცია და იხსნება კომპანიები, რომლებიც სათანადო მომსახურებას გაუწევენ კლიენტებს. New York-ში ბროკერთან მუშაობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ამ პროცესის გავლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამერიკა ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა, უამრავ დოკუმენტთან უწევთ შეხება უძრავი ქონების გამყიდველსაც და მყიდველსაც, ამაში დახმარების გაწევა კი მხოლოდ ლიცენზირებულ აგენტს შეუძლია და ეს ორივე მხარეს კარგად ესმის. სამშობლოში დაბრუნება და მსგავსი საქმიანობის გაგრძელება, ჯერჯერობით, ჩემს გეგმებში არ შედის, თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება ხშირად ვესტუმრო საქართველოს.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიზანი, საზღვარგარეთ სცადონ პროფესიული წინსვლა?

ჩემი აზრით, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად მიზნის დასახვა პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. შემდგომში ეს მიზანი გეგმად უნდა აქციოთ და ყოველდღიურად ამ გეგმის განსახორციელებლად დაუღალავად იშრომოთ. მე ამ გზას დღესაც გავდივარ. რაც მთავარია, გამოწვევების არ შეგეშინდეთ და გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0