close
ემიგრანტი

„ჩემი სურვილია, ქალაქ სენაკში, სადაც დავიბადე, ერთხელ  მაინც შევძლო სოლო კონცერტის ჩატარება“ – ჯაბა გეგეშიძე  

სამშობლოში ასახდენი სურვილები, არსებული სირთულეები, დასახული მიზნები და ბრძოლა წარმატებისთვის – ეს იმ ადამიანების ყოველდღიური ფონია, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზით, სამშობლო დატოვეს და მის ფარგლებს გარეთ დაიწყეს წარმატებული ნაბიჯების გადადგმა.
ჯაბა გეგეშიძე ოპერის მომღერალია.   ექვსი წელია, მოღვაწეობს ჩეხეთში, პრაღის  ნაციონალურ, დრამატულ, ოპერის თეატრში. აქვს მიზეზი, რის გამოც საქართველო დატოვა და ასევე აქვს სურვილი საკუთარ ქალაქთან დაკავშირებით. თავის ამბავს ჯაბა „დოქტრინას“ უამბობს.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ ჩეხეთში წასვლა და მოღვაწეობა გადაწყვიტეთ?

საქართველოში სწავლის პერიოდში, მქონდა იმედი, რომ სწავლის დამთავრებისთანავე ჩემი პროფესიით განვაგრძობდი მოღვაწეობას, თუმცა, ეს ასეთი ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან შემექმნა წინააღმდეგობები ჩემს სფეროში და მივხვდი, რომ საქართველოში დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც არ მყავდა “პატრონი”. თუმცა, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ არა ის წინააღმდეგობები, რომლებმაც უდიდესი ბრძოლისუნარიანობა შემძინა, ვერაფერს მივაღწევდი! მიზნად დავისახე წასვლა საზღვარგარეთ და ბედის ცდა, რამაც გაამართლა! პირველი ყოვლისა, მსურდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ  როდესაც ადამიანი მიზნად დაისახავს თავის საყვარელ პროფესიაში წინსვლას, აუცილებლად უნდა  მიყვეს გზას, თან, რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა შეუშინდეს ბარიერს, რადგან თითოეული ბარიერი სწორედაც რომ მანიშნებელია კარგი მომავლის.

სამშობლოსთან დაკავშირებით, რა არის თქვენი უმთავრესი სურვილი?


ჩემი სურვილია, ქალაქ სენაკში, სადაც დავიბადე, ერთხელ  მაინც შევძლო სოლო კონცერტის ჩატარება, რათა უდიდესი მადლიერების ნიშნად მოვეფერო ამ ულამაზეს და უსაყვარლეს  ინტელექტუალურ პატარა ქალაქს, რის განხორციელებაშიც ეჭვი მეპარება.

გეგმავთ კვლავ  საქართველოში ცხოვრებას?

სამწუხაროდ, დაბრუნებას არ ვგეგმავ, რადგან შეუძლებელია გარკვეულ მიზეზთა გამო, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ სჭირდები არავის.

შეგიძლიათ, რჩევები მისცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში თავის დამკვიდრებას გეგმავენ?

ძალიან რთულია, ვინმეს ურჩიო, თუ, როგორ განაგრძოს გზა თავის არჩეულ პროფესიაში. თუმცა, ერთს დავძენ, რომ ნურასოდეს ნურავის ნუ შეგშურდებათ. პირიქით, გაძლიერდით! ეცადეთ, რომ ყველაფერი დაიწყოთ თავად. საკუთარი შრომით. არ ითაკილოთ შრომა, რადგან ზოგჯერ გვიწევს სხვა პროფესიასთან შეხება, მატერიალური სიდუხჭირის გამო…. იყავით გულწრფელები საკუთარ თავში. მე ჯერ არ გამიკეთებია ის მთაარი, რაც საკუთარ თავს დავუსახე მიზნად. არსებობს არაჩვეულებრივი გამონათქვამი – “არაფერი არ გამომდის.. არაფრისთვის უნდა ვცადო.
საზღვარგარეთ მოღვაწეობა არ არის  ადვილი,  უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია შენი ქვეყნის წინაშე, რადგან წარმოაჩენ შენი ქვეყნის კულტურას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0