close
ემიგრანტი

„ქვეყნის სიყვარული ბუნებრივი უნდა იყოს, შინაგანი“ – დევიდ პოლ კეი  

„ძალიან ბევრ, სრულიად განსხვავებულ სფეროში გამივლია, დღეს კი ვარ იქ, სადაც ვარ, და ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ასე იწყებს „დოქტრინასთან“ საუბარს დევიდ პოლ კეი – ხელოვანი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. ბევრი წელია, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობს და აქვს საინტერესო დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რასაც (ფსევდო)პატრიოტიზმი ჰქვია. ამასთან, ის მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ქართველ ხელოვანებთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. უფრო დეტალურად, მხატვარი ჩვენს შეკითხვებს პასუხობს.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განგეხორციელებინათ თქვენი მიზნები?

ეს, ალბათ, მე არ გადავწყვიტე, ხშირად ხმარებადი ქართული ფრაზა რომ გამოვიყენო, “ცხოვრებამ მოიტანა”. დაკონკრეტება შორს წაგვიყვანს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არ იყო უკეთესი ცხოვრების ან კარიერული ზრდის მიზნით. მოვა დრო და ალბათ წიგნად შეიკვრება ყველაფერი, წარსული, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ზოგი ტკივილი მარგებელია.

სამშობლოში დაბრუნებას და აქ საქმიანობას თუ გეგმავთ?

სამშობლო, საინტერესო სიტყვაა. ზოგადად, ის დამოკიდებულება, რომ “უნდა დაბრუნდე”, “შენი მიწა წყალი”, უცხოა ჩემთვის  და ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. არ მიყვარს ფსევდო-პატრიორიზმი და თავის მოტყუება, ჭიქაში ჩაორთქლილი ხმამაღალი სიყვარული. მე საქმე და შედეგი მაინტერესებს. არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ ტოვებენ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზის გამო და მიდიან, აქვთ ვალდებულება, რომ ან დაბრუნდნენ ან შეეწირონ “სამშობლოს”. ქვეყნის სიყვარული, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფორმა სიყვარულისა, ბუნებრივი უნდა იყოს, შინაგანი.
მახსენდება რევოლუციის წინა დღეები, კვირები, თვეები, როგორი გულანთებული და ჭეშმარიტად პატრიოტული ენერგიით სავსენი ვათენებდით და ვაღამებდით რუსეთის საელჩოს წინ ვაკეში… მოკლედ, წარსულში გასეირნებას ისევ აწყმოსა და მომავალზე ვკონცენტრირდეთ, უკეთესია. ეს კითხვაც სწორედ აქ არის. დაბრუნებას არა, საქმიანობას – კი. თუმცა არ ვიცი რამდენად გამოვა. 10 წელიწადზე მეტი საქართველო გამორთული იყო და არც ვიცოდი ზოგადად რა ხდებოდა. 2019 წელს პირველად ჩავედი 11 წლის შემდეგ და ძალიან საინტერესო სურათი დამხვდა, თაობა, რომელიც ამ შუალედში გაიზარდა და სიტუაციას ცვლის. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, მენახა უმრავლესობაში ისეთი აზროვნების მქონე ადამიანები, რომელთა ღირებულებები ნამდვილად პატრიოტული სულისკვეთებითაა გაჯერებული. მე მათ „ნეო ჯორჯიანებს“ ვეძახი, ახალი, ნამდვილი ქართული რასა. ადამიანები, რომლებიც გაზარდა სტივ ჯობსმა და არა ლეონიდ ბრეჟნევმა. დიდი სხვაობაა. ეგოისტები არიან, კარგი გაგებით, იციან, რომ ქვეყანა მათია და სწორედ ის ეგო ამოძრავებთ სწორი მიმართულებით. იციან, რომ აქვთ უფლება, საკუთარი ცხოვრების კურირება თავად მოახდინონ. თუ ბოლო დროს განვითარებული ან ამჟამად განვითარებადი მოვლენები ამ დინამიკას ხელს არ შეუშლის, საქართველო ათ წელიწადში ძალიან საინტერესო ქვეყანა იქნება.

 

ამ დროისთვის, საქართველოსთან რა აქტივობები გაკავშირებთ?

რამდენიმე მცირე კოლაბორაცია უკვე გავაკეთე, ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია სადაც კი შემიძლია, ვახერხებ და ვაკეთებ. ასევე, სექტემბერში ჩემი ინიციატივით წამოწყებული იდეა განხორციელდება, თბილისში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვა ბროდვეის თეატრალების დელეგაცია, რომელთა მიზანი იქნება ქართველი რეჟისორების აქ, დიდ სცენაზე წარმოჩინება. მოკლედ, იდეა ბევრია, ნიადაგიც არსებობს, მთავარია, რა კურსს აირჩევს საბოლოოდ ქვეყანა. მე ამის პროგნოზი ამ ეტაპზე ძალიან მიჭირს.

 

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

პირველ ყოვლისა, აუცილებელია მიზნის კონკრეტიკა, ყველას სიტუაცია ინდივიდუალურია. ახალგაზრდებს ვურჩევ, აუცილებლად სცადონ, თუნდაც ერთი წლით გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყანაში ისწავლონ, უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებენ. ემიგრაციაა არაა მარტივი. ჩემთვის შტატები არ იყო უცხო, სკოლა აქ დავამთავრე, შეძენილი ოჯახიც აქ მყავდა, მეგობრები. პირველად წამსვლელისთვის ინტეგრაცია და ასიმილაცია აუცილებელია. ხშირად ვხედავ სხვადასხვა კულტურის, ერის წარმომადგენლებს, მიგრაციის შემდეგ ისევ მაინც იმ რეალობას ქმნიან, საიდანაც წამოვიდნენ და იქ ცხოვრობენ. ანუ ფიზიკური მიგრაცია მხოლოდ და არა კულტურული, ფსიქოლოგიური. არ ვამტყუნებ ან ვაკრიტიკებ, უბრალოდ ამას შემდეგ პრობლემები მოჰყვება. ჩემი აზრით, ყოველთვის გაქვს არჩევანი, თუ სუნთქავ, შეგიძლია იაზროვნო, თუ აზროვნებ, შეგიძლია გადაწყვიტო. თითოეული დეტალი, თუ ამის დრო არსებობს, უნდა აწონოს და გათვალოს ადამიანმა. „დათვის სამსახურს“ უწევს ყველა ის ქართველი ემიგრანტი თავიანთ თანამემაულეებს იმით, რომ მხოლოდ კარგ მხარეს აჩვენებენ და ხშირად ეს “მარიაჟობაში” გადადის ხოლმე, და ზოგს ეუხერხულება იმ რეალობის ჩვენება, რაც უნდა გაიარო იმისათვის, რომ მიაღწიო. ამ კითხვას მარტივად შეიძლება, ვუპასუხოთ: ასჯერ გაზომე და ერთხელ გაფრინდი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0