close
ემიგრანტი

უცხო ქვეყანაში ნაპოვნი მოწოდება – ანა ოზაშვილის წარმატების გზა ნიუ-იორკის უძრავი ქონების სფეროში

წარმატებული ქართველი ახალგაზრდის ისტორია,  რომელმაც საკუთარი მოწოდება აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ სფეროში იპოვა. ანა ოზაშვილი – კიდევ ერთი შთამაგონებელი ახალგაზრდა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრების სურვილმა, შრომისმოყვარეობამ და წარმატებისკენ გზის გაკვალვის დაუღალავმა მცდელობამ დღეს ნიუ-იორკის უძრავი ქონების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული აგენტად აქცია.

ანა, რა იყო შენი ყველაზე დიდი შიში თუ გაურკვევლობა ემიგრაციის დასაწყისში?

-ახალ გარემოსთან შეგუების დისკომფორტს ალბათ ყველა ემიგრანტი განიცდის, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უცხო მიწაზე ოჯახის წევრები და ახლობლები არ ელოდებიან. საბედნიეროდ, განსაკუთრებული მოლოდინები არ მქონია და ამან შედარებით შემიმსუბუქა მდგომარეობა. პირველად აშშ-ში 2014 წელს ჩამოვედი, დღევანდელობისგან განსხვავებით, მაშინ აქ ქართული დიასპორა არცთუ ისე დიდი იყო, ქუჩაში იშვიათად თუ გაიგონებდით ქართულ საუბარს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ გარემოს ადვილად შევეგუე, ალბათ ისიც დამეხმარა, რომ ნიუ-იორკს ყოველთვის ვთვლიდი ქალაქად, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

რა გაძლევდა მოტივაციას დარჩენილიყავი და ბრძოლა გაგეგრძელებინა?

-ნიუ-იორკი ემიგრანტების ქალაქია, აქ საკუთარ გამოცდილებაზე უამრავ ისტორიას მოისმენთ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებისგან. ბევრი მათგანის ისტორია ხშირად ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც აქ ამერიკული ოცნების ასახდენად ჩამოვიდნენ, თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი, ეს ოცნება რეალობად აქციეს. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა ჩემთვისაც რა თქმა უნდა დიდი მოტივაცია იყო.

ამჟამად უძრავი ქონების აგენტი ხარ, როდის და რატომ  დაინტერესდით ამ  სფეროთი? 

-ამ სფეროთი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში დავინტერესდი. თუმცა სხვადასხვა უცხოურ შოუებს საქართველოში ცხოვრების დროსაც დიდი სიამოვნებით ვადევნებდი თვალს. ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა მრავალმილიონიანი სახლების ყიდვა-გაყიდვის პროცესი და ამ პროცესში ბროკერების როლი. მალევე, სრულიად შემთხვევით დავიწყე სამსახური ერთ-ერთ ადგილობრივ ბანკში, რომელიც უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკურ სესხებს გასცემდა და სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე ამ მიმართულებით ლიცენზიის აღება.

რა როლი ითამაშა ქართულმა განათლებამ და გამოცდილებამ შენს ამერიკულ კარიერაში?

-ვთვლი, რომ საქართველოში ინგლისური ენა მაღალ დონეზე ისწავლება და მეც ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ ამერიკაში ახლად ჩამოსული კომუნიკაციას უპრობლემოდ ვამყარებდი ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოში სამართლის სკოლა დავამთავრე, თუმცა ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა იურიდიულ დიპლომს არ საჭიროებს. გამყიდველსა და მყიდველს შორის საკმაოდ ვრცელი ხელშეკრულება იდება, თუმცა ეს მხოლოდ ლიცენზირებული ადვოკატების პრეროგატივაა.

რა განასხვავებს ნიუ-იორკის ბაზარს სხვა შტატების ან ქვეყნების ბაზრებისგან?

-როდესაც უძრავი ქონების შეძენას ეხება საქმე, ნიუ-იორკი ყველა სხვა შტატისგან რადიკალურად განსხვავდება. აქ გაცილებით დიდი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევს კლიენტს და ამ პროცესების გავლას მინიმუმ 2-3 თვე სჭირდება. ეს ეხება ისტორიულ შენობებს მანჰეტენზე, ე.წ. კოოპერატივებს, სადაც თქვენი კანდიდატურის დამტკიცებას დირექტორატის წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი. მაგრამ თუ კერძო სახლს ან ბინას ყიდულობთ დეველოპერისგან, ეს პროცესი შედარებით მარტივი და ხანმოკლეა.

რა არის ყველაზე რთული ნაწილი შენს ყოველდღიურ საქმიანობაში?

-ალბათ ჩემი გრაფიკი. თუ ამ სფეროში გადაწყვეტთ საქმიანობას მზად უნდა იყოთ იმისთვის რომ კვირაში შვიდი დღე მოგიწევთ მუშაობა და თითოეული სამუშაო დღე ყოველ დილით 6 საათზე დაიწყება. უდიდესი კონკურენციის პირობებში, სახლის გაყიდვაზე ექსკლუზიურ უფლებას უამრავი სხვა ბროკერიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებთ თუ კლიენტისთვის პასუხის გასაცემად ან სახლის საჩვენებლად კვირის ნებისმიერ დღეს გცალიათ.

რას ფიქრობ იმაზე, რომ წარმატება ამ სფეროში ხშირად „უხილავი შრომის“ შედეგია?

-ვეთანხმები, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბინის გაყიდვაზე თვეები დამიხარჯავს და გამყიდველს, სხვადასხვა მიზეზით, მისი მარკეტიდან აღების გადაწყვეტილება მიუღია. ეს ფაქტობრივად უქმად დახარჯული დროა, თუმცა მსგავს შემთხვევებს ამ სფეროში ვერსად გავექცევით.

რას ნიშნავს შენთვის კლიენტების ნდობა და ამ პროცესში მათი მხარდაჭერა?

-მანჰეტენზე სახლის გაყიდვის ან ყიდვის გადაწყვეტილებას ადამიანები დიდი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ იღებენ. ამ პროცესში ნდობის გამოცხადებას თუ სათანადოდ არ დაუფასებ კლიენტს, ის აუცილებლად ჩაგანაცვლებს სხვა აგენტით. გამყიდველსა და აგენტს შორის ხელშეკრულება დროებითია და მისი შეწყვეტაც ორივე მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია.  კლიენტის ნდობის შენარჩუნება, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ინტერესში შედის. მანჰეტენზე ძალიან ბევრი წარმატებული და გამოცდილი ბროკერი მუშაობს, რომელთა რიცხვიც გასაყიდი უძრავი ქონების რიცხვს  გაცილებით აღემატება.

როგორია ურთიერთობა კლიენტთან, რომელიც პირველად ყიდულობს სახლს?

-ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ რომ ასეთი კლიენტები უფრო მოგყვებიან პროცესში და ისმენენ რჩევებს. განსაკუთრებულად მომწონს, როდესაც ახალგაზრდა წყვილებს ვეხმარები პირველი სახლის შეძენაში. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროცესია, განცდა მეუფლება რომ მეც ჩემი მხრივ გარკვეული წვლილი შემაქვს მათი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში.

რა არის ყველაზე დიდი რამ, რაც გასწავლა ადამიანებთან მუდმივმა ურთიერთობამ?

-ადამიანებთან მუდმივმა კომუნიკაციამ მასწავლა, რომ ყველაზე პრეტენზიული კლიენტიც კი შეიძლება დადებითად განაწყო თუ შენ საქმეს მონდომებით აკეთებ. ჩვენს საქმიანობაში პერიოდულად შესაძლოა ბროკერის გარდა, ფსიქოლოგის, მეგობრის და მესაიდუმლის როლიც შეთავსებაც მოგიწიოთ.

რას ურჩევდი ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებმაც ახლახან აიღეს ლიცენზია და იწყებენ ამ სფეროში მუშაობას?

-უპირველეს ყოვლისა, წარმატებას ვუსურვებ მათ.  ხშირად მომმართავენ კითხვებით და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, სიამოვნებით ვაძლევ რჩევებს.  თითოეულ მათგანს აუცილებლად ვურჩევდი თავდაპირველად საუკეთესო ბროკერის გუნდში დაიწყონ მუშაობა, თუნდაც მოხალისედ, ვინაიდან ლიცენზიის აღება მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ეტაპია და თუ გამოცდილების შეძენა გსურთ, ეს  ამის ერთადერთი გზაა.

და ბოლოს, რა არის შენი გრძელვადიანი მიზანი ამ სფეროში?

-ამ სფეროში წარმატება ციფრებით განისაზღვრება. მთავარი მიზანი, რასაც თითოეული უძრავი ქონების აგენტი წლის დასაწყისში ისახავს, წინა წლის შედეგების გაუმჯობესებაა. ჩემ შემთხვევაშიც ასეა, გრძელვადიან პერსპექტივაში ვისურვებდი, რომ ყოველ წელს მზარდი გაყიდვების მაჩვენებელი მქონდეს და აშშ-ის წამყვანი ბროკერების სიაში მოვხვდე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0