close
ემიგრანტი

“უნდა იყოთ მზად დაუღალავი ყოველდღიური შრომისთვის” – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

სურვილი – ვიყოთ საკუთაირი საქმის პროფესიონალი, “გვიბიძგებს”, ვიფიქროთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. შეცდომების დაშვების, დაბრკოლებების გადალახვისა და სხვა სირთულეების კვალდაკვალ, შრომისა და მონდომების ფონზე, ვიღებთ შედეგს, რომელიც გვაბედნიერებს.
პაატა სარია გერმანიაში მოღვაწე ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. ის სამეგრელოში დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მიზეზებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო დაეტოვებინა და პროფესიული წინსვლისთვის უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. დეტალებზე, პაატა “დოქტრინას” ესაუბრა.

ვცხოვრობ და ვმუშაობ გერმანიაში. წლების გამავლობაში ვიყავი წამყვანი უფროსი გინეკოლოგი ქალაქ დორტმუნდის ერთერთ კლინიკაში. 2015 წლიდან გადასული ვარ კერძო (დამოუკიდებელ) სექტორში; მაქვს ქალაქ დორტმუნდში ლიცენზირებული გინეკოლოგიური კაბინეტი.

როგორც პაატა აღნიშნავს, გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება საქართველოში არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გამო მიიღო, რადგან ხედავდა, რომ სამშობლოში არ არსებობდა რესურსი, რათა ის პროფესიულად განვითარებულიყო.

დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხაში. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე 1994 წელს თბილისში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წამოსული ვარ საქართველოდან. ჩემი წამოსვლა საქართველოდან განაპირობა 90-იანი წლების საქართველოში არსებულმა ეკონომიკურ-სოციალურმა რეალობამ, სადაც პირადად ჩემთვის, სამწუხაროდ, არავითარი შანსი არ არსებობდა პროფესიული განვითარებისთვის.

მე პირადად ყოველთვის მქონდა, ახლაც მაქვს და მომავალშიც მექნება სურვილი საქართველოში დაბრუნების და პროფესიული საქმიანობის. ვნახოთ, რას იზამს ბედისწერა.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, პაატა სარია რჩევებს აძლევს იმ ადამიანებს, რომელთა გეგმებშიც უცხო ქვეყანაში წასვლა და პროფესიული წინსვლა შედის. მისი თქმით, აუცილებელია, ვიცოდეთ იმ ქვეყნის ენა, რომელსაც ვირჩევთ კარიერული განვითარებისთვის.

– აუცილებელია იმ ქვეყნის ენის ცოდნა, სადაც აპირებთ გადასვლას;
– გაარკვიეთ ამ ქვეყნის კანონმდებლობა იმ პროფესიასთან მიმართებით, რომელშიც აპირებთ მოღვაწეობას;
– საჭიროა იმ საქმის სიყვარული, რის გაკეთებასაც აპირებთ;
– უნდა იყოთ მზად დაუღალავი ყოველდღიური შრომისთვის;
– უნდა გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ოპტიმიზმი. არასდროს არ გადადოთ ხვალისთვის იმის გაკეთება, რაც დღესაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0