close
ემიგრანტი

“როცა ქართველი ხარ, გაქვს რაღაც ისეთი, რაც წარუშლელია, ძალიან ძლიერია” – საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

მოთმინება, შრომა, ლოდინი, იმედგაცრუება, შიში, შეგუება, დავიწყება – კიდევ არაერთი მახასიათებლის ჩამოთვლაა შესაძლებელი, რაც თან ახლავს პროცესს, როდესაც ადამიანი ცდილობს, დატოვოს სამშობლო და კარიერული წინსვლისთვის სხვა ქვეყანაში წავიდეს. სწორედ ასე დაიწყო ალექსანდრე ბერიძის ისტორიაც – მხატვარი საფრანგეთში ცხოვრების უკვე ორ ათეულზე მეტ წელს ითვლის. მან კარიერა საქართველოში დაიწყო და გაიარა საკმაოდ რთული გზა, რათა სამშობლოს ფარგლებს გარეთ არაერთი მნიშნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია.
საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარ წარსულზე, საფრანგეთში ახდენილ სურვილებსა და გამოცდილებაზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ალექსანდრე „დოქტრინას“ ესაუბრა.


23 წელია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ. აქ პირველი დიდი გამოფენა 2011 წელს მქონდა. ეს იყო ერთერთ ძალიან ცნობილ გალერეაში. მე მივიღე სანდრო ბოტიჩელის პრიზი – ეს იყო 2014 წელს. 2017 წელს შევხვდი ფრანგ მეცნიერებს, რომლებიც ფიქრობენ და ამბობენ, რომ მე ვარ მსოფლიოში პირველი არტისტი, რომელმაც, ასე ვთქვათ, დახატა ფიქრების პროცესი. 2023 წელს კი, მარტში „თაიმს მონაკოს“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომელმაც ჩემს მანიფესტთან დაკავშირებით გააკეთა პუბლიკაცია – სილამაზის რენესანსი – სილამაზე მთავარია მსოფლიოში და ის არის ძალა, რომელიც მამოძრავებელია.

ჩვენთან საუბრისას, ხელოვანი აღნიშნავს, რომ საქართველო მაშინ დატოვა, როცა ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, მას კი პროფესიული წინსვლა და განვითარება სჭირდებოდა. ალექსანდრე საკუთარ გეგმებზე საუბრისას განმარტავს, რომ აპირებს, საქართველოში დიდი გამოფენით დაბრუნდეს.

მე საქართველო 2000 წელს დავტოვე. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის რთული პერიოდი და მე მინდოდა, რომ განვვითარებულიყავი პროფესიულად. გამოსავალი იყო, რომ დამეტოვებინა ჩემი სამშობლო, რომელიც ძალიან მიყვარს. მე გავიზარდე საქართველოში, ვარ ქართველი და ძალიან ვარ ამ მიწის მადლობელი – მე მან ყველაფერი მომცა.
რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში  დაბრუნებას. სხვანაირად ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამ ფიქრით ვცხოვრობ. ველოდები რამდენიმე პროექტის დასრულებას და ვგეგმავ სამშობლოში დაბრუნებას დიდი გამოფენით, ეროვნულ მუზეუმში. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება და ჩამოვიტან ბევრ ცოდნას, გამოცდილებას, რომელიც ჩემს თავს გადამხდა.

მხატვარი რჩევებს აძლევს მათ, ვისაც აქვთ სურვილი, კარიერი სამშობლოს ფარგლებს გარეთ აიწყონ. ის ხაზს უსვამს სირთულეებს, რომლებიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან ახლავს.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვართ ქართველები, როცა ქართველი ხარ, გაქვს რაღაც ისეთი, რაც წარუშლელია, ძალიან ძლიერია… სხვა ქვეყანაში რომ მიდიხარ, უნდა შეეგუო იქაურობას, ადგილობრივ ყოველდღიურობას და იყო შედარებით თამამი, რაც ქართველისთვის რთულია. როცა კარიერას უცხო ქვეყანაში აკეთებ, ზოგჯერ გჭირდება, რომ რაღაცეები დაივიწყო, რაღაცაზე უარი თქვა, რაც არ არის მარტივი ქართველისთვის.
ნებისმიერმა ქართველმა, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტს, არ უნდა დაივიწყოს, რომ არის საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს ელჩი და არ უნდა გააკეთოს რაიმე ისეთი, რაც მას შეარცხვენს და ასევე შეარცხვენს მთელს ქვეყანას. ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0